უკრაინა შველას ითხოვს – რუსული სატანკო არმადა და 120 გემი თავდასხმისთვის მზადაა

“რუსეთის მთავარი იდეა ბერდიანსკისა და მარიუპოლის დაკავებაა”

25 ნოემბერს ქერჩის სრუტესთან რუსეთის მიერ უკრაინულ 3 გემზე თავდასხმისა და 24 უკრაინელი მეზღვაურის დატყვევების შემდეგ ახლა უკვე მოლოდინია, რომ ეს ინციდენტი უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზრდება.

როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რუსეთის გეგმაა, უკრაინის საზღვაო ქალაქები – მარიუპოლო და ბერდიანსკი ჩაიგდოს ხელში, ამით აზოვის ზღვის მთლიანი კონტროლი მოახდინოს და ერთი – უკრაინას გამოაცალოს საზღვაო ქვეყნის სტატუსი, მოწყვიტოს გეოპოლიტიკური არეალიდან და მეორე – ევროპულ უსაფრთხოებას შეუქმნას პრობლემა, აზოვის ზღვის კონტროლის შემდეგ კი შავი ზღვის მიმართულებით გააძლიეროს თავისი სამხედრო გავლენა.

აყველაფერი 25 ნოემბერს დაიწყო, როდესაც რუსულმა ხომალდებმა აზოვის ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში მიცურავდნენ და 3 გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. მათგან 6 მძიმედაა დაჭრილი.

რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი რუსეთს მოუწოდებს, მეზღვაურები გაათავისუფლოს, რუსეთი არ აპირებს ამ მოწოდების შესრულებას. უკრაინას 30-დღიანი საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

ამასთან, ქერჩის სრუტის ინციდენტის შემდეგ აშშ გეგმავს, შავ ზღვაში დამატებით მე-6 ფლოტის გემები შეიყვანოს და ამით უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადოს. აშშ და ევროკავშირი ახალი ანტირუსული სანქციების შემოღებასაც განიხილავენ.

რა ვითარებაა დღეს ქერჩის სრუტესთან

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა, მზადდება ახალი სანქციები, რუსულ მედიაში კი ატეხილია ისტერია, რომ უკრაინელები აპირებენ მარიუპოლიდან დონბასის მიმართულებით მასშტაბური შეტევის დაწყებას.

“სხვადასხვა წყაროები ამბობენ და რეალურიცაა, რომ რუსები გეგმავენ ახალი შეტევის დაწყებას აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთის მთავარი იდეა ბერდიანსკისა და მარიუპოლის დაკავებაა.

“რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თავი მოუყარა პირველ სატანკო არმიას, მე-8 და მე-20 გვარდიულ არმიებს. აზოვის ზღვაში 120 საბრძოლო გემის თავმოყრა შეძლეს, ასევე შავ ზღვაში გაზრდილია სამხედრო გემების რიცხვი”, – აღნიშნავს მაისაია.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ნაოსნობა გახსნილია უკრაინის სამოქალაქო და სავაჭრო გემებისთვის, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვის უკრაინულ პორტებში, მარიუპოლსა და ბერდიანსკიში, მიდიან, თუმცა აკრძალულია უკრაინული სამხედრო კატარღების შესვლა და უკრაინა სიტუაციას არ ამწვავებს.

“რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ აცხადებს, რომ აზოვის ზღვა მისი ტერიტორიული წყლებია. ქერჩის ხიდის აშენებით რუსეთმა ერთგვარი კარი შეაბა აზოვის ზღვას და უნდა ის მთლიანად თავის შიდა ზღვად გადააქციოს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერვე ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან რომ დავიწყოთ, 200 კმ-ზე მეტი სანაპირო ზოლი აზოვის ზღვაში უკრაინას რჩება და აზოვის ზღვა მთლიანად რუსეთის ვერ გახდება”, – ამბობს ალადაშვილი.

მისი თქმით, უკრაინაში არ გამორიცხავენ, რომ სერიოზული საბრძოლო სიტუაცია შეიქმნას და უშუალოდ რუსეთთანაც მოხდეს დაპირისპირება ისე, რომ რუსეთმა ვეღარ მოახერხოს მისი უშუალო ჩართვის ისე შენიღბვა, როგორც ეს დონბასში ხდება, როცა რეალურად რუსეთის შეიარაღებული ძალები იბრძვიან და მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ეს მებრძოლები ადგილობრივი დანაყოფები არიან.

“თუ სერიოზული დაპირისპირება დაიწყო, ერთ-ერთი მიმართულება აზოვის ზღვის სანაპირო – მარიუპოლო და ბერდიანსკი იქნება. თუ სიტუაცია ასე გართულდება, ეს საქართველოსაც შეეხება, როგორც შავიზღვისპირა ქვეყანას, თუნდაც ნაოსნობასთან დაკავშირებით”, – დასძენს ალადაშვილი.

რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინულ გემებზე თავდასხმა

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ამგვარი აგრესიით რუსეთს სურს, ხელი შეუშალოს სავაჭრო მიმოსვლას, რაც უკრაინას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის, ხოლო პერსპექტივაში, თუ სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია, გამორიცხული არ არის, რუსეთის მთავარი ინტერესი იყოს, უკრაინას მთლიანად ჩამოაჭრას სანაპირო ზოლი, როგორც აზოვის ზღვაში მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტები, ასევე შავ ზღვაში ოდესისა და ნიკოლაევის პორტები და უკრაინა მთლიანად მოსწყვიტოს ზღვაში გასასვლელს, დაახლოებით ისევე, როგორც ეს გააკეთა ყირიმში და ახლა აგრძელებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში”, – ამბობს ალადაშვილი.

ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთმა შეგნებულად წამოიწყო სამხედრო კონფლიქტი ქერჩის სრუტეში, მისი გეგმაა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრული ოკუპაცია (დღეს ნახევარს კიევი აკონტროლებს, ნახევარს – სეპარატისტები) და რაც მთავარია, საზღვაო ქალაქები – მარიუპოლო და ბერდიანსკი ჩაიგდოს ხელში.

მარიუპულოსა და ბერდიანსკის ხელში ჩაგდება ნიშნავს, რომ უკრაინას აცლიან საზღვაო ქვეყნის სტატუსს, კეტავენ აზოვის ზღვას და იწყებენ შავ ზღვაში ძალაუფლების კიდევ უფრო გაფართოებას.

მაისაიას თქმით, კრემლმა უკრაინაზე მორიგი აგრესია სამი მიზეზით დაიწყო.

პირველი – რუსეთში ვლადიმირ პუტინი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო, საპენსიო რეფორმის გამო მისი რეიტინგი 20%-ით დაეცა. ამიტომაც შიდა მოხმარებისთვის დასჭირდა, სადღაც “გაესროლა” და ამით თავისი მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, რომ გეოპოლიტიკური პრობლემების მოგვარებაა ახლა უმთავრესი.

მეორე – მომავალ წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ამ არჩევნებით გადაწყდება, რა მიმართულებით გააგრძელებს უკრაინა სვლას.

ამიტომაც დეკემბერში რუსეთის გააქტიურება პირდაპირ უკავშირდება არჩევნების წინ მძიმე და ისტერიული ფონის შექმნას, რომ შეძლოს ისეთი პოლიტიკური ძალის მოყვანა, რომელიც რუსეთთან ასე თუ ისე გარკვეულ დიალოგზე მაინც წავა.

მესამე – რუსეთის უმთავრესი მიზანია აზოვის ზღვის კონტროლი და თავდასხმის უმთავრესი მოტივიც ეს იყო. ამით ერთი, რომ უკრაინას წაართვას საზღვაო ქვეყნის სტატუსი და მეორეც – ევროპულ უსაფრთხოებას შეუქმნას პრობლემები.

“რუსეთისთვის მთავარი ამოცანაა, აზოვის ზღვაზეც დაამყაროს სრული კონტროლი. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინას ჩამოართმევს საზღვაო სახელმწიფოს სტატუსს, რაც ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს მას.

“ამიტომაც რუსეთის მიზანია, მარიუპოლი და ბერდიანსკი წაართვას უკრაინას. ასევე, აზოვის ზღვას გამოაცხადებს შიდა ზღვად და შეეძლება დამხმარე ტიპის შეიარაღების განლაგება, მაგალითად, განალაგებს დამრტყმელი სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა გემებს, რომ აზოვის ზღვიდან განახორციელოს “შეიარაღების რბოლა” და შავი ზღვის მიმართულებით გააძლიეროს თავისი სამხედრო გავლენა.

“ეს უკვე ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. აზოვის ზღვის კონტროლი ნიშნავს შავი ზღვის კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას, ეს არის გასაღები შავი ზღვის კონტროლისთვის ევროპული უსაფრთხოების მიმართულებით”, – ამბობს მაისაია.

დასავლეთი ახალი ანტირუსული სანქციებით იმუქრება

რუსეთის ამ აგრესიის გამო დასავლეთში ახალი ანტირუსული სანქციების შემოღება განიხილება. ოთხშაბათს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს, თუ 25 ნოემბერს დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს.

უკრაინის პრეზიდენტი კი ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპის პორტებში არ მიიღონ რუსული გემები და ეს იყოს ევროპიდან პასუხი რუსეთის ქმედებაზე.

ევროპის პარლამენტში სახალხო პარტიამ უკვე შეიტანა რეზოლუცია, რომ აზოვის ზღვიდან მომავალი რუსული გემებისთვის ევროპის პორტები დაიხუროს.

რეზოლუცია მიიღეს აშშ-ის კონგრესშიც, სადაც ნათქვამია, რომ “ქერჩის სრუტეში მოხდა რუსეთის მიერ სამხედრო აგრესია”, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა კი უნდა უპასუხონ რუსულ აგრესიას და უკრაინას საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად მიეცეს საშუალება ქერჩის სრუტით შეუფერხებლად ისარგებლოს.

პლუს, კონგრესმა გოლოდომორი უკრაინის გენოციდად აღიარა და განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს, უზრუნველყოს უკრაინელი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროებში დახმარება.

ნატო-ში კი განაცხადეს, რომ ალიანსი რუსულ აგრესიას უპასუხებს იმით, რომ უკრაინის არმიის გაძლიერებას შეუწყობენ ხელს და დეკემბრის ბოლომდე უკრაინელ სამხედროებს საკომუნიკაციო სისტემებს გადასცემენ. ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ეს პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

resonancedaily.com. alia.ge