ნაციონალური მოძრაობა” ხვალ რუსთაველზე მხარდამჭერებს ელოდება. სააკაშვილის გუნდი ქუჩაში გადის.
როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ხვალ რუსთაველზე 50 ათასზე მეტ მოქალაქეს ელოდებიან.
“ნაციონალური მოძრაობა” სრულ მობილიზაციას აცხადებს. ხალხი რეგიონებიდან ჩამოჰყავთ. მინიმუმ, 50 ათასზე მეტ მხარდამჭერს ელოდებიან აქციაზე. მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კი არა, საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება იქნება. ევროპაში მყოფი რამდენიმე ბიზნესმენი სრულად დააფინანსებს ამ აქციას, რომელიც ხვალ დაიწყება და პერმანენტული ხასიათი ექნება. საუბარია მილიონებზე”, – განუცხადა “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ.
აქციის ორგანიზატორი “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლების თქმით, ხვალინდელი აქცია სრულად იქნება მოქცეული კონსტიტუციის ჩარჩოებში.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კვირას მათ მიერ დაგეგმილი აქცია ოპოზიციის მხარდამჭერების მოთხოვნით ტარდება. ვაშაძის თქმით, ამ დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო გარემოს შეცვლას მოითხოვენ.
“კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას. ჩვენი მოთხოვნები გაჟღერებულია – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემოს სრული ცვლილება. ეს არის იმ უკანონობების აღმოფხვრა ქვეყანაში, რაც ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რასაც ვერ დავარქმევთ ვერც დემოკრატიას, ვერც არჩევნებს. ჩვენ ვაქვს აბსოლუტურად რაციონალური და სწორი მოთხოვნები.
და რაც ყველაზე მთავარია, მაქვს კითხვა „ქართულ ოცნებასთან“ – რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ ამ რთულ მდგომარეობას, რაშიც არის ქვეყანა. რა არის მათი გზავნილი. ისევ ასე აპირებენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად? – ისევ ისე აპირებენ გაგრძელებას?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ვერ ცნობს ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად.
“ამ არჩევნებს მთავარი ლეგიტიმაცია სჭირდება იმ 800 ათასი ადამიანისგან, ვინ ჩვენ და გრიგოლ ვაშაძეს დაგვიჭირა მხარი. ჩვენ ვერაფრით დავუშვებთ, რომ ეს იყოს ლეგიტიმური. არ შეიძლება, ქართული არჩევნების სტანდარტად იქცეს ის, რაც ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში – აბსოლუტური, ტოტალური უკანონობა, მოსყიდვა, ყველა კანონის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერაფრით ვერ ვცნობთ, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, მან აქციების დაწყებაც დააანონსა საკუთარ გუნდის წევრებთან ერთად.
“ჩვენ არჩევნები მოგვპარეს. ჩვენ არჩევნები მოვიგეთ. მე ვამაყობ ჩვენი კანდიდატით, გრიგოლ ვაშაძით. დასავლეთი გვეუბნება, თუ გაქვთ თავი გამოდით და დაამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგიძლიათ გაყალბების წინააღმდეგ. როგორც ეს 2003 წელს დაამტკიცეთ, როგორც სომხეთმა დაამტკიცა მარტის თვეში და თუ ჩვენ დედის რძესავით შევირგებთ ამ ძალადობას, ის აუცილებლად გაგრძელდება და შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამიტომ ჩვენი მშვიდობის, ჩვენი შვილების მომავლის, ჩვენი სტაბილურობის დასაცავად, ხვალ ყველანი რუსთაველზე. ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლა წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩავკიდოთ ერეთმანეთს ხელები, ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ვაჩვენოთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა ერთად, აბა თქვენ იცით“, – მოუწოდა მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ხვალ 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია მშვიდობიან აქციას გამართავს რუსთაველის გამზირზე. გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
2020NEWS.GE. nevs.coa