საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს!- პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

ქალბატონო სალომე, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტობას, ამ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დიდ და საპასუხისმგებლო მისიას, რომელიც გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ თავდადებით ემსახუროთ საქართველოს და ქართველ ხალხს!

 

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, სხვა მრავალ გამოწვევასთან ერთად, საქართველოს უმთავრესი პრობლემაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რის გარეშეც შეუძლებელია ოცნებაც კი, ქვეყნის სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე, განვითარებაზე! ყურადღებით მოვისმინე და შემდეგ წავიკითხე თქვენი საინაუგურაციო სიტყვა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ წერილობით მომემართა შემდეგი თხოვნით…

 

უმორჩილესად გთხოვთ, რომ ნუ გაიმეორებთ წინანდელი ხელისუფლების დამღუპველ უმძიმეს შეცდომებს და ახლანდელი ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობას, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ურთულეს პრობლემებს!..

 

თქვენი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის აქტიურობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, მის პერსპექტივაზე, რომ აღიდგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში!

 

ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემეული ხედვა ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

 

 

ღრმა პატივისცემით,

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

ამონარიდები ჩემი სტატიებიდან (2006 – 2017 წწ.), რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებთან!

 

 2008 წლის აგვისტოს ომამდე…

 

“სეპარატისტულ ავტონომიებთან დაკავშირებით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთი-ერთზე დარჩენა აბსოლუტურად მიუღებელია. შექმნილ ისტორიულ ვითარებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არ უნდა გამოირიცხოს ნეიტრალიტეტის იდეის გამოყენება, როგორც კომპრომისული გზის, რომელსაც საერთაშორისო გარანტორები ეყოლება. დიახ, ეს უნდა იყოს “ევროპული ნეიტრალიტეტი” (ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი) და არა ის, რასაც რუსეთი გვთავაზობს (მხოლოდ მისი გარანტიით!), რაც შელახავს საქართველოს სუვერენიტეტს და საბოლოოდ მოაქცევს მას რუსეთის გავლენის ქვეშ!.. სწორედ ამას არ ითვალისწინებენ ნეიტრალიტეტის იდეაზე უნდობლობით გამსჭვალული ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები. ეს არ გახლავთ ის ნეიტრალიტეტი, რომელიც ხშირად მაგალითად მოყავთ ამ იდეის მოწინააღმდეგეებს (არადა, თავად ვერაფერს გვთავაზობენ!), მხედველობაში მაქვს, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომელიც იყო ორმხრივი და არც საერთაშორისო გარანტორები ყავდა(!) და არც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეყრდნობოდა! გამთლიანებული საქართველოს ნეიტრალიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური და ყოველმხრივ დაცული, თუ ის დაეფუძნება საერთაშორისო სამართალს და მას ეყოლება საერთაშორისო გარანტორები – აშშ, რუსეთი, ევროკავშირი”!

 

“ბალტიის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია,ესტონეთი) ვახსენე და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბალტიის სახელმწიფოებს ნატო-ში შესვლისას არ ქონდათ ავტონომიური წარმონაქმნები (მითუმეტეს, სეპარატისტულები) თავის ტერიტორიებზე, რომლებიც ორიენტირებულები იქნებოდნენ რუსეთზე. ეს, რომ ასე ყოფილიყო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბალტიელები ნატოს წევრობის ფასად საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას არ დააყენებდნენ საფრთხის ქვეშ”!

 

 

