შსს-ში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სამართალდამცველები მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს რუსთაველის გამზირზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს დაიცავს აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს.

„რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

„აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
1tv.ge ეკა ბესელია: საეჭვო გარემოებაა – რა კავშირი აქვს უკრაინის მოქალაქეების ჩამოსვლას:
“გამიჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რატომ და როგორ დაემთხვა ან რა მიზანს ემსახურებოდა იმ ადამიანების ჩამოსვლა ქვეყანაში დღეს, ამ აქციის პარალელურად, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სამხედრო შენაერთებს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების პროცესთან დაკავშირებულ პირებს”, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ გუშინდელ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის დროსაც უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს.
ბესელიას თქმით, აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხები სჭირდებათ.
“ეს არის ძალიან საყურადღებო. მე გამიჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რატომ და როგორ დაემთხვა ან რა მიზანს ემსახურებოდა იმ ადამიანების ჩამოსვლა ქვეყანაში დღეს, ამ აქციის პარალელურად, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სამხედრო შენაერთებს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების პროცესთან დაკავშირებულ პირებს. ბუნებრივია, საეჭვო გარემოებაა, რა კავშირი აქვს მათ ჩამოსვლას ამ დაგეგმილ აქციასთან და იმ პროვოკაციებთან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” აპირებდა და შეიძლება, კიდევ აქვთ ეს განზრახვა, ამიტომ, ეს კითხვები არის და პასუხი სჭირდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული. დაკავებულებს შორისაა დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო – ლუკა ჩხეტია, რომელიც ოჯახის წევრების განცხადებით, თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
kvira.ge