მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიისთვის ტომოსს 27-29 ნოემბრის კრებაზე დაამტკიცებს”

მსოფლიო საპატრიარქოს სინოდი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიისთვის ტომოსს 27-29 ნოემბრისთვის დაგეგმილ კრებაზე დაამტკიცებს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, – იუწყება “უკრინფორმი”.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ დეკემბერში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიაში პირველი კრება გაიმართება.

სხვა წყაროებით პოროშენკოს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტომოსს უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ უკრაინული ეკლესიის ახალი ლიდერი მიიღებდა, რომელიც გაერთიანებულ კრებას კიევის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის იერარქებიდან უნდა შეერჩია.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქომ გადაწყვიტა, უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალია მიენიჭებინა და გაეუქმებინა კიევის მიტროპოლიის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მიერთება, რომელიც 1686 წელს განხორციელდა. პროტესტის ნიშნად რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლთან ურთიერთობების გაწყვეტით დაიმუქრა.

უკრაინაში ამჟამად რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს. მათგან უმსხვილესი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიაა. მოქმედებენ ასევე კიევის საპატრიარქო და “უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია”. accent.com