“კოსოვოს პრეცედენტი”, საქართველოს არ უტოვებს დიდ დროს ფიქრისთვის, ხვალ შეიძლება ყველაფერი გვიან იყოს! “სანამ ურემი გადაბრუნდება”, აუცილებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წინადადებით მიმართოს აშშ–ს პრეზიდენტს ბუშს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და პრემიერს, მედვედევ-პუტინს, იმის თაობაზე, რომ ამერიკა და რუსეთი (ევროკავშირის მონაწილეობით) გახდნენ, საქართველოს ნეიტრალიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტები! როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლოuბის აღიარება”, ეს, რომ რუსეთის სურვილი ყოფილიყო, მაშინ, რუსეთი ამას განახორციელებდა 18 თებერვალს, ანუ, მეორე დღესვე, როცა 17 თებერვალს დასავლეთმა “ცნო” კოსოვოს “დამოუკიდებლობა”! როდესაც მოსკოვი ძაბავს სიტუაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მას აქვს ერთი მიზანი, რომ ამით მოახდინოს ზემოქმედება თბილისზე, რათა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანობის იდეაზე! ხოლო, თუ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს ხელმძღვანელობის გადარწმუნება, ამ შემთხვევაში, რუსეთი ძალის გამოყენების მეშვეობით ჩამოაცილებს საქართველოს მის ისტორიულ პროვინციებს და “აღიარებს” აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” “დამოუკიდებლობას”!

 

აგვისტოს ომის შემდეგ…

 

“როდესაც “ნაციონალები” საუბრობენ “თავისუფალი არჩევანის” უფლებაზე, ავიწყდებათ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქ მცხოვრები აფხაზები და ოსები არ ავლენენ არანაირ სურვილს, რომ ქართველებთან ერთად იცხოვრონ ერთიან საქართველოში, ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ “კომპრომისული არჩევანის” საშუალებით. ნათელია, რომ მესამედ გაპრეზიდენტებული პუტინი, “თავის გადაფურთხებულს არ ალოკავს”, ანუ, იგი არ მოახდენს ჩვენი სეპარატისტული პროვინციების “დამოუკიდებლობის” დეზავუირებას, თუ, საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან არ იქნება შეთავაზებული კონფლიქტების მოგვარების კომპრომისული სტრატეგია, რომლის აქტიური, პარიტეტული მონაწილე გახდება დასავლეთი. რუსეთმა, თუ არ გააუქმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობის აღიარება”, მაშინ, საქართველოს სუვერენიტეტი და ქვეყნის გამთლიანება მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი გააგრძელებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების “დამოუკიდებლობის” არაღიარების პოლიტიკას.

 

ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფხაზები და ოსები უარს არ იტყვიან “დამოუკიდებლობაზე”, თუ მათზე რუსეთმა არ მოახდინა “ზემოქმედება”, რის შედეგადაც ისინი ერთიანი საქართველოს სუბიექტები გახდებიან. საქართველოს პროამერიკული ორიენტაცია ვერ შეძლებს უზრუნველყოს საქართველოს დეოკუპაცია, გამთლიანება და უსაფრთხოება. საქართველო არ უნდა ეცადოს “დააჯახოს” ერთმანეთს ბირთვული ზესახელმწიფოები, ამერიკა და რუსეთი, ამით ჩვენს ქვეყანას ვერ გავამთლიანებთ, პირიქით, ქართველთა ინტერესი უნდა იყოს, რომ მოხდეს კონსენსუსი აშშ–სა და რუსეთს შორის, საქართველოს საკითხთან მიმართებაში.

 

დასავლეთში კარგად ესმით, რომ რუსეთი არ შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სააკაშვილის წასვლის შემდეგაც, თუ არ იქნება მიღწეული კონსენსუსი ამ საკითხში დასავლეთს, რუსეთსა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას შორის”.

 

“მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ჩიხური სიტუაცია იყო ავსტრიაში, სადაც მოლაპარაკებების შედეგად დასავლეთსა და სსრკ–ს შორის, მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ დეოკუპაციაზე, იმ პირობით, რომ ავსტრია გამოაცხადებდა ნეიტრალიტეტს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ავსტრიაში, კერძოდ ვენაში, პირველები საბჭოთა ჯარები შევიდნენ, მაგრამ, ვინაიდან ავსტრიაში კომუნისტური პარტია ძალიან სუსტი იყო, მათ ვერ შეძლეს მარიონეტული სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა. სსრკ-ს მიერ ავსტრიის ოკუპაცია 1945 წლიდან 1955 წლამდე გაგრძელდა. რუსებმა ამერიკელებს წაუყენეს წინაპირობა, რომლის არსი ასეთი იყო, – რუსები ავსტრიიდან ჯარებს იმ შემთხვევაში გაიყვანდნენ, თუ პარალელურად, მოკავშირეებიც: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, დატოვებდნენ მათ მიერ დაკავებულ სექტორებს. შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც, – ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, რომლის გარანტებიც ოთხივე მოკავშირე გახდა. 1955 წელს მოხდა ავსტრიის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის აქტის მიღება (იგი ახლაც ძალაშია), რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანონითაც (კონსტიტუცია) განისაზღვრა. ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ არის ნატო-ში. სხვათაშორის, იმდროინდელი ავსტრიის პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების დიდი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ნეიტრალიტეტისა და ნატო-ს შექმნისას სურდათ ალიანსში შესვლა, მაგრამ, – მხოლოდ ნეიტრალიტეტის მიღება იძლეოდა ქვეყნის დეოკუპაციის საშუალებას და მათ ეს არჩევანი გააკეთეს. ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ავსტრიელები არ შემცდარან და მათ აიხდინეს – ავსტრიული ოცნება. ქართველებმაც ავსტრიელების სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, – უარი ვთქვათ ნატოში შესვლაზე, თუ ეს გადაწყვეტილება (შეთანხმება დასავლეთსა და რუსეთს შორის) უზრუნველყოფს საქართველოს დეოკუპაციას და გამთლიანებას, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეუვალობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას”!

 

 

“საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ “საჩქარო არაფერი გვაქვს” და რომ – ქვეყნის გამთლიანების თვალსაზრისით, “დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს”! მაინტერესებს, ასეთმა “პოზიციამ და ხედვამ” რომ არ გაამართლოს, მაშინ ვინ აგებს პასუხს ხალხისა და კანონის წინაშე?! იქნებ, მხოლოდ ნაძირალა სააკაშვილზე და ნაცმოძზე “ფიქრობენ” ყველაფრის გადაბრალებას?! დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, “სააკაშვილი და ნაცხროვა “არაპრინციპული და არაკორექტული იყო” და ამიტომ ვერ შეძლეს რუსეთის “დარწმუნებაო”, ხოლო ჩვენ შევძლებთ “კორექტული და პრინციპული” პოლიტიკით დავარწმუნოთ რუსეთი იმაში, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება მისთვის “საშიში” არ არისო”!. ბატონებო, ასეთ “არგუმენტზე” რუსები გვიპასუხებენ, რომ – “თქვენზე კარგად ვიცით, ჩვენთვის რა არის “საშიში”, ანუ კარგი და ცუდიო”, – ირონიით, იმასაც მოაყოლებენ, – “თქვენს თავს მიხედეთო..”! მოკლედ, ახალი ხელისუფლების “ზრდილობიანობის გამო” რუსეთი ჩვენი 2 რეგიონის “დამოუკიდებლობის აღიარებებს” უკან არ წაიღებს!! ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ახალი, ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გამთლიანების საშუალებას მისცემს ქვეყანას მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში! ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგივე, “ნაცმოძური” რიტორიკა, ოღონდ “ზრდილობიანი”, გაგრძელდება, მაშინ ქვეყნის 20% შეუქცევადად დაიკარგება!.. დიახ, დღევანდელ ხელისუფლებას შეუძლია და სწორიც იქნება, თუ წინანდელ (“ნაცმოძრაობა”) ხელისუფლებაზე მოახდენს აპელირებას იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელმაც ასეთი მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა მათ და სრულიად საქართველოს! მაგრამ, ეს არ კმარა! ამავდროულად, აუცილებელია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ დაანახვოს ქვეყნის მოსახლეობას და უცხოეთის სახელმწიფოებს, თუ რით განსხვავდება მისი პოზიცია ძველი ხელისუფლების მიდგომებისაგან და როგორ, რა სტრატეგიის შეთავაზებით აპირებს იგი ამ ურთულესი პრობლემების მოგვარებას”!

