“მოსახლეობა არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს”

სოსო ცინცაძე – “მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს”

“ქართული პოლიტიკის ახალი ეტაპი იწყება – ავტომატურად სალომე ზურაბიშვილი უკანა პლანზე გადავა – ჩატარდება ინაუგურაცია, შევა ორბელიანების სასახლეში და მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არავინ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს.  – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“შეუძლებელი დაპირებები იყო – ერთ წელიწადში რა უნდა მოასწროს?! საკადრო ცვლილებები კი ბატონო – შეუძლია შეცვალოს პრემიერი, ეკონომიკის, განათლების მინისტრი და ა.შ., მაგრამ მშიერი ხალხის მაცივრები ხომ არ გაივსება ამით! დღეს ოპოზიციის აქტივში არის 800-ათასიანი ელექტორატი. ეს არის ელექტორატი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგია. რაც შეეხება ზურაბიშვილის მილიონზე მეტ ამომრჩეველს, მან სხვა სხვადასხვა მიზეზით მისცა. ეს მილიონზე მეტი ამომრჩეველი არ არის “ოცნების” ერთგული, იდეური ამომრჩეველი. ეს ყველაფერი წინაპირობაა იმის, რომამ ყველაფერმა მძიმე კვალი დატოვის ამ წელიწადნახევარში, ახალ არჩევნებამდე. ახლა ხალხი ივანიშვილისგან სამართლიანობის აღდგენას არ ელოდება, ახლა მშიერი ხალხი დანაყრებას ელოდება. საპარლამენტო არჩევნებზე “ოცნებას” გაუჭირდება, რადგან შეუძლებელია ამ დაპირებების შესრულება, ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ამიტომ იყო სარისკო ეს დაპირებები. დღეს ოპოზიციამ წააგო, მაგრამ თუ სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებს, ამ წელიწადნახევრის შემდეგ მეტი შანსი ექნება – ეს დრო მთლიანად ოპოზიციის სასარგებლოდ და ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“ივანიშვილი გარემოცვას ვერ მოიშორებს – ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნებაა საჭირო, ბევრი ფაქტორი მუშაობს, ასე მარტივი არ არის.

ახლა ყველაზე საინტერესო პოლიტიკური პროცესი იწყება და მოდით ასე ვთქვათ, ახალი პოლიტიკური ხვეული არავითარ კავშირში არ იქნება ზურაბიშვილთან – მთავარი პოლიტიკა სულ სხვაგან იქნება. ამ არჩევნებმა ერთი მნიშვნელოვანი კვალი ნამდვილად დატოვა: ხალხი მიხვდა, რომ ძალაუფლება მის ხელშია, რომ ის არის ძალაუფლების წყარო. რიგითი ადამიანი მიხვდა, რომ თუ ხელისუფალს უჭირს, ის აუცილებლად დასჭირდება”-აცხადებს ცინცაძე.

ავტორი: გურიის მოამბე