ე.წ. კანონიერი ქურდების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება – ეს არის ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც “ნაციონალების” და “ოცნების” ხელისუფლება ერთმანეთს უყენებს და ხშირად პოლიტიკური ქულების დაწერის საგანიც ხდება. სინამდვილეში რამდენად ქმედითი იყო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს და როგორია ხელისუფლების მიდგომები დღეს? AMBEBI.GE-მ ამ საკითხის ირგვლივ კონკრეტული ფაქტები შეისწავლა და მკვლევარების შეფასებებს გაეცნო.“ქურდული სამყარო” და “ნაციონალური მოძრაობა”
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე “კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში უკომპრომისო ბრძოლა დააანონსა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხელისუფლების მიერ გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ქვეყანაში ე.წ ქურდული სამყაროს გავლენები მართლაც შეასუსტა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იკლო კრიმინალის დონემაც.
თუმცა ფაქტები მოწმობს – “ნაციონალების” ხელისუფლება ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებთან მიმართებაში შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებული გავლენების მქონეებს კი მფარველობდა კიდეც. ამ მოსაზრების დასადასტურებლად მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება.
ასე მაგალითად: დღესაც ბევრს ემახსოვრება 2005 წლის დეკემბერში ცნობილი “კანონიერი ქურდის” დავით ქურასბედიანის იგივე “წრიპას” სკანდალური გასეირნება ე.წ. ჭრელ აბანოში. მაშინ პატიმრობაში მყოფი “წრიპა” აბანოში ბიძასთან ერთად იმყოფებოდა.
ასევე, ბევრის მთქმელია ისიც, რომ ყველასათვის ცნობილი კრიმინალი ვატო ყიფიანი სააკაშვილის ხელისუფლებამ ე.წ. უდოს წესით გაათავისუფლა.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე 2004 წელს მომხდარ კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა “კანონიერი ქურდი” ბაიკო ქუთათელაძე საპატიმროდან ხელისუფლების უშუალო მითითების შედეგად გათავისუფლდა. იმ დროისთვის ხაჭაპურიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
“ქუთათელაძის პატიმრობა გრძელდებოდა დაახლოებით ორი თვე. ერთ ღამეს დამირეკა ზურაბ ადეიშვილმა და მითხრა, რომ ბაიკო უნდა გაესამართლებინათ თბილისში, თანაც დაუყოვნებლივ, ამიტომ შენი მოსამართლე თბილისში უნდა ჩამოვიდესო. ქუთაისის მოსამართლე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ჩვენი განსჯადი საქმე იყო, რადგან თავიდანვე ქუთაისის პროკურორს დააწერეს. მე, ადეიშვილის მითითების შესაბამისად, მართლაც დავურეკე მოსამართლე კოზმავას, რომ მომზადებულიყო თბილისში გასამგზავრებლად.
გვიან ღამით გააღვიძეს ქუთაისის პროკურორი და ორივე სასწრაფოდ ჩაიყვანეს თბილისში, მიიყვანეს მე-7 საპყრობილეში. პროცესიც იქვე სახელდახელოდ ჩატარდა. მანამდე მოსამართლეს ჰქონდა მითითება, ქუთათელაძეს დაკისრებოდა მინიმალური ჯარიმა, თუ არ ვცდები, 2 ათასი ლარი. იმავე ღამეს გამოიყვანეს ციხიდან. როგორც ამ მოსამართლემ და პროკურორმა მითხრეს, ქუთათელაძეს ციხის გარეთ ელოდებოდა ორი ავტომობილი – “მერსედესი” და ლიმუზინი. ლიმუზინთან “კანონიერ ქურდს” დახვდა იგორ ივანოვი, რომელიც მაშინ თუ არ ვცდები, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ.
მოგვიანებით, ქუთაისში ბაიკოს ნათესავებისგან გავიგე, რომ პირადად ივანოვმა სთხოვა სააკაშვილს, გაეთავისუფლებინა რუსეთის მოქალაქე, გვარად ქუთათელაძე. ესკორტი მივიდა თბილისის აეროპორტში და გამთენიისას ერთად გააცილეს ქუთათელაძე და ივანოვი მოსკოვში.
ეს შეუძლიათ დაადასტურონ იმ მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმაც, რომლებიც მე-7 საპყრობილეში გამართულ ე.წ. სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ” – იხსენებს შალვა ხაჭაპურიძე.
2015 წელს მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაასაჯაროვა ფაქტები, რომლის თანახმადაც, წინამორბედი ხელისუფლება “კანონიერ ქურდებს” ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის თავისუფლებას აძლევდა. დოკუმენტში ასახული იყო 12 “კანონიერი ქურდის” მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისა და ქვეყნიდან გასვლის შემთხვევები.
მათ შორის თალაკვაძემ დაასახელა: “კანონიერი ქურდი” ფრიდონ სულაქველიძე, რომელიც თბილისის აეროპორტში 2008 წლის 5 აპრილს შემოვიდა და იმავე დღეს, ასევე, თბილისის აეროპორტიდან საქართველო დატოვა. ასევე,”კანონიერი ქურდი” ამირან ებრალიძე თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2009 წლის 29 ოქტომბერს და მეორე დღეს სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა. კიდევ ერთი “კანონიერი ქურდი” რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ “ბაღდატსკი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2011 წლის 10 დეკემბერს შემოვიდა და იმავე დღეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან დატოვა და ა.შ.
“კანონიერი ქურდები” და “ქართული ოცნება”
2017 წელს, 10 თვეში ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერ ქურდობაში ბრალდებული ათი ადამიანიდან, 8 სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მათ პროკურატურამ ბრალი ვერ დაუმტკიცა და საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გათავისუფლებულ პირებს შორის არაერთ ცნობილ და გახმაურებულ გვარს ამოიკითხავთ, მათ შორის დავით გერლიანს მეტსახელად “სვანას”, ასევე ბაგრატ ფანცულაიას მეტსახელად “მარატ სუხუმსკის” და ა.შ..
მართალია, “ქართულმა ოცნებამ” “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ მიმართული კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა, თუმცა წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად ზოგიერთი დიდი გავლენის მქონე კრიმინალის მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება მაინც შეინარჩუნა. რასაც მოწმობს შემდეგი ფაქტები:
2015 წელს თემურ გვასალია (“თემო სუხუმსკი”) ზუგდიდის სასამართლოდან გაათავისუფლეს. გვასალია სამართალდამცველებმა სოფ. რუხში დააკავეს. ის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში ყალბი, თემურ სონგულიას სახელზე გაცემული პასპორტით შემოვიდა, “კანონიერ ქურდს” დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი. გვასალიამ დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას “კანონიერი ქურდობა” აღიარა. ამ ყველაფრის ფონზე, მოსამართლე შოთა ბიჭიამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, იგი უდანაშაულოდ ცნო.
2017 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის სასამართლომ პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ოთხი წლით ადრე გაათავისუფლა უდიდესი გავლენის მქონე “კანონიერი ქურდი” – ნადირ სალიფოვი, მეტსახელად “ლოტუ გული”. მას 23-წლიანი პატიმრობა 1995 წელს შეუფარდეს. ადვოკატმა ტირანა ალიევამ მედიაში გააკეთა განცხადება, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ნადირ სალიფოვი საქართველოში ჩამოვიდა. ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-მ კატეგორიულად უარყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, 45 წლის ნადირ სალიფოვს დაკავების პერიოდში საბჭოთა პასპორტი ჰქონდა. გათავისუფლების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე იგი პასპორტის აღებას ვერ მოახერხებდა. შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ მოახერხა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სალიფოვმა ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა საბჭოთა პასპორტით, თუკი საქართველოში არ ჩამოსულა…
სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო “კანონიერი ქურდი” კახაბერ ორაგველიძე, იგივე „კახა ტბილისკი“. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენის საფუძველზე, “კანონიერი ქურდი” სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ორაგველიძემ ქვეყანა მაშინვე დატოვა, თუმცა მოგვიანებით ის კიევში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, ორაგველიძე რუსეთში 1998 წლიდან განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.
“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში რამდენჯერმე გაიჟღერა “ქურდულ სამყაროში” დიდი გავლენის მქონე “ლავას ოღლის”, მინდია გორაძის სახელმა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ის საკუთარი გავლენებით აჭარის გაკონტროლებას ცდილობდა. გორაძე 2016 წლის იანვარში თბილისის აეროპორტში დააკავეს. “ლავასოღლის” დაკავებისას შსს-მ ასეთი განცხადება გააკეთა:
“2013 წლიდან დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით, იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები”.
თუმცა, წინასწარი პატიმრობის ვადა ისე გავიდა, რომ მას ბრალი ვერ დაუდასტურეს – 2017 წლის ოქტომბერში გორაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და მეორე დღესვე წავიდა საქართველოდან.
2018 წლის სექტემბერში მისი სახელი კიდევ ერთხელ ახსენა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, “აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცის, ქურდი ლავას ოღლი”:
“კაციშვილმა არ იცის, ვინ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ის ოცდაათი წლის ბიჭი ვინმეს რამეს მოუგვარებს, მაგრამ პრობლემა ის არის, აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცის, ვინმე ქურდი ლავას ოღლი, რომელსაც ხოფაში უნდა მიაწვდინო ხმა და ის მოაგვარებს საქმეს ქურდული წესებით. აჭარაში ეს ქურდი მართავს ყველაფერს. ვინმეს თუ მოჰპარავენ რამეს და დაბრუნება უნდა, ლავასოღლის უნდა უთხრას; სამშენებლო ნებართვა გინდა ლავასოღლის უნდა შეუთვალო…” – აღნიშნა ელისაშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
2018 წლის ივლისში, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, “ქურდული სამყაროს” წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, 36 წლის “ლავასოღლის” კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში ე.წ. კანონიერი ქურდი ტრაბზონში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, “ლავასოღლის” დაკავება თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.
“ქართული ოცნებისა” და ე.წ კანონიერი ქურდების ურთიერთდამოკიდებულებაზე საუბრისას, არ შეიძლება, არ ითქვას იმ ხმაურიან ბრალდებებზეც, რომლის მიხედვითაც “ოცნებამ” არჩევნებში დასახმარებლად “კრიმინალურ ავტორიტეტებს” მიმართა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავამ მედიასთან განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები და “მაყურებლები” ჩართო. ზოდელავა ამტკიცებდა, რომ “კრიმინალური ავტორიტეტები” მოსახლეობაში დადიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ.
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად კი, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 “კანონიერი ქურდია”. ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი “კანონიერი ქურდი”.
ფაქტები მოწმობს – მიუხედავად იმისა, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლება “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით იწონებს თავს, როდესაც საქმე განსაკუთრებით “გავლენიან ქურდებს” ეხებათ, სახელმწიფოს სამართალი შერჩევითია.
სამართლის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი, კრიმინოლოგი გიორგი ღლონტი ამ გარემოებას ასე ხსნის:
“პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლებამ მართლაც დაიწყო “კრიმინალურ ავტორიტეტებთან” ბრძოლა. იმავეს აგრძელებს მოქმედი ხელისუფლებაც. თუმცა არსებობს ისეთი ცალკეული, ასე ვთქვათ, გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ „კანონიერ ქურდს“ ხელს აფარებს, თავისუფლებას აძლევს და ზოგიერთ შემთხვევაში მფარველობს კიდეც. რატომ?
იმიტომ, რომ დიდი ფული და გავლენა ყოველთვის ყველაფერს წონის. სტატისტიკა მოწმობს იმას, რომ როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების მმართველობის დროს პასუხისგებაში მიეცნენ „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მქონე პირების ძალიან მცირე, თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობა.
„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ მიმართული კანონით კი, ძირითადად „შავ სამყაროსთან“ დაკავშირებული პირები გასამართლდნენ“ – ამბობს ღლონტი.
“ოცნების” ხელისუფლებამ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა საკანონმდებლო დონეზე გაამკაცრა. 2018 წლის აპრილში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე გაფართოვდა, “კანონიერი ქურდობის” წინააღმდეგ მიმართული კანონი გამკაცრდა. მოქმედი რედაქციით, დანაშაულად ითვლება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა. ცვლილებამდე “კანონიერ ქურდობაზე” კანონი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი სასჯელი 9-დან 15 წლამდე გაიზრდა.
“ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ კანონის გამკაცრებასა და კანონში ქუჩური გარჩევის ცნების შეტანას, ექსპერტების ნაწილი ფასადურ პოლიტიკად მიიჩნევს და ამ ფაქტს ხორავას ქუჩის გახმაურებულ ტრაგედიას უკავშირებს. მათი მოსაზრებით, თუ ხელისუფლებას რეალურად სურს კრიმინალურ ცნობიერებასთან ბრძოლა, ეს უპირველესად განათლების სისტემის რეფორმირებით უნდა დაიწყოს.
“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არც ერთი ხელისუფლების პრიორიტეტი არ ყოფილა საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, სკოლა არ მუშაობს იმაზე, რომ ბავშვს ჰქონდეს ღირებულებითი არჩევანი, რა არის სწორი და რა – არასწორი. ახალგაზრდებს უჭირთ პასუხი გასცენ კითხვას, რა არის მათთვის უკეთესი: მიიღონ განათლება და უსმინონ საღამოობით განათლებულ, დაღლილ მშობელს, რომელიც ამბობს, ამდენი ვისწავლე და ვინ აფასებს ჩემს შრომასო, თუ ქურდული სამყაროს წესით მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც ფული აქვთ, კარგი ცხოვრება…
რომანტიზებული განწყობა ამ ინსტიტუტის მიმართ ისევ არსებობს საზოგადოების ნაწილში. გააზრება არ ხდება, ამიტომაც გვაქვს ეს შედეგი” – აცხადებს სამართალმცოდნე თამარ კორძაია.
წყარო ambebi.ge