ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული, მათ უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული პირველადი ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა ყველა სახელმწიფო სერვისზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წნორში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბრად განვითარების საშუალება და შესაბამისად, თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნას ცხოვრების თანაბარი პირობები.
“მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით ჩვენ თანამიმდევრულად მივდივართ წინ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს წნორში ვხსნით საზოგადოებრივ ცენტრს, რაც ნამდვილად კარგი საჩუქარია წნორის მოსახლეობისთვის. ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველყოფს ზუსტად ისეთივე ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფას, როგორც ეს ხდება ჩვენს დიდ ქალაქებში. ამავე დროს, იქნა გათვალისწინებული თქვენი მოთხოვნა და ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს ამ ცენტრს დამატებული, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეიდან წნორელებს საშუალება ექნებათ, წნორიდან გაუსვლელად საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება მიიღონ, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება, ეროვნულ არქივზე წვდომა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისები.
“ასევე სასიხარულოა, რომ კერძო სექტორიც წარმოდგენილი იქნება ამ ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ცენტრში ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკაზე, მათ შორის – ელექტრონულ წიგნებზე, კომპიუტერებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე, რომელიც საინტერესოა ახალგაზრდებისთვის. კარგია, რომ ამავე დროს იქნება შეხვედრების დარბაზი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრებიც ჩატარდეს დღეიდან წნორში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისთვის, ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, რომლებიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, 24-საათიანი უფასო უკაბელო ინტერნეტითა და “სკაიპის” ოთახით. ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ხელმისაწვდომია ბეჭდური გამოცემებიც.
“საზოგადოებრივ ცენტრში, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისათვის, 30 ადამიანზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, რომელიც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარების, ასევე, ფილმების ჩვენების ორგანიზების საშუალებას იძლევა”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
info9.ge