„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ლომიას განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილს ხალხისგან სრული ლეგიტიმაცია არ აქვს, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ეხმაურება. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ გრიგოლ ვაშაძის დასამარცხებლად დაახლოვდნენ, ახლა კი აღნიშნულ პოლიტიკურ ძალებს საერთო აღარაფერი აქვთ და ამიტომ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ექსპერტის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ეცდება, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ნეგატიურად განწყობილი მოქალაქეების მხარდაჭერა თავად მოიპოვოს.
„მეორე ტურის წინ ეს იყო საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაერთიანება, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არალეგიტიმურად გამარჯვებული მხარეა და ყველა ბინძური მეთოდი იხმარა, რომ შედეგისთვის მიეღწია, პირველად მიზანს მიაღწია. ახლა მათ საერთო მოწინააღმდეგე, რომლის დამარცხებაც არის საჭირო, აღარ აერთიანებს. ამიტომ ახლა დაიწყება შიგნით ფრაგმენტირების და დაპირისპირების პროცესი, რაც გარდაუვალია ისეთ ჯგუფებში, რომელთაც არაფერი აერთიანებთ, გარდა იმ დროებითი საერთო მიზნისა. ახლა მიშას კანდიდატი დასამარცხებელი არ ჰყავთ და ერთმანეთს დაერევიან… ოპოზიციური კარტის თამაში ახლა ირმა ინაშვილს აწყობს იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოება, რომელიც ხალხს ყველაფერს დაჰპირდა და ვერ შეასრულებს, სახიფათოა,“- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
pirveliradio.ge