მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მივესალმები მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმებით თქვენ, ჩვენს საამაყო ადამიანებს, რომლებიც მთისადმი თქვენი ერთგულებით გვინარჩუნებთ სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩამობრძანებისთვის და ჩვენთან ერთად ამ დღის აღნიშვნისთვის.
დღეს, 11 დეკემბერს, მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს პირველად ჩვენც ვუერთდებით ამ დღეს და იმედი მაქვს, ეს ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ საქართველოს ნახევარზე მეტი არის მთიანი. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთის და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, როდესაც მთის მოსახლეობას ვესაუბრები. იმედია არავინ არ მიწყენს, მაგრამ ისეთ რჩევას მიიღებ ხოლმე, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ მთელი საქართველოს იმედი ხართ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს. თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს თქვენი დიდი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ და აგრძელებთ წინაპრების ტრადიციებს და დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს.
მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ დიდ სიმდიდრეს, შევინახოთ და დავიცვათ დაცარიელებისგან. ყველამ ვიცით, რა ძნელია მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება და ამიტომ თითოეული თქვენგანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენ გვინდა, ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ღირსეული პირობები შეგიქმნათ.
მოგეხსენებათ, მთა თავისი უნიკალურობითა და იქ მცხოვრები პატრიოტების წყალობით უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარებისა და წინსვლის გზაზე. სწორედ ამიტომ, მთის განვითარება საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომლითაც საშუალება მოგვეცა პირველი რიგის ამოცანები გადაგვეჭრა თქვენთვის. ეს ძირითადად არის ფულადი დახმარება, რომელიც ბევრ სეგმენტს მოიცავს – ოჯახებისთვის ახალდაბადებულ ბავშვებზე დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაიცა, საპენსიო დანამატისთვის – 61 მილიონი, სოციალურ პაკეტზე დანამატის სახით – თითქმის წარმოდგენილი იყო 8 მილიონი ლარი, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით – გამოიყო 9 მილიონი, ხოლო მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა დაახლოებით 20 მილიონი ლარი. მინდა ჩემი განსაკუთრებული სითბო გამოვხატო სწორედ ამ ხალხის მიმართ, მასწავლებლების მიმართ. თითოეული თქვენთაგანი არის საქართველოს ნამდვილი გმირი. ამ დანიშნულებით დღემდე დახარჯულია 110 მილიონ ლარზე მეტი. ამასთან ერთად, უკვე დაახლოებით 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით.
მინდა გითხრათ, რომ მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომელმაც უკვე გამოყო 66 მილიონი ლარი მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
გარდა ამისა, მთის სტაბილური და შეუქცევადად განვითარებისთვის საჭირო გახდა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს ჰქონოდა დამოუკიდებლობის დღიდან. ეს საშუალებას მოგვცემდა რომ ჩვენ, ბევრი პრობლემა, რაც დგას მთის წინაშე, გაცილებით ადრე გადაგველახა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო UNDP-ის, რომლის აქტიური მხარდაჭერით საქართველოს აქვს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებს და მათ მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტს და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავიხადო იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ ტექნიკური დახმარების გაწევის პროცესში.
ჩვენი უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით დღეს ჩვენ გვაქვს სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,730 დასახლებას. ამ სტრატეგიის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მართლაც მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს არის უკეთესობისკენ, და ეს არის ჩვენი მოსახლეობის თითქმის 10%.
სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მოგვცემს საშუალებას სრულად გამოვიყენოთ მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. საამისოდ განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მოხდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერება.
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ჩვენი ხედვა გახლავთ სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების განვითარება, სადაც ჩვენ გვექნება მაქსიმალურად ორგანული პროდუქცია და ეს გახლავთ სწორედ მთის უპირატესობა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ კანონს ორგანული პროდუქციის წარმოების გადასახადებისგან სრულად გათავისუფლების შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ საქართველოს მთა იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ უნიკალურ საგადასახადო შეღავათს მიიღებს.
მთის მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერისთვის გაგრძელდება მუშაობა ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რისთვისაც მოიმატებს სოფლის ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო ტრანსპორტი, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები, გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ნარჩენების გატანის სერვისების მიწოდებისათვის. იქ, სადაც ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება სადენებით, მოხდება მისი ალტერნატიული წყაროებით მომარაგება. 2019 წელს ყველა უშუქო სოფელში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დაახლოებით 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროთი, ხოლო 2020 წლისთვის კი ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით. უკვე იწყება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია. 2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და გუდაურში.
სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ მთაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2019 წელს დაიწყება 6 ახალი სკოლის მშენებლობა და დაახლოებით 15 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის. ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი ზოგადი და პროფესიული განათლება, აშენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი და მოხდება სკოლის მოსწავლეების სკოლამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაგრძელდება სტუდენტების დაფინანსება; დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება შობადობის წახალისების კიდევ უფრო მასშტაბური მექანიზმები; მთაში ახალგაზრდების ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით 2019 წელს შემუშავდება და დაინერგება სპეციალური პროგრამები.
სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მთის დასახლებებში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა. დაინერგება მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემები; მოხდება მუნიციპალური ვებგვერდებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული საშუალებების განვითარება; გაიზრდება საზოგადოებრივი ცენტრების რაოდენობა.
ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გვავს და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ – კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაზღვიოთ ის კატასტროფები, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. თქვენ იცით, რომ ამ ნაწილში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტების გაკეთება. ჩვენ განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა ხევისა და მდინარის გასუფთავებას, ოთხი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟებას, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების დანერგვა, რომ სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შევამციროთ.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს სტრატეგია მხოლოდ ზოგად თეზისებს არ მოიცავს. მასში გაწერილია ისეთი კონკრეტული პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, წალკის, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი საწარმოების მშენებლობა; ყაზბეგში თაფლის წარმოების ხელშეწყობა, ფშავ-ხევსურეთში დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება; მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, ტრადიციული ხის ნაკეთობების წარმოების ხელშეწყობა, ტყის ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა და ენერგოეფექტური ბრიკეტების და პალეტების წარმოება. ტურიზმი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ საქართველოში მთაში ტურიზმი იყოს ოთხივე სეზონზე, შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ისეთი კონკრეტული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა, თუშეთში ციხე-სოფელ ძველი დიკლოს აღდგენა, ფარავნის ტბის სათავე ნაგებობის მოწყობა, მესტიისა და უშგულის განახლება, ონში ახალი მუზეუმის მშენებლობა.
მთის სახელმწიფო პოლიტიკის შეუქცევადობის და მომავალში კიდევ უფრო მეტი რესურსის შესაძენად მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება მთის ფაკულტეტი, რომლის სასწავლო პროგრამა იქნება ადეკვატური მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვა მსგავსი სასწავლო პროგრამებისა და უპასუხებს მთის საჭიროებებს და თქვენს პრობლემებს.
მოგეხსენებათ, რომ უკვე დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა 2 კმ-იანი საავტომობილო გვირაბი, რომლის მასშტაბის გვირაბი საქართველოში 50-იანი წლების შემდეგ არ აშენებულა. დარიალის ხეობაში ბოლო წლებში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, ამ გვირაბის მშენებლობით კი დარიალის ხეობაში გადაადგილება გახდა უსაფრთხო. დამთავრდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი თითქმის 6 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა. გერგეტის სამება ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
გარდა იმისა, რომ რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზებს, იგეგმება ასევე მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობა. ეს ისეთი მნიშვნელობის გზებია, რომლებიც გაზრდის მთის მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, რაჭის 54 კმ-იანი საავტომობილო გზის, სნო-ჯუთა-როშკა-შატილის და კიდევ რამდენიმე ხეობის დამაკავშირებელი დაახლოებით 200 კმ-იანი საავტომობილო გზების მშენებლობა.
ბოლო დროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციამ ყაზბეგი, შატილი და მუცო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. მომავალი წლიდან დაგეგმილია მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი, მომავალ წელს დასრულდება აგრეთვე მუცოს აღდგენისა პროექტიც.
მთა და მთის კურორტები უნდა განვითარდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რათა მოვიპოვოთ საერთაშორისო სპორტული ტურნირების ჩატარების ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი. შესაბამისად, 2023 წელს იცით, რომ მივიღეთ დასტური და საქართველო ბაკურიანში უკვე უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება კურორტის ცნობადობა.
მთის სტრატეგიის ფარგლებში უკვე შემუშავდა პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა და შერჩეულია 30 მოხალისე, ისინი დღეს ჩვენ გვესწრებიან. ეს ადამიანები მართლაც ნამდვილი პატრიოტები არიან, მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომ მზად არიან საზოგადოებრივ საწყისებზე პირველადი დახმარება აღმოუჩინონ ჩვენს მთის მოსახლეობას.
გპირდებით, რომ ჩვენ მივყვებით ამ სტრატეგიას და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ მთის განვითარება შეუქცევადი იყოს. მთა არათუ არ უნდა დაცარიელდეს, არამედ პირიქით, საცხოვრებლად უნდა გახდეს მაქსიმალურად კომფორტული და ეკონომიკურად მიმზიდველი.
მე მახსოვს, როდესაც ჩვენ მთის კანონს ვიღებდით, ისეთი გამონათქვამები ისმოდა, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა, რომ ეს პროექტი იქნებოდა წყალში გადაყრილი ფული, რომ ამით ჩვენ ვერ მოვუტანდით კონკრეტულ შედეგს ჩვენს მთის მოსახლეობას და ა.შ. ჩვენ ამ სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარნენ მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები და დაგვეხმარა ორი სახელმწიფო – შვეიცარია და ავსტრია, რომელიც ჩემი შეხედულებით, არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ გამოიყენოს მთა, როგორც ყველაზე დიდი სიმდიდრე ეკონომიკის ასაყვავებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს სტრატეგია მოგვცემს საშუალებას, რეალიზაცია გავუკეთოთ ჩვენს ყველაზე დიდ სიმდიდრეს – ქართულ მთას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ სტრატეგიის შემუშავებაში და ამავე დროს, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს შეხვედრა, რომ კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ სტრატეგიის უკვე კონკრეტული რეალიზაცია.
მინდა გითხრათ ამავე დროს, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ დღესთან ერთად დავაწესოთ მთის კვირეული, რომელიც სიმბოლურად მთის კანონის მიღების დღეს, 16 ივლისის კვირაში გაიმართება. ეს საშუალებას მოგვცემს, თქვენთან ერთად, მთაში აღვნიშნოთ ეს საზეიმო დღეები და ეს ვაქციოთ ნამდვილ სახალხო დღესასწაულად, ქართული მთის დღესასწაულად.
info9.ge