რუსეთის საგარეო უწყება: მტკიცე პროტესტს გამოვთქვამთ უკრაინის საზღვაო ძალების მიერ შავ ზღვაში მშვიდობიანი ნაოსნობის წესების უხეში დარღვევის გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე პროტესტს გამოთქვამს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შავ ზღვაში მშვიდობიანი ნაოსნობის წესების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. 
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მკაცრად აღკვეთს მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფას.

“გვსურს გავაფრთხილოთ უკრაინული მხარე, რომ აშშ და ევროკავშირთან კოორდინაციაში კიევის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირებაზე, სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. რუსეთის ფედერაცია მკაცრად აღკვეთს მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ნებისმიერ ხელყოფას”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.

არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.
info9.ge