სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, თბილისში, პარტია “სამოპომოშის” დეპუტატი სემიონ სემენჩენკო იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით გაიქცა, – ამის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა იური ბირიუკოვმა დაწერა.
“სხვადასხვა სახის კონტაქტები მაქვს და დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან ჩაგვითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მიატოვა და ბოლო მომენტში გაიქცა”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი ძინძია. მისი თქმით, სემენჩენკო იმის გამო არ დააკავეს, მას დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა” და “ალიანსში” ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
“გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა” და “ალიანსში” ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
info9.ge