საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მოსკოვში მოარული ქართველი დეპუტატების ინიციატივებზე განსხვავებულად რეაგირებენ: სოხუმი – დაცინვით, ცხინვალი კი – დუმილით. საერთო ერთია: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან” კოლაბორაციაში შესვლას ჯერ-ჯერობით არც ერთი ჩქარობს, არც მეორე.
თუ მოსკოვში მორიგი ვოიაჟიდან დაბრუნებულქართველ დეპუტატებს დავუჯერებთ,სეპარატისტებთან შეხვედრა ჯერ კიდევ 22 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენციის «დსთ-ის ქვეყნების პარლამენტთაშორის თანამშრომლობაში პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების ფრაქციების ურთიერთქმედების როლი” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც 27 დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის – ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
ცნობილია ასევე, რომ ოსურ დელეგაციას დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი პეტრე გასიევი ხელმძღვანელობდა, ქართულში კი “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები გიორგი ლომია და ადა მარშანია შედიოდნენ.
ქართველმა მონაწილეებმა ფორუმის ფარგლებში სეპარატისტებთან შეხვედრას “მოლაპარაკებები” უწოდეს. “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმალიდერმა დავით თარხან-მოურავმა სატელევიზიო გამოსვლებისას ეს ფაქტი “პოლიტიკურ წარმატებად” შეაფასა,ხოლო მისმა კოლეგამ ირმა ინაშვილმა გასული კვირის ბოლოს ბათუმში გამართულ აქციაზე “არა მიშას” გამოთქვა მზადყოფნა, აფხაზებს და ოსებს პირდაპირი დიალოგისთვის “ნებისმიერ ადგილზე შეხვდეს – მოსკოვში, ბრიუსელში, ან თუნდაც სოხუმში”.
სოხუმიდან ინაშვილის ინიციატივას პასუხი მალევე გასცეს, თუმცა არა ისეთი, როგორსაც “პატრიოტთა ალიანსი” ისურვებდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, სოხუმს “დიდი ხანია, იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული მსგავს პოპულისტურ წინადადებებზექართველი პოლიტიკოსების მხიდან, რომლებშიც პერიოდულად აფხაზების მიმართ რომანტიული გრძნობები იღვიძებს, განსაკუთრებით – წინასაარჩევნოდ”.
“სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ვერც ერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენს რეგიონში შექმნილი რეალობის ადექვატურად შეფასებას შეძლებდა. მინდა, ვურჩიო ქართველ კოლეგებს, ბოლოს და ბოლოს, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმწიფე და მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – აღიარონ აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა» – დაწერა კოვემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პირად გვერდზე.
და მართალია, გუშინ “აქცენთან” საუბრისას ირმა ინაშვილმააფხაზების მსგავსი პასუხი “ნაციონალების” ხრიკების შედეგად” მისი ინიციატივის სოხუმამდე “დამახინჯებულად ჩაღწევას”მიაწერა , თუმცა მოგვიანებით “აფხაზეთის მეგობრების ლიგის” წევრებთან შეხვედრაზე დაურ კოვემ იგივე გაიმეორა და მოუწოდა “აფხაზეთის მეგობრებს”, “როგორმე გააგებინონ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მათი მხრიდან აფხაზეთის აღიარება იქნება”.
ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა კი მოსკოვში ვიზიტისა და იქ რიგ ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის თაობაზე ოსური მმართველი პარტიის ე.წ. საპარლამენტო დელეგაციის ანგარიშს ამ დრომდე უშედეგოდ ელის. ოსი ე.წ. დეპუტატები ამ თემაზე ამ დრომდე დუმილს ამჯობინებენ. შესაბამისად, სიტყვა არ გამოქვეყნებულა მოსკოვურიშეხვედრის შესახებ არც ერთ ოსურ მედიასაშუალებაში, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების ტოტალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული.
ცხინვალში მოსკოვური შეხვედრის შესახებ ქართული სატელევიზიო არხებიდან შეიტყვეს, რომელსაც ადგილობრივთა ნაწილი მუდმივადადევნებს თვალს.
ოსი ე.წ. დეპუტატების მსგავსი კონსპირატიულობა ოს ბლოგერალან პარასტაევს ორგვარ ვარაუდს უჩენს:
«ან ეს [ქართველებთან შეხვედრა] გასიევის მორიგი სპეცდავალება იყო [ადრე გასიევმა აღიარა, რომ წარსულში ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული ფონდის – “ღია საზოგადოება – სამხრეთ ოსეთის” ხელმძღვანელობისას რუსეთის КГБ-ს თუ ФСБ-ს დავალებით მოქმედებდა] და მას, როგორც КГБ-ს აგენტს, უნდა გაერკვია, რას აკეთებდნენ მოსკოვში ქართველები. ან კონსპირაციას სხვა მიზეზი აქვს: ადგილობრივი ბიუროკრატები და სპეცსამსახურები მეტისმეტად დიდხანს ადანაშაულებდნენ ღალატში ოსური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სწორედ ქართველ კოლეგებთან შეხვედრების გამო და ახლა, უკვე ხელისუფლების წარმომადგენლის რანგში გასიევს არ სურს, კვლავ მსგავსი დარტყმის ქვეშ მოექცეს”.
რუს პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევის შეფასებით კი,“მართალია, “პატრიოტთა ალიანსი” საქართველოს არათუ მმართველი,მთავარი ოპოზიციური ძალაც კი არ არის, თუმცა ეს [ქართველი დეპუტატების შეხვედრა ოს ე.წ. კოლეგებთან] მაინც პრეცედენტია და პარტიას შეუძლია, იგი თავის აქტივში ჩაიწეროს”:
“მათ შეუძლიათ, თქვან, “სანამ ყველა დანარჩენი ლოზუნგებს ისვრის, ჩვენ რეალურ პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი გვაქვსო”,რასაც ამომრჩეველთა, სულ მცირე, ნაწილი მაინც დადებითად შეაფასებს”.
ამასთანავე, სილაევის აზრით, ბევრი რამ აქ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენენ ამ შეხვედრას ოსი ე.წ. დეპუტატები: “მოინდომებენ ისინი, გაურთულონ ქართველ “პატრიოტებს” მდგომარეობა, თუ არა”:
«მათ [ოს ე.წ. დეპუტატებს], რა თქმა უნდა, შეუძლიათ, ამ შეხვედრაზე საუბრისას აქცენტები ისე დასვან, რომ მათმა ქართველმა კოლეგებმა ამ ფაქტიდან სარგებელი ვერ გამოიტანონ. ან მეტი აკურატულობა გამოიჩინონ – მაშინ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული შედეგიც გამოიღოს».
P.S. ამ მასალის გამოქვეყნებიდან ორიოდ საათში ოსურმა დე ფაქტო პარლამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მოსკოვში ოს დეპუტატებს ქართველებთან არანაირიშეხვედრა არ გაუმართავთ და ამის საწინააღმდეგო შინაარსის მტკიცებები “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების მხრიდან “ქართველი პოლიტიკოსების თვითპიარია”:
“სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ვერ იქნებაპასუხისმგებელი ქართველი პოლიტიკოსების ჩვეულ თვითპიარზე,თეატრალიზებულ გამოხტომებსა და რეალობის დამახინჯების მცდელობებზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენლებს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრებთან არანაირი შეხვედრები არ გაუმართავთ”.
accent.com