იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების, პროკურატურის მუშაობისა და თანამდებობის დატოვების შესაძლებლობის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ილაპარაკა. წულუკიანის კომენტარს “იმედინიუსი” ავრცელებს.
“თუ კი ამ რამდენიმე ორგანიზაციას ხელისუფლებაში ყოფნა, ჩემს ადგილას ყოფნა სურს, ამის საუკეთესო გზა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაა, იმისთვის, რომ ერთმანეთს არჩევნებში შევეჯიბროთ”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანი ამბობს, ის დღემდე ფიქრობს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა შეცდომა იყო. მინისტრი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც უნდა თქვას, სწორად ცნო თუ არა საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მიერ ბრალდებული უდანაშაულოდ.
8 ივნისს იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომლითაც არასამთავრობოების ნაწილმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
metronome.ge