მორიგი შანტაჟი – რუსეთი ევროპას ბირთვულ უდაბნოდ გადაქცევით ემუქრება

აშშ-ის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთს 60 დღეს აქვს იმისათვის, რათა „საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების” პირობები შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი შეთანხმებას დატოვებს, მოსკოვიდან მუქარანარევი განცხადებები გამოიწვია.

საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თუკი აშშ შეთანხმებას დატოვებს, მოსკოვი იძულებული იქნება საპასუხო ზომები მიიღოს და „რუსეთი აკრძალული ბირთვული იარაღის წარმოებას დაიწყებს”.

რუსმა ექსპერტებმა კი დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ევროპას „ბირთვული უდაბნო” ემუქრება.

სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი „იზვესტიასთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ შეთანხმებიდან გამოსვლის შემთხვევაში ამერიკა პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტებს განალაგებს, რაც ამ ტერიტორიებს სამხედრო პლაცდარმად გადააქცევს და მათ მოსახლეობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

“ნებისმიერი მათგანი პოტენციური ბირთვული უდაბნო ხდება”, – ამბობს რუსი ექსპერტი.

 

„ნებისმიერი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო, რომელიც ასეთ რაკეტებს განათავსებს, მსოფლიო რუკიდან თავად წაიშლება. ხოლო პოლიტიკოსები, რომლებიც დაჟინებით იწვევენ აშშ-ს სამხედროებს, პოტენციურად საკუთარ მოსახლეობას ატომური წვიმისთვის იმეტებენ. ასეთ ვითარებაში ამ ქვეყნების სამოქალაქო პირები მძევლებიც კი არ არიან. ისინი არიან მძევლები, რომლების დახვრეტაც დაიწყეს,” – მიიჩნევს ექსპერტი.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ვაშინგტონს საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების დატოვება სურს. რამდენიმე დღის წინ კი ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და 60 დღე მისცა, რათა ხელშეკრულების პირობების შესრულება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეთანხმების დატოვებით დაიმუქრა.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ აშშ ამ ბრალდებებს ხელშეკრულების დატოვების მიზეზად იყენებს და ისინი სიმართლეს არ შეესაბამება.

„როგორც ჩანს, ამერიკელ პარტნიორებს სჯერათ, რომ სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ მათაც უნდა ჰქონდეთ ასეთი იარაღი. რა იქნება ჩვენი პასუხი? მარტივია – ამ შემთხვევაში, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ,” – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ამ შეთანხმებით აკრძალული იარაღი ბევრმა სხვა ქვეყანამ შექმნა.

მცირე და საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღს შეთანხმებას საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ ცივი ომის დროს, 1987 წელს მოაწერეს ხელი ევროპაში ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით. ამ ხელშეკრულებით აკრძალულია საშუალო და მცირე ზომის, 1000-დან 5500 კილომეტრამდე რადიუსის, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წარმოება. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

რეზონანსი