გამოვრიცხავ ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვას, ამ საკითხზე უკვე დაწყებულია გამოძიება, რომლის წარმატებით დასრულება, პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესში უნდა იყოს, – ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასა და მიმდინარე გამოძიებას.
“მე სიფრთხილით მოვეკიდებოდი ყველა ასეთი ტიპის განცხადებას, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების თუ მედია-საშუალებების მხრიდან, იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ყველა არჩევნები შეფასდა როგორც გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ეს არის ჩვენი პოლიტიკურ ძალის ხელწერა და განაცხადი”, – აღნიშანა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, დამატებით ეჭვს იწვევს, არასამთავრობოების მხრიდან არაპირდაპირ წყაროზე დაყრდნობით გაკეთებული და მოგვიანებით შეცვლილი განცხადებები. მაია ცქიტიშვილის თქმით, აუცილებელია ყველამ ხელი შეუწყოს არჩევნების გამჭვირვალობას და გამოძიების ობიექტურად ჩატარებას.
აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
info9.ge