«ალიას» «ქართული მარშის» ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრა:
– 28 ნოემბერს ივანიშვილის დიდი ძალისხმევითა და «ნაცების» სიძულვილის დამსახურებით, სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტდა. რა მოლოდინები გაქვთ, რა შეიცვლება ქვეყანაში?
– არანაირი სასიკეთო მოლოდინები არ მაქვს და სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ არც პირველ და არც მეორე ტურში, «ქართულ მარშს» არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერია. ეს ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად გავაკეთეთ, რადგან ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილის, ან გრიგოლ ვაშაძის მაგივრად, რადგანაც ვთვლით, რომ, რა თქმა უნდა, ვაშაძე არის პირსისხლიანი, დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენელი, რომლის პრეზიდენტობა სრული აბსურდი იქნებოდა; ხოლო ქალბატონი ზურაბიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად შეუფერებელია პრეზიდენტობის თანამდებობისთვის, თავისი წარსულით, აწმყო საქმიანობითა და სამომავლო ხედვებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ისევ იმ ჭაობშია, რომელშიც აქამდეც იყო და კიდევ უფრო იძირება მასში. პირდაპირ ვთქვათ, «ქართული ოცნების» ხელისუფლებამ უკვე მოჭამა თავისი, ამათ სანახევროდაც კი ვერ გაამართლეს ის იმედები და ნდობა, რომელიც 2012 წელს ხალხს ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მათი პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლის დრო დადგა, რაც ძალიან ცუდია. ნუ, თუ პოლიტიკური ასპარეზიდან არა, ხელისუფლებიდან მაინც უნდა წავიდეს «ოცნება» აუცილებლად და ასევე, დამნაშავე ძალას «ნაციონალურ მოძრაობას» უნდა ჩამოერთვას პოლიტიკური ოპოზიციის როლი, რომელიც მას დღეს მორგებული აქვს. რა გზა არსებობს დღეს ამ ყველაფრის განხორციელებისთვის? ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
– ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა, მათ შორის თქვენც, მაგრამ საერთოდ აზრი აქვს ამ მოთხოვნას იმ საარჩევნო კოდექსის ფონზე, რაც დღეს გვაქვს?
– დღეს რომელი კანონიც არსებობს, ამ კანონით არჩევნების ჩატარება არათუ არ შეიძლება, არამედ ამ კანონით არჩევნების ჩატარება უკვე დანაშაულია! რაც ჩვენ ახლა, განსაკუთრებით, მეორე ტურში ვნახეთ, ეს რომ არჩევნები არ იყო, მეც ვიცი და თქვენც. გარკვეული გადაცდომები, რომელიც «ქართულ ოცნებას» ჰქონდა, ხალხმა იმით გაამართლა, რომ პირსისხლიანი ჯალათები დამარცხდნენ ახლაო. «ოცნების» საწინააღმდეგო მხარეს ეს ჯალათები რომ არ ყოფილიყვნენ დღეს, «ნაციონალური მოძრაობის» სახით, გარანტირებულად გეუბნებით, რომ მმართველი პარტია გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა, ეს არის გამორიცხული. ყველაზე ცუდი რამ, რაც ამ არჩევნებზე მოხდა «ქართული ოცნების» და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ჩვენთან, ხალხთან ერთად, მოვიდა ხელისუფლებაში იმისთვის, რომ არჩევნები არასდროს გაყალბდებოდა და ის არ ჩაივლიდა არასამართლიან გარემოში. კი, ბატონო, წინა საპრეზიდენტო არჩევნებმა ნამდვილად ნორმალურად ჩაიარა, შემდეგში ადგილობრივმა არჩევნებმაც გაყალბებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ საქმე ისაა, რომ იმ წინა არჩევნებში ხელისუფლებას ასე არ უჭირდა და იცოდა, რომ მოიგებდა. აი, როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდა, ის «ნაციონალურ მოძრაობად» და «მოქალაქეთა კავშირად» გადაიქცა, როდესაც გამოიყვანა მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსი, წავიდა დავალებების გაცემა, დაშინება, მოსყიდვა და ათასი უბედურება, რომელიც სწორედ იმ ორმა ზემოხსენებულმა პარტიამ დანერგა თავის დროზე. არჩევნების კუთხით, «ქართული ოცნება», სამწუხაროდ, სწორედ მათ გვერდზე დადგა – ყველამ ვიცით, რომ არც პირველ და არც მეორე ტურში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა და ბიძინა ივანიშვილის ნათქვამმა, რომ ის მსოფლიოს გააოცებდა თავისი დემოკრატიით, ამ არჩევნებით საბოლოოდ დალია ჩაილურის წყალი! ამავე დროს, «ქართულმა ოცნებამ» და «ნაციონალურმა მოძრაობამ» ერთად გააყალბეს ეს არჩევნები.
– რას გულისხმობთ?
– გეტყვით: არჩევნების გაყალბება არ არის მარტო ყალბი პირადობის მოწმობები, ან ე.წ. კარუსელები, ან ბიულეტენების ჩაყრა – არჩევნების გაყალბებაა ის, რომ მთელი ქვეყნის ფინანსები თავმოყრილია «ნაციონალური მოძრაობისა» და «ქართული ოცნების» ხელში; არჩევნების გაყალბებაა, როდესაც თითქმის მთელი ტელევიზიები და ელექტრონული თუ ბეჭდური მედია ნაყიდი ჰყავს ნახევარი «ნაციონალურ მოძრაობას», ნახევარი «ქართულ ოცნებას» და სხვა პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ძალებს არ ეძლევათ საშუალება, თავისი აზრი მიიტანონ ხალხთან; არჩევნების გაყალბებაა, როდესაც პირდაპირ იყენებ პოლიციას, ძალოვან სტრუქტურებს ეუბნები – გინდა თუ არა, ამა და ამ პარტიას, კონკრეტულ კანდიდატს უნდა მისცე ხმაო; არჩევნების გაყალბებაა, როდესაც ადამიანები, ფაქტობრივად, იქნენ ნაყიდი იმ რაღაც ვალების ჩამოწერის დაპირებით და სხვა უამრავი რამ, რომელიც თან ახლდა ამ არჩევნებს! რა თქმა უნდა, «ქართული ოცნება» ვეღარ არის ლეგიტიმური! ეს პოლიტიკური ძალა ლეგიტიმური იყო ამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რადგან მანამდე მას ყველა არჩევნები, შეიძლება ითქვას, პატიოსნად და სამართლიან გარემოში ჰქონდა ჩატარებული. ამ არჩევნებში კი, «ქართულმა ოცნებამ», რა თქმა უნდა, დაკარგა ლეგიტიმაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ის ჩადგა «მოქალაქეთა კავშირისა» და «ნაციონალური მოძრაობის» რიგებში, ანუ რასაც ის ძალები წარმოადგენდნენ თავისი არსებობის განსაკუთრებით ბოლო ხანებში, იმად გადაიქცა დღეს «ოცნება»! ესენი იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ მათი პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი შანსი სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და კოალიციური მთავრობაა!
თქვენს წეღანდელ სრულიად სამართლიან შენიშვნას რომ დავუბრუნდე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ ასე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგალითად, 9 აპრილისთვის, ან 26 მაისისთვის, ანუ გაზაფხულისკენ. მანამდე რაც დრო არის, იმ დროში სრულიად შესაძლებელია, შეიქმნას ახალი საარჩევნო კოდექსი, ამას 2 თვეც ეყოფა, რომლის მიხედვითაც გარანტირებული იქნება ის, რომ არჩევნებს ვეღარ გააყალბებს ვერც «ნაციონალური მოძრაობა», ვერც «ქართული ოცნება» და ზოგადად, ვერც სხვა ხელისუფლება. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ იყოს ნეიტრალური საარჩევნო კომისიები. მე ვფიქრობ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია უცხოელი საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს აუცილებლად და ისინი უნდა იყვნენ ჩართულები; ასევე, საარჩევნო დავები უცხოელმა, ევროპელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, რაც, რა თქმა უნდა, იქნება არჩევნების ნორმალურად ჩატარების გარანტია და ეს არანაირ დიდ ფინანსებს არ საჭიროებს – რაც ჩვენ დღეს გვიჯდება ცესკოს უსაქმური თანამშრომლების შენახვა, იმაზე მეტი ნამდვილად არ დაჯდება. როდესაც აი, ეს ყველაფერი შეიცვლება, მერე უკვე ხარვეზებიც მინიმალური იქნება და რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემაა საჭირო. აი, ამ ტიპის ახალი საარჩევნო კანონის დადება 1-2 თვეში შეიძლება და შემდეგ უკვე გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არანაირი პრობლემა არ არის და ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის, ფაქტობრივად, ერთადერთი შანსი: «ნაციონალური მოძრაობა» მიიღებს თავის რაღაც პროცენტს, «ქართული ოცნებაც» მიიღებს, დანარჩენი გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პოლუსებზე, რომლებიც უნდა შეიქმნას ქვეყანაში. ასე შეიქმნება კოალიციური მთავრობა, სადაც 20-პროცენტიანი «ნაციონალური მოძრაობის» ადგილი არ იქნება, ხოლო ვინც «ქართული ოცნებიდან» შევა კოალიციურ მთავრობაში, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. თუ «ქართული ოცნება» ამ გზით არ წავა და რქებით მიაწვება ოპოზიციასაც და ხელისუფლების შენარჩუნებასაც, მაშინ ის იმ რქებს წაიმტვრევს და ზუსტად ისევე დაამთავრებს, როგორც «მოქალაქეთა კავშირმა» დაამთავრა თავის დროზე, მე გაძლევთ ამის გარანტიას!
