“ეს არის მკვლელობა, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში”

ეს არის მკვლელობა, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში”, – ამის შესახებ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა.

ის დედის გარდაცვალებას ნერვიულობას უკავშირებს, რომელიც განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მე-6 საჯარო სკოლაში შესვლას მოჰყვა.

ბაჩანა შენგელიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა “დაიწყონ ორგანიზებული და კარგად დაგეგმილი მკვლელობის გამოძიება”. მისი თქმით, ახლა მისი ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, უსწრაფესად დაისაჯოს “მკვლელობის შემკვეთი და შემსრულებელიც”.

მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, რომელიც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა, ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. ია კერზაიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მას შემდეგ კი რეანიმაცულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა. შენგელია აცხადებდა, რომ სამინისტრომ სკოლის დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოითხოვა რადგან ია კერზაიამ არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე უარი თქვა.

მის განცხადებებს საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყებაში აცხადებნენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება. მათივე ცნობით, მე-6 სკოლაში გამოვლინდა დარღვევა კერძოდ: „სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“.

ინსპექტირების სამსახურმა სკოლა გასული თვის შუა რიცხვებში შეამოწმა, შედეგები კი სამეურვეო საბჭოს გაუგზავნა.

სამეურვე საბჭოს წევრი პედაგოგების ინფორმაციით, კი აღნიშნული დარღვევება გამოსწორებადი იყო და ისინი დირექტორის ამ მიზეზით გათავისუფლებას არ დაეთანხმნენ.

timer.ge