 

 

“საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში ვერ განხორციელდება, თუ საქართველოს თავზე “დამოკლეს მახვილივით” ეკიდება რუსეთის ხელახალი შემოჭრის საფრთხე და გაგრძელდება დღევანდელი ოკუპაცია! მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი წლების მანძილზე მხარს უჭერდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს, არ აღიარებდა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას და ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში მიღებულ ყველა ოფიციალურ დასკვნაში თუ რეზოლუციაში! მხოლოდ, სააკაშვილის და მისი პარტიის ავანტიურისტული მმართველობის პერიოდში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობა აღიარა”! რაც შეეხება, დეოკუპაციას… აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების (გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბულგარეთი) დეოკუპაცია, – მოლაპარაკებების და ურთიერთგაგების ატმოსფეროში განხორციელდა! ავღანეთშიც კი, – დიალოგის რეჟიმი უძღოდა წინ ავღანეთის დეოკუპაციას! ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მდგომარეობა გაცილებით მძიმეა და აი რატომ. აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, რუსეთს ეთნიკურ უმცირესობებში სეპარატისტული მოძრაობების სახით დასაყრდენი არ ჰქონდა! 90-იან წლებში, რუსებმა მოახერხეს, რომ დასავლეთს ეთნოკონფლიქტის კვალიფიკაცია მიეცა რუსეთის მიერ ინსპირირებულ მოვლენებისათვის საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში!

 

აქედან გამომდინარე, რუსეთის ოკუპაცია საქართველოს 20% ტერიტორიაზე ეფუძნება აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს, ანუ ეს არ არის მარტო რუსულ-ქართული პრობლება, თორემ, რუსებს ოკუპირებული რომ ჰქონდეთ, უბრალოდ სადავო (მაგ. სასაზღვრო) ტერიტორიები, მხოლოდ ქართველებით დასახლებული (ან სულაც დაუსახლებელი), მაშინ, რა თქმა უნდა, საკითხის მოგვარება გაცილებით იოლი იქნებოდა!.. რუსეთი ამოფარებულია აფხაზური და ოსური ეთნოსების სეპარატისტულ მისწრაფებებს, რომ მათ არ სურთ ქართველებთან ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება, თანაც, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გამოიყენა (სააკაშვილის სიბეცის, ვოლუნტარიზმის გამო!) იმისთვის, რომ ამ ხალხების და რეგიონების “დამოუკიდებლობა ეღიარებინა”! აი, ასეთი “გორდიას კვანძია” გასახსნელი… მხოლოდ სახალხო დიპლომატიით და საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული “მიზიდულობის” გაზრდის იმედად, ეს პრობლემა ვერ გადაწყდება, თანაც, დრო “არ ითმენს” და ჩვენ სულ უფრო ვშორდებით სოხუმსა და ცხინვალს, იქაურ ახალი თაობის საზოგადოებებს, გაუცხოება ჩვენს შორის დღითი დღე ღრმავდება!.. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზები და ოსები რუსეთს არ მიიჩნევენ ოკუპანტად, პირიქით, მადლიერები არიან რუსების და მხოლოდ რუსეთის გარანტიით და მონაწილეობით თანხმდებიან საქართველოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას”!

 