– მართალია, ბიძინა ივანიშვილმა კი თქვა, უახლოეს ერთ წელიწადში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევაო, ცვლილებები იქნებაო, მაგრამ არა მგონია, ამაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე თანხმობა მოიაზრებოდეს.
– ბიძინა ივანიშვილმა ეგ რომ თქვა, საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე უნდა წამოსულიყო რეფორმატორული წინადადებები, გუნდში ცვლილებები უნდა დაწყებულიყო, ეს ზარდიაშვილები, თალაკვაძეები და მდინარაძეები უნდა გაეშვათ, ვიღაცები ჩაეჩოჩებინათ, ვიღაცები გადაეადგილებინათ, პირველი ნაბიჯები უნდა ენახვებინათ ხალხისთვის და რას ვხედავთ ჩვენ? ისევ იმ ჭაობს, რაც იყო და ასე იქნება მუდმივად!
– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ «ოცნების» გუნდში რამე განსაკუთრებული ცვლილება არ არის მოსალოდნელი? მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ავღანეთში მყოფი ჩვენი ჯარის დიდმა ნაწილმა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა და ავღანეთი ვაშაძემ მოიგო. ისიც ვნახეთ, როგორ გამოდიოდნენ ერთმანეთზე მიყოლებით მოქმედი თუ თადარიგის ოფიცრები და პირდაპირ აცხადებდნენ – ჩვენ ხმას არ ვაძლევთ სალომე ზურაბიშვილსო… ეს არ არის სერიოზული საბაბი იმისთვის, რომ ვთქვათ – «ქართული ოცნება» თავდაცვის სამინისტროში სიტუაციას ვერ აკონტროლებს და მინიმუმ, საწყის ეტაპზე მინისტრი იზორია მაინც არის შესაცვლელი ამ ყველაფრის გამო? კარგი, არ ხსნი იმ დარღვევებისთვის, რაზეც «ალია» მუდმივად წერს, არ ხსნი იმ სრა-სასახლეებისთვის, არ ხსნი იმ ტყუილად აღებული პრემიებისთვის, არჩევნებში ასე ჩაფლავებისთვის მაინც არ დასჯის ივანიშვილი?
– არა, ნინო, არანაირი ძირეული ცვლილებები არ იქნება, ეს ჭაობი ისევ ამ ჭაობად დარჩება! «ქართულმა ოცნებამ» მეორე ტურში ორ ადგილას წააგო არჩევნები – რუსთავსა და თელავში. იცით, რუსთავში რატომ წააგეს? იქ ვიცე-გუბერნატორი არის კახა კობერიძე, რომელიც იყო ზურაბ ადეიშვილის პირველი მოადგილე იმ დროს, როდესაც ადეიშვილი ახორციელებდა მთელი საქართველოს ტერორს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად! ეს კობერიძე მაშინ საგამოძიებო უწყებას ხელმძღვანელობდა და აი, ასეთი ნაციონალი რომ გყავს რუსთავში ამხელა თანამდებობაზე, «ნაციონალური მოძრაობა» რომ იქ მოიგებს, ამაზე ორი აზრი ხომ არ არსებობს? მე ერთი ზუსტი ინფორმაცია მაქვს: ვანო ზარდიაშვილი და არჩილ თალაკვაძე «ნაციონალურ მოძრაობაზე» მუშაობენ ახლაც ფარულად! ისევ მათთან არიან მიბმულები და მათი აგენტურაა. იგივე ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც პარლამენტში არის ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარე – ჩემი მეგობარი ადვოკატები მეუბნებიან, რომ ადვოკატების წრეში, მდინარაძე ცნობილი იყო იმით, რომ ადვოკატებიდან ის ყველაზე ახლოს იყო ზურაბ ადეიშვილთან, რადგან ის გახლავთ ვანო ზარდიაშვილის სიძე, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროს იყო ზურაბ ადეიშვილის აპარატის უფროსი! აი, წარმოიდგინეთ, სად ვართ – იქითაც «ნაციონალური მოძრაობაა» და აქეთაც! ბიძინა ივანიშვილი კი მარტო იმ დღეს იყო შეშფოთებული, როცა დაინახა, რომ არჩევნების პირველი ტური ზურაბიშვილმა ვერ მოიგო. მეორე ტურის მერე, ბიძინასაც და დანარჩენებსაც დაავიწყდათ ეს ყველაფერი, ისევ აგრძელებენ თავის დაბურულშუშებიანი მანქანებიდან ყურებას – ეს ასე ვერ გაგრძელდება! თავმომწონედ რომ იძახიან ესენი, არჩევნები მოვიგეთო – რა არჩევნები მოიგო «ქართულმა ოცნებამ», ერთი, ძაან მაინტერესებს? «ქართული ოცნების» ლიდერები ახლა მუხლებზე დაჩოქილები უნდა იდგნენ და ფეხებს უნდა უკოცნიდნენ ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს, რადგან მეორე ტურის გამარჯვებაში უდიდესი წვლილია «პატრიოტთა ალიანსისა», მათ გამოიყვანეს ეს ხალხი, თორემ გოგა ხაინდრავამ და «ოცნების» ლიდერებმა რამდენი ადამიანი გამოიყვანეს ქუჩაში, კი დავინახეთ რუსთაველის თეატრთან! 2 ათასი კაცი ვერ შეაგროვა ხაინდრავამ აქციაზე და მას ბევრი ადამიანი არც გაჰყვებოდა, «მხედრიონის» ნარჩენებს თბილისი და საერთოდ, საქართველო არ გაჰყვება, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
არჩევნები მოიგო იმ ხალხმა, რომელმაც პირველ ტურში «ქართულ ოცნებას» უარი უთხრა – მე შენ, კოჰაბიტირებულ «ქართულ ოცნებას», ხმას ვერ მოგცემო და კეთილი ინებე და წადი ხელისუფლებიდანო. თუმცა როდესაც ხელისუფლებამ ხალხი დააშანტაჟა – აი, ახლა ისევ პირსისხლიანი სააკაშვილი ბრუნდება, ახალაიას შეიწყალებენ და ისევ ხალხის გაუპატიურებას დაიწყებენ ციხეშიო, მერაბიშვილი ისევ საშინელებებს ჩაიდენსო და ასე შემდეგ… ქართველმა ერმა ახლა ბოლოჯერ უთხრა «ოცნებას» – კი, ბატონო, არ გვინდა ის კაციჭამიები და ავაზაკები, ამიტომ თქვენ ბოლოჯერ გაძლევთ ხმასო. აბა, არჩევნები რომ პერსონალურად სალომე ზურაბიშვილს არ მოუგია, ეს ხომ ცხადია? არჩევნები მოიგო იმ შემართებამ, რომ «ნაციონალური მოძრაობა» არ დაბრუნებულიყო ახლა რაიმე ფორმით ხელისუფლებაში! ხალხის მხრიდან ეს ბოლო მხარდაჭერა იყო «ქართული ოცნების» მისამართით და ეს მამლაყინწა ზარდიაშვილები, თალაკვაძეები, ჩუგოშვილები ამ გამარჯვებას თავის თავზე ნუ იწერენ! მე ერთი შემიძლია, ვთქვა: როგორც კი არ იარსებებს პოლიტიკურ ასპარეზზე მიხეილ სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობა», იმავე წუთში დამთავრდება «ქართული ოცნების» ამბავიც, ახლა ამათ ერთმანეთის არსებობა ძალიანაც სჭირდებათ და ამიტომ არის ტყუილი «ოცნების» ლიდერების განცხადებები, – კოჰაბიტაცია შეცდომა იყოო. ესენი ერთმანეთს აძლიერებენ და მშვენივრად გრძნობენ ასე თავს – ხელისუფლებაში «ქართული ოცნება», საპარლამენტო ოპოზიციაში «ნაციონალური მოძრაობა». ზუსტად ვიცი ისიც, რომ დღეს, რამდენიმე უცხოელი დიპლომატის მეშვეობით, მიმდინარეობს მორიგება ბიძინა ივანიშვილთან იმის თაობაზე, რომ გაგრძელდეს ეს კოჰაბიტაცია «ნაციონალურ მოძრაობასთან», რომ 2020 წლამდე ხელისუფლებაში «ქართული ოცნება» იქნება და მას არავინ შეეხება არჩევნებამდე, რომ «ნაციონალები» რევოლუციას არ დაუპირებენ იმ შემთხვევაში, თუკი მათ მისცემენ ძველებურად, კოჰაბიტირებულად პარლამენტში ყოფნის საშუალებას, როგორც ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციურ ძალას! არავინ არ გამოაცხადებს «ნაციონალურ მოძრაობას» დამნაშავე ძალად და ტყუილად აქვს «პატრიოტთა ალიანსს» იმის ილუზია, რომ მმართველი პარტია მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს!
– მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, შეიქმნას სხვა, ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შემდეგ ხმას მისცემენ და ამ გზით ჩამოაშორებენ ხელისუფლებას «ქართულ ოცნებას» და ოპოზიციიდან კი «ნაციონალურ მოძრაობას»…
– მე ვფიქრობ, რომ არსებული სიტუაციიდან არის კიდევ ერთი გამოსავალი: უნდა შეიქმნას რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, ეს არ უნდა იყოს რაღაც ყბადაღებული «მესამე ძალა», მესია, ახალი მიშა და ახალი ბიძინა – ასეთი რაღაცები ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს! უნდა შეიქმნას რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, სადაც გაერთიანდებიან ის ეროვნული, პატრიოტი პოლიტიკოსები და ორგანიზაციები, რომლებიც ერთიანობის შემთხვევაში, წარმატებას მიაღწევენ, თორემ «ნაციონალური მოძრაობა» და «ქართული ოცნება» მუდმივად ეცდება, «შუა გაკრიფოს». არადა, შუა კი არ უნდა გაიკრიფოს, ის უნდა აღმოცენდეს, აღორძინდეს და განვითარდეს, რაც სწორედ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის მეშვეობით უნდა მოხდეს. სხვათა შორის, ერთი რამ მინდა, ვთქვა: მაგალითად, ჩემთვის «გირჩი» თავისი არსით, იდეოლოგიით, ქმედებებით არის თავიდან ბოლომდე მიუღებელი, ისევე, როგორც «რესპუბლიკური პარტია», მაგრამ დემოკრატიის პირობებში ამ ტიპის ლიბერასტულმა პოლიტიკურმა ცენტრებმაც უნდა იარსებონ, თუკი გვინდა ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანა გვერქვას…
– დაბოლოს, ყველას კარგად გვესმის, რომ ილუზიაა, ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს. ამ შემთხვევაში, რას აპირებთ? გაქვთ რაიმე გეგმა?
– მოკლედ და გასაგებად ვიტყვი – თუ «ქართული ოცნება» მიხვდება იმას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, ხომ კარგი. თუ ამას ვერ მიხვდებიან, მაშინ საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ერი ჩაატარებინებს მათ ამ არჩევნებს, მაგრამ ისეთ ცუდ ფორმებში, რასაც არავის არ ვუსურვებდი! ეს მუქარა არაა, ეს რეალობაა! მმართველ პარტიაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ნამდვილად არიან პატრიოტები, მცოდნეები, პროფესიონალები, დადებითი პერსონები, მაგრამ ისინი ან უმცირესობაში არიან, ან მათ სიტყვას არავინ არ უსმენს, რაც ძალიან ცუდია. გულწრფელად გეტყვით, მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილის მტერი, მე არ მინდა მისთვის ცუდი, პირიქით – რაც მას კარგი აქვს გაკეთებული, ამას არასდროს არ დავუკარგავ. მე მას მოყვრის პოზიციიდან ვეუბნები ამ ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვსაუბრობ და მირჩევნია, მას ეწყინოს, მაგრამ სამაგიეროდ, რაიმე რაციონალური აიღოს ჩემი ნათქვამიდან, ვიდრე გოგა ხაინდრავასავით და სხვებივით ვუთხრა მას შავზე თეთრი და თეთრზე – შავი. სრული ნონსენსი და აბსურდია, რომ 37-პროცენტიანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია ფლობდეს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში. დღეს პოლიტიკური რეალობა შეცვლილია და ამას უნდა რეალურად შეხედვა, ჭრელი პარლამენტი, რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, დემოკრატიული არჩევნები და კოალიციური მთავრობა – აი, ეს არის საქართველოს განვითარების ევროპული გზა და არა სალომე ზურაბიშვილის ფრანგული!