თეთრი სახლი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაფორმალური შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„პრეზიდენტმა ტრამპმა და პირველმა ლედიმ, სადილზე, მსოფლიო ლიდერებთან მთელი რიგი არაფორმალური საუბრები გამართეს. მათ შორის იყო პრეზიდენტი პუტინიც“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერმა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სამიტის ფარგლებში ტრამპსა და პუტინს შორის მოკლე კონტაქტი იყო. ავტორი – გივი ბარამიძე. 1tv.ge
ვლადიმერ პუტინი – უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება არ განიხილება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ბუენოს აირესში, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რუსეთის ლიდერის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინელი მეზღვაურების გაცვლის საკითხი კიევს არ დაუყენებია.
„ახლა ამის დრო არ არის. ჯერ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ უკრაინელების ქმედებები პროვოკაცია იყო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს რუსმა მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში მოძრავ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ ეკიპაჟის წევრები და ხომალდებიც დააკავეს. კიევი რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს. მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ პროვოკაცია უკრაინამ მოაწყო და უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
„უკრაინამ საომარი მდგომარეობა იმ 10 რეგიონში გამოაცხადა, სადაც ბატონ პოროშენკოს მხარს არ უჭერენ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობამ ქვეყანა და ხალხი ორ ნაწილად – მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. გუშინ კი რუსეთის ლიდერმა მოლაპარაკებები გერმანიის კანცლერთან გამართა. ანგელა მერკელთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქერჩის სრუტის კრიზისის დარეგულირებას „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში შეეცდებიან.
ავტორი – ლევან ახალაია 1tv.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი