განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ალან ტარიოვსკის და ცეზარ სანჩოს შეხვდა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მსოფლიო ბანკის საქმიანობის ისეთი მთავარი მიზნის განხორციელებისთვის, როგორიცა უკიდურესი სიღარიბის დაძლევა, გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
გუგული მაღრაძემ სტუმრებს გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობა გააცნო, რაც მისი თქმით, დადებითი გავლენას ახდენს ქალთა შორის უკიდურესი სიღარიბის დაძლევაზე.
„გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში სიღარიბის დაძლევა არის ნომერ პირველი მიზანი და გენდერული თანასწორობა ნომერ მეხუთე მიზანი, რაც მოწმობს იმას რომ ეს ორი მიზანი ძალიან გადაჯაჭვული და ურთიერთგანმაპირობებელია“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ. მისი თქმით, საქართველოში განათლების მხრივ ქალებსა და მამაკაცებს შორის არაა ჩამორჩენა, მაგრამ ქალების დასაქმება ჩამორჩება მამაკაცების დასაქმებას. „საერთო ეროვნული შემოსავალის 11 % იკარგება გამომდინარე იქიდან, რომ ქალებს აქვთ არათანაბარი წვდომა დასაქმებისა და მეწარმეობისადმი. დღემდე შენარჩუნებულია ქალების დასაქმება ძირითადად ე.წ ქალურ პროფესიებში. საჭიროა მეტი გოგონა იღებდეს განათლებას საინჟინრო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, რომ მათთვის მისაწვდომი იყოს მაღალ ტექნოლოგიური პროფესიები, რაც თავის მხრივ, არის ერთ-ერთი მთავარი გზა მამაკაცების და ქალების არათანაბარი შემოსავლების აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, რომელიც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ არის დაფინანსებული და რომელიც მიმართულია საინჟინრო და ტექნოლოგიურ დისციპლინებში პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებისაკენ, დიდი აქცენტი კეთდება და გამჭოლი პრიორიტეტია გენდერული თანასწორობის მიღწევა განათლებაში.
შეხვედრისას სტუმრები დაინტერესდნენ ადრეული ქორწინების გავლენით ქალთა დასაქმებაზე, რაც ასევე მიჩნეულია ქალთა შორის სიღარიბის ერთ-ერთ ფაქტორად. ასევე, დაინტერესდნენ როგორია მიმართება დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ქალების დასაქმებასთან დაკავშირებით.
გუგული მაღრაძის თქმით, ქალთა დასაქმების ისეთი მნიშვნელოვანი სფერო როგორიცაა ტურიზმი და სამასპინძლო ბიზნესი, საჭიროებს მეტ ყურადღებას. „ამ სფეროში ქალების უმრავლესობაა დასაქმებული და მათ აქვთ გარკვეული გამოწვევები კულტურული სტერეოტიპებიდან გამომდინარე. გაძნელებულია მათი მხრიდან მისაწვდომობა ფინანსური რესურსებისადმი. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის ასევე, სჭირდებათ საჭირო უნარ-ჩვევების ტრენინგები, რაშიც შესაძლოა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს მსოფლიო ბანკის პროგრამებმა საქართველოში“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა სტუმრებს ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით გენდერული საბჭოს მუშაობის პრიორიტეტები გააცნო. „საბჭოს მიერ მომზადებული და ინიცირებულია ქალთა შრომითი უფლებების შესახებ კანონპროექტი ასევე, სექსუალური შევიწროების და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ. მან თხოვნით მიმართა სტუმრებს, თუკი ეს შესაძლებელია, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევასა და გენდერულ თანასწორობის შორის არსებული ურთიერთკავშირის შესახებ მსოფლიო ბანკის ინიციატივით, საქართველოში კვლევა ჩატარებულიყო.
სტუმრებმა შემდგომი თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.
ipress.ge