სამხრეთ ოსეთი არც არაღიარებულია, არც ნაწილობრივ აღიარებული – მასე ყველა ქვეყანა ნაწილობრივ აღიარებულია“

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამომავალი გამოცემა „მე–15 რეგიონი“ დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუს აქვეყნებს. 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებად იგი სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აღიარებასა და რუსეთის მიერ აღიარების 10 წლის იუბილეს ასახელებს.

ამასთან, ბიბილოვი არაღიარებული და ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნების კავშირის ჩამოყალიბების იდეას არ ემხრობა და განმარტავს, რომ „სამხრეთ ოსეთს არც ერთს მიაკუთვნებს და არც მეორეს“:

„ყველა სახელმწიფო ამა თუ იმ დოზით ნაწილობრივ არის აღიარებული, ამიტომაც მე სამხრეთ ოსეთს არც არაღიარებულებს მივაკუთვნებ, არც ნაწილობრივ აღიარებულებს. სადღეისოდ რომ არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ ვყავდეთ აღიარებული, რუსეთის გარდა, მაინც არ ჩავთვლიდით თავს დაჩაგრულებად. რა თქმა უნდა, ნიკარაგუას, ვენესუელის, ნაურუსა და სირიის აღიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის – ჩვენი სახელმწიფოს შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, თუმცა მშვენივრად გვესმის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია“.
accent.com