“მოსკოვი თავისი გადაწყვეტილების უკან წაღებას – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის აღიარების” შესახებ, საკუთარი თავმოყვარეობის შელახვად და აფხაზების და ოსების “ღალატად” მიიჩნევს, მეტიც, ცდილობენ, რომ ამ რეგიონების “დამოუკიდებლობის აღიარებას” კვლავაც ხელი შეუწყონ. ამის საპირისპიროდ, საქართველო დასავლეთის მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების “არაღიარების” პოლიტიკას! დასავლეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის კომპრომისების და შეთანხმების გარეშე, საქართველოს დეოკუპაციის და გაერთიანების საკითხი არ და ვერ გადაწყდება! თავს ნუ მოვიტყუებთ და გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება საერთაშორისო გარანტიების (გარანტორების: გაერო, ევროკავშირი, ეუთო) გარეშე შეუძლებელია! ოსებიც და აფხაზებიც რომ დაინახავენ “ძლიერთა ამა ქვეყნის” საერთო ნებას საქართველოს საკითხის საბოლოო მოგვარებისათვის, მათთან ჩვენი შიდა დიალოგიც შედეგიანი იქნება!.. მოკლედ, ხანგრძლივი სტაგნაციაა მოსალოდნელი ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში… მაგრამ, ვფიქრობ, რომ მაღალი პოლიტიკური ნებელობის გამოჩენის შემთხვევაში, შეიძლება მოიძებნოს ისეთი ფორმულა, რომელიც შედეგზე გათვლილი გადაწყვეტილების მიღებისას ღირსებას შეუნარჩუნებს, როგორც საქართველოს და რუსეთს, – ისე, აფხაზებსა და ოსებს!.. ჯერ, “წითელ ხაზებზე” ვერ ისაუბრებენ, მაგრამ, აუცილებლად მოუწევთ, რაც ადრე დაიწყებენ, მით უკეთესი!.. ვითარება ჩიხურია როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვისაც, რა თქმა უნდა, პუტინი თავის გადაფურთხებულს არ და ვერ ალოკავს (საქართველოს რეგიონების “აღიარების უკან წაღება”), ყველაზე მეტი, რაც მას შეუძლია ამ ეტაპზე გააკეთოს, არის ის, რომ “ხელი არ შეუშალოს” აფხაზების, ოსების და ქართველების შერიგების პროცესის დაწყებას!.. მაგრამ, რუსეთი, ყველა შემთხვევაში მოითხოვს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან გარანტიებს და კომპრომისს იმისა, რომ… და აი აქ, ჩვენ, ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს საქართველო, უფრო სწორად, როგორი ალტერნატიული სტრატეგია უნდა შევთავაზოთ რუსეთს, ევროპა-ამერიკის მონაწილეობით, რათა არავის “ღირსება” არ შეილახოს”!

 

 

“დასავლეთში, ჩვენი მთავარი პრობლემა ბევრისთვის მოსაბეზრებლად და რუსეთთან ურთიერთობებისათვის ხელისშემშლელად გაიწელა… ქართველები არაღიარების სტრატეგიის წყალობით ვინარჩუნებთ ქვეყნის გამთლიანების მკრთალ პერსპექტივას, მაგრამ როდემდე… დაუსრულებლად ეს ვერ გაგრძელდება… საქართველოსთვის საშიშროების შემცველი იქნება ის მდგომარეობა, თუ “განაწყენებული” ამერიკელების და “სალდაფონი” რუსების ინტერესთა დამთხვევა მოხდება!.. რიჩარდ ნორლანდისა და გრიგორი კარასინის გამონათქვამები მაქვს მხედველობაში! მოკლედ, გასარკვევია, საქართველოსგან თუ რა კომპრომისის შემთხვევაშია შესაძლებელი, რუსების მიერ ჩვენი მხარეების “დამოუკიდებლობის აღიარების” გაუქმება და საქართველოს გამთლიანებაზე დათანხმება.! სააკაშვილმა ქართველებს “ისე ღრმად შეგვატოპინა”, რომ ამერიკელების “დათანხმება” იმაზე, რომ საქართველო თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად კომპრომისზე, ანუ “გარკვეულ მსხვერპლზე მიდის”, ძალიან რთული იქნება!.. არადა, “წკიპზეა” ჩვენი საქმე… ხომ გახსოვთ, ამერიკის ელჩმა ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა, რომ “ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც რუსები – ქართველებს, და ამისთვის ქართველებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ!”, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოოდგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემებთან განაცხადა: “ყველას ავიწყდება, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი აღარ არის”!

