რაში დასჭირდა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა?“

საკონსტიტუციო სასამართლომ მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ. ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელ მოქალაქეებს 16 დეკემბრამდე ექნებათ საშუალება  სასოფო-სამეურნეო მიწები დაირეგისტრიტონ. ვინ და რამდენი უცხოელი მოასწრებს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და, შესაბამისად,  ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, მიწის დარეგისტრირებას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

როგორც კომერსანტმა გაარკვია გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა დამენიასთვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ  მისთვის გაუგებარია რაში დასჭირდა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა?

 

ლაშა დამენია კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში საკმაოდ დაბალია და რაც დრო გადის უფრო და უფრო მცირდება. მისი თქმით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას, რათა  მოხდეს სოფლის მეურნეობის გაძლიერება და ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება:

 

„ვთვლი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ეკონომიკის გაძლიერებისთვის აუცილებელია ხელი შევუწყოთ ინვესტიციების  შემოსავალს. ამის კონკრეტული მაგალითი არის სამეგრელოში ფერერო, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. კომპანიამ ბევრია ადამიანი დაასაქმა და ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შეაქვს. ხელშეწყობა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იყოს საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნები, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ სოფლის მოსახლეობას არ წაართვან დასამუშავებელი მიწები. ეს ყველაფერი კი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს გამოიწვევს“, – აცხადებს ლაშა დამენია.

 

ლაშა დამენიასაგან განსხვავებით საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია აგრარულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას:

 

„ეს გადაწყვეტილება პირველი არ არის, ამის პრეცედენტი უკვე იყო პრაქტიკაში და სწორედ პრეცედენტით იხელმძღვანელეს მოსამართლეებმა. ამიტომ ახალს ვერაფერს ვიტყვით. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ 16 დეკემბერს ახალი კონსტიტუციის თანახმად ჩნდება ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვას უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. ამასთან ახალი კონსტიტუცია ასევე მიუთითებს ახალ ორგანულ კანონზე, რომელიც დაარეგულირებს ამ ურთიერთობებს. ამიტომ რამდენიმე დღის ინტერვალში მე არ ველი განსაკუთრებულ ცვლილებებს. პროცედურულად ეჭვი მეპარება რაიმე ისეთი ტრანზაქცია გაიპაროს, რამაც შესაძლოა ამ მიდგომას ხელი შეუშალოს“,—  აცხადებს ოთარ დანელია.

 

აგრარულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ  ახალი კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს. ოთარ დანელიას თქმით, საკითხი შესწავლილი და გაანალიზებულია შესაბამისად ამ ნაწილში რისკები არ არსებობს.

 

„პირველი რაც მნიშვნელოვანია და არის სრულ თანხვედრაში კონსტიტუციასთან არის ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში პრივატიზება იზღუდება. პრივატიზების შესაძლებლობა ექნებათ იურიდიულ პირებს, რომელშიც მინორიტარი გახლავთ უცხო ქვეყნის სუბიექტი. მემკვიდრეობის საკითხი თავისთავად რჩება, ამას ჩვენ ვერ შევეხებოდით.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება შესაბამისი ორგანო, რათა სწორად მოხდეს ინვენტარიზაცია მიწის ნაკვეთების, რადგან წლების მანძილზე არ ხდებოდა რეესტრის წარმოება ვგულისხმობ მიწის შესაბამის სტატუსებს“, — განმარტავს ოთარ დანელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ანალიტიკოსი ბაჩო ჯინჭარაძე აცხადებს, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებზე უპირობოდ არ უნდა გასხვისდეს მისი თმით, გასხვისება საინვესტიციო ვალდებულებებით, საინვესტიციო პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს.

 

„თუ მიწის გასხვისება მოხდება, ის აუცილებლად საინვესტიციო ვალდებულებებით უნდა იყოს დატვირთული, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ მიწის საკითხი გამოირიცხება სპეკულაციისგან და ექნება დანიშნულება, რაც გულისხმობს მოვლას, მასზე სხვადასხვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მოყვანას“, —აცხადებს ბაჩო ჯინჭარაძე.

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ანალიტიკოსი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლებამ ადეკვატური საკანონმდებლო ბაზა უნდა დაუპირისპიროს:

 

„ქვეყანაში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე რომ მოვიზიდოთ ინვესტიცია, არსებობს მორე მეთოდი რასაც იჯარით გაცემა ჰქვია. როდესაც მთავრობა კანონპროექტს შექმნის აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს უცხო ქვეყნის პრაქტიკა და მიწები უპირობოდ არ გადავცეთ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“, -განმარტავს ბაჩო ჯინჭარაძე.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილის თქმით,  კიდე ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი არა კონსტიტუციური იყო. „კომერსანტთან“ საუბარში ზაქარაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ჯდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკის ჩარჩოებში.

 

„საკონსტიტუციო სასმართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2012 და 2014 წელს იყო. 2012 წელს გაუქმდა აკრძალვა მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე, ხოლო 2014 წელს მორატორიუმი გაუქმდა. არც ერთ შემთხევაში სახელმწიფოს მხრიდან არ დასაბუთდა საფრთხეები, რეალური რისკების შემცველი ფაქტორები და ის, რომ პრაქტიკულად აბსოლუტური აკრძალვა მივიღეთ, სწორედ ეს გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზი.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური აკრძალვა არის არაკონსტიტუციური, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ თუ ის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას მნიშვნელოვან რესურსად ჩათვლის, შეიმუშავოს სხვადასხვა რეგულაციები, თუმცა არა აბსოლუტური აკრძალვა.  თეონა ზაქარაშვილის თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი საქართველოს ყოფილ მოქალაქეებსაც  არ აძლევდა საშუალებას მიეღო თავიანთი წინაპრების ქონება.

 

„საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან რაც არაკონსტიტუციურია არსებული კონსტიტუციის ფარგლებში  ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად და არ უნდა დაველოდეთ ახალი კონსტიტუციის და ახალი რეგულაციები ამოქმედებას. რაც შეეხება ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას, აქ მთავარი არის ის, რომ მიუხედავად აკრძალვისა, რომელიც კონსტიტუციაში ჩაიწერება, დამუშავდება ახალი კანონი, რომელიც გარკვეულ პირობებს , საფუძვლებს და მოთხოვნებს დააწესებს, ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ საკუთრებაში მიწას“, — განმარტავს თეონა ზაქარაშვილი.
ავტორი: ბაჩო ადამია. commersant.ge