ხვალ, თბილისში ერთდროულად ორი აქციაა დაანონსებული

ხვალ, თბილისში ერთდროულად ორი აქციაა დაანონსებული – თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსი” „ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ მართავს აქციას, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია გაიმართება, რომელიც 15:00 საათზეა დაანონსებული.

ამგვარად, ხვალ რუსთაველზე შეიქმნება სიტუაცია, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ორი მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ერთამენთთან საკმააოდ ახლოს, რამდენიმე ასეულ მეტრში იქნება კონცენტრირებული. ანალიტიკოსთა ნაწილი, ისედაც დაძაბული წინასაარჩევნო ატმოსფეროს ფონზე, ამას განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პროვოკაციული ქმედებების შედეგად ხვალ რუსთაველზე შეტაკების პროვოცირება მოხდეს.

„ზომების მიღებაა საჭირო. თვითონ აქციის მონაწილები არ იქნებიან მონდომებული, რომ რაღაც ცუდი მოხდეს, მაგრამ როდესაც ორი აქცია ტარდება და ერთმანეთთან არცთუ ისე დაშორებით, დიდია იმის ალბათობა, რომ გამოჩნდნენ პროვოკატორები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდანაც,” – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსსთან” საუბრისას.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხვალ თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა და სწორედ მის პატისაცემად იმართება ეს აქცია. ხელისუფლებისთვის ეს კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რომ შვილმოკლული მამები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

„ხვალ არის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე, მის პატივსაცემად ვმართავთ დიდ აქციას. ამასთან ერთად, ხელისუფლებას კიდევ შევახსენებთ, რომ იქ ვართ და ყურადღება მოგვაქციონ. სამართალი აუცილებლად აღდგენილი უნდა იყოს.

„ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. რაღაც საეჭვოა, ამ ხელისუფლებამ რამე ნაბიჯი გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან მოხდა. ასევე, ჩემი შვილის მკვლელებსაც ხელისუფლება აფარებს ხელს,” – განუცხადა „ინტერპრესნიუსს” სარალიძემ.

ძაბირაძის თქმით, ყოველგვარი პროვოკაციული მცდელობის აღსაკვეთად საჭიროა სამართალდამცველების მობილიზება, რომელსაც ხვალინდელ აქციებზე ადგილი აუცილებლად ექნება.

„ამ შემთხვევაში უნდა იმუშაოს პოლიციამ. გასაგებია, რომ დიდი მანძილი არ არის, მაგრამ პოლიციის კორდონი უნდა იყოს იმისათვის, რომ ყოველგვარი პროვოკაცია, ერთმანეთთან მიახლოება და რაღაც პრობლემები აღიკვეთოს. შესაბამისად, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე.

„სხვა მხრივ, რაღაც ისეთ დაძაბულობას არ ველოდები, თუმცა პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. მითუმეტეს ბოლო პერიოდში დაძაბულობის მხრივ ტემპერატურა საკმაოდ მაღალია,” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
nevs.coa