პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: უცხოელებს, რომლებიც საქართველოში მათ საკუთრებაში არსებულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, უძრავი ქონება ჩამოერთვათ.

“უბედურება ის კი არ არის, რომ უცხო ქვეყნის სუბიექტმა დაირეგისტრირა მიწა საკუთრებაში, პრობლემა ის არის, რომ ამ მიწის საკუთრების უფლებას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. შესაძლოა, რამდენიმე ათასი ჰექტარი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ახლავს და საერთოდ არ დამუშავებულა. საკომიტეტო მოსმენებამდე არ მინდა რამე შეფასება მივცე, მაგრამ ამ მიმართულებით, სანქციებსაც განვიხილავთ. მათ შორის, შესაძლოა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ექსპროპრიაცია განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს საქართველოს მოქალაქეებიც სერიოზულად უნდა მოეკიდონ. ჩვენ მათ მიმართაც მკაცრი მიდგომები გვექნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც უცხოელების მიმართ. მოკლედ რომ შევაფასოთ, ერთის მხრივ გვექნება შეღავათები მათთვის ვინც დაამუშავებს მიწებს, ხოლო ვინც არ დაამუშავებს, მათ მიმართ მკაცრი სანქციები იარსებებს,” – განაცხადა ოთარ დანელიამ რადიო “პალიტრას” გადაცემაში.
alt.info