 

“რუსეთმა მავთულხლართებით დასერა ქართლის შუაგული (დიცი, დვანი და ა.შ.), მოკლედ, მოიწევს… ქართველების რეაქცია ასეთია, – ჩასვლა ამ სოფლებში (2-3 საათით!) და თეატრალიზებული წივილ-კივილის მოწყობა, რუსების და პუტინის მრავალსართულიანი გინება, მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, თუ როგორ გვამცირებენ რუსები და თუ, როგორ “არ ვეგუებით” ამას ჩვენ, ქართველი “პატრიოტები”!.. საქართველოს ახალი ხელისუფლების მესიჯი კი ასეთია, – არ ავყვეთ პროვოკაციას, ეს ჩვენი “ტესტია” გამძლეობაზე და ა.შ… “ძველი” ხელისუფლების (ნაცების) რეაქცია კი შემდეგია, – აი, ხომ გეუბნებოდით, რომ რუსეთთან “არაფერი გამოვა” და ჩვენს მიერ წარმართული პოლიტიკა სწორი და ერთადერთი იყო, 2008 წლის აგვისტოშიც და საერთოდ! ნუთუ, ამას დიდი ცოდნა და ანალიზი სჭირდება, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ანუ – ყოფილი ავტონომიური ოლქის (ე.წ. “სამხრეთ ოსეთის”) ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მთელს პერიმეტრზე (შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭაში, მცხეთა-მთიანეთში), სადაც ვაკე და მოშიშვლებული ადგილებია, შეგნებულად, პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, ყველგან გააბამს მავთულხლართებს და დააფიქსირებს “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს”, ჩვენთვის საოკუპაციო ხაზს (ზოლს)!.. იგივეს მოიმოქმედებს მდინარე ენგურის გასწვრივ, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მთელს პერიმეტრზე… და ამას რუსეთი გააგრძელებს მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის შემუშავებისას არ გაითვალისწინებს იმას, რომ მისი ქვეყნის 20%-ზე მეტს იგი ვერ აკონტროლებს და თუ უნდა ამ სურათის კარდინალურად შეცვლა, მაშინ მას მოუწევს რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება სამხრეთ კავკასიის რეგიონში!.. ეს არის და ეს. ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ახალი ხელისუფლების მიერ არ შეცვლილა, უბრალოდ “ზრდილობიანი” გახდა… ვეღარ გავიგეთ, რომ რუსეთი იმას “არ ჭამს”, რომ კულტურულ-ჰუმანიტარულ და სავაჭრო-სატრანსპორტო “ლაქუცით” დათმოს თავისი გეოსტრატეგიული პოზიციები, განსაკუთრებით კავკასიაში!.. “ნახევარფაბრიკატებით” პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან ვერ და არ აიგება, ეს უნდა ვიცოდეთ, ასეთი მასშტაბის და მოცემულობის ქვეყანაა… მოკლედ, ჩვენ რომ “რუსეთისმცოდნე” მინისტრების და პარლამენტარების ჯგუფი გვყავს, რომლებსაც დიდი პრეტენზია აქვთ ამისა და თავი მოაქვთ “ურთულესი სქემების ავტორობით”, რომლებსაც თურმე “ყეყეჩი” რუსები 100 წელი ვერ გაშიფრავენ, აი, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ – მათნაირ “ანალიტიკოსებს” რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ასპირანტურაშიაც კი მოხვედრის შანსი არა აქვთ, არათუ იმისა, რომ კრემლის “ათას თეორიებზე გადამხტარი თავები გააცურონ”, ვლადისლავ სურკოვის მეთაურობით”!

 

“ეტყობა, რომ ეს ერთი წელიწადი მართლა დიდი პრესი იყო ბიძინა ივანიშვილზე, სხვადასხვა მხრიდან… მაგრამ, თუ გვინდა ქვეყნის გამთლიანების საკითხის დაძვრა, ამისთვის უნდა დაიდოს შესაბამისი სტრატეგია, რომელიც უნდა განიხილებოდეს იმ “დიდ კაბინეტებში”, სადაც მსოფლიო პოლიტიკის მთავრი საკითხები წყდება, ესენია – ვაშინგტონი, მოსკოვი და ჩვენს შემთხვევაში “შუამავლებად”, პარიზი და ბერლინი!.. აბა, მსოფლიო და ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სტრასბურგში, ვენაში და მეტიც ბრიუსელშიც კი, მხოლოდ ზევით დასახელებულ დედაქალაქებში გადაწყვეტილი საკითხების “ვიზირება” ხდება!!.. ამას, უბრალო ენაზე – დიდი პოლიტიკა ჰქვია, ჩვენ კი, დღესაც ამ მიმართულებით “ნაცური” ხელისუფლების ფიარპოლიტიკის ტყვეობაში ვართ, თან, მუხლები უკანკალებთ “მეოცნებეებს”, რომ “ნაცებმა” პარლამენტში ან მედიაში შენიშვნა არ მისცენ.!.. ასე, “კაი ხანს ვერ გავფრინდებით” და სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალოს”!

 

“მე არ ვიცი, თუ საიდან და რის საფუძველზე აქვთ ასეთი “არარეალურად ოპტიმისტური” განწყობა ქართველ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გაისად საქართველოსთვის ვარშავის ნატო–ს სამიტზე მაპ–ის (Membership Action Plan – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.) მიცემა სავსებით შესაძლებელია, მეტიც, შეიძლება მაპ–ის გარეშეც მიგვიღონ ნატო–ში?! მაგრამ, თუ დავუბრუნდებით რეალობას, საღად გავაანალიზებთ ჩვენს გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ სურათს და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის “მრავალნაირ” სცენარებს და მიზნებს საქართველოსთან მიმართებაში, მაშინ, თუ მართლაც არ ხართ საქართველოს მტერი, ანდა პოლიტიკურად ბრიყვი და ბეცი, აუცილებლად დაინახავთ და მიხვდებით, რომ მოვლენების ამდაგვარად განვითარების შემთხვევაში, რუსეთი განახორციელებს საქართველოს ორი რეგიონის ანექსიას, რომლებიც ამჟამად აქვს “დამოუკიდებელ სახელმწფოებად აღიარებული”.

 

დიახ, ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთის მოქმედების სტრატეგია და მისი ტაქტიკური მონახაზი “დაეფუძნება” საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ანუ, რუსეთი “სხვადასხვა პასუხს გასცემს” საქართველოს მოქმედებას ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე. მოკლედ, თუ საქართველოს მაპ–ს მისცემენ, მაშინ, რუსეთი ე.წ. სამხეთ ოსეთში “ჩაატარებინებს რეფერენდუმს”, რომელშიც იქნება ერთი საკითხი – “სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთი – ალანიას გაერთიანება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში”, – რასაც 99,9 % მცხოვრებლების დადებითად უპასუხებს. აი, ასე მოხდება ცხინვალის რეგიონის ანექსია და სადაც ახლა საოკუპაზიო ხაზთან “სასაზღვრო ბანერებს” დგამენ რუს–ოსები, რომლებსაც “რესპუბლიკა იუჟნაია ოსეტია” აწერია, მას უკვე დააწერენ – “გოსუდარსტვენაია გრანიცა როსსისკოი ფედერაციი”!.. ასე რომ, კარგად დაფიქრდით ქვეყნის ხელისუფლებავ, რადგანაც ამ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება, არათუ ახლანდელი თაობებისთვის, არამედ ქართველების მომავალი თაობებისთვისაც შეუძლებელი იქნება”!

 

 

“თანამედროვე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ამ პრობლემის სირთულის და ხნოვანების გათვალისწინებით, საქართველოს გამთლიანების საკითხის მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება შეთანხმება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მუხლჩაუხრელად, თანაბრად უნდა იღვაწოს ორივე მიმართულებით. ეს პარიტეტია დასაცავი, არცერთი მილიმეტრით არ უნდა გადაუხვიოთ მას, არც აშშ-სკენ და არც რუსეთისკენ, თორემ არაფერი გამოვა, ანუ საქართველოს ვერ გავამთლიანებთ. მარტივად რომ ვთქვათ, ვაშინგტონმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რას ვსაუბრობთ მოსკოვში და პირიქით, მოსკოვმა ზუსტად უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლების ნასაუბრები ვაშინგტონში, ანუ სრული ღიაობაა საჭირო, სხვაგვარად, მოლაპარაკების პროცესს დაბლოკავს, როგორც ერთი ისე მეორე. იმისათვის, რომ საქართველომ დაძრას ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან, აუცილებელია შემდეგი პოლიტიკური ინიციატივა. – საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, წინადადებით (თხოვნით?!) უნდა მიმართონ აშშ–ის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს იმის თაობაზე, რომ ამერიკა და რუსეთი (ევროკავშირის და გაეროს აქტიური მონაწილეობით) გახდნენ საქართველოს ნეიტრალიტეტის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტები (გარანტორები)!” — საქართველოსთვის ამ ურთულესი პრობლემის სხვაგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი და დიპლომატიური გადაწყვეტა არ არსებობს”!

 

“აფხაზების და ოსების უდიდესი უმრავლესობა რუსეთს ოკუპანტად კი არა, ქართველებისგან “განმათავისუფლებლად” თვლიან და უაღრესად მადლიერები არიან რუსების! ჰოდა, მოდით ამის შემდეგ იმ “სტრატეგიის” იწამეთ რამე, რომელიც მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთამ დიალოგის იმედად არის, რის შემდეგაც, მათ თურმე “მოუნდებათ” ერთიან საქართველოში დაბრუნება?! შეცდომას უშვებს ის, ვინც უარყოფს იმის საჭიროებას, რომ საქართველომ რუსეთთან მოლაპარაკების შედეგად შეძლოს აფხაზების და ოსების დათანხმება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე! საქართველოს ამ ისტორიულ მხარეებში, სწორედ რუსეთია ავტორი და შემომქმედი აფხაზურ-ოსური სეპარატიზმისა! აქედან გამომდინარე, – ვინც შექმნა აფხაზეთში და ე.წ. “სამხრეთ ოსეთში” სეპარატიზმის კერები და ათეულობით წელი კვებავდა მას, ვინც ამზადებდა შესაბამის კადრებს, ვინც აყალბებდა ამ კუთხეების ისტორიას და ვინც თესავდა ეთნიკურ შუღლს ჩვენს ხალხებს შორის, ვინც სამხედრო დახმარება გაუწია და ომი “მოაგებინა” სეპარატისტებს, ვინც მათი “დამოუკიდებლობა აღიარა”, ვინც ეკონომიკურად და ფინანსურად 100%-იან დახმარებას უწევდა და უწევს, და ბოლოს, ვინც ავლებს მავთულხლართებს, აფიქსირებს “საზღვრებს” და ყოველ წუთს მზადაა, ამ რეგიონებში განთავსებული სამხედრო ბაზების მეშვეობით დაიცვას აფხაზების და ოსების “დამოუკიდებლობა” საქართველოს “თავდასხმისაგან, – განა, სწორედ ამ ოკუპანტ რუსეთთან არ უნდა აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები?! აბა, ისე როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება, თუ ოკუპანტს არ ესაუბრები?! თუ გგონიათ ვინმეს, რომ ერთხელაც, ცუდ ხასიათზე გაიღვიძებენ რუსები და თავისით გავლენ ჩვენი რეგიონებიდან”?!

 

“სხვა ქართველი პოლიტიკოსებისა თუ ანალიტიკოსებისაგან განსხვავებით, “რომანტიკოსი ოპტიმისტი” ვერ ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ განვაცხადო, – “რუსეთი”ვერ გაბედავს, ვერ გააკეთებს, ვერ შეძლებს” და ა.შ., იმ ყველაფრის ამოქმედებას, რაც რუსეთისთვის სასურველ შედეგს მოიტანს, პირიქით, რუსეთი და მისი ერთმმართველი პრეზიდენტი პუტინი, ყველაფერზე წავლენ, თუკი რუსეთის “სტრატეგიული ინტერესები” არ იქნება დასავლეთის მიერ გათვალისწინებული – კავკასიის სუბრეგიონში! მით უმეტეს, რომ სამხედრო ბაზები აქვს ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში და “ნაღიარები” აქვს მათი “დამოუკიდებლობა” და ვინმეს ჰგონია, რომ იგი ამას არ გამოიყენებს?! ქართულ საზოგადოებას მინდა შევახსენო, ხოლო ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ ეს სულ გვახსოვდეს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე, გამომდინარე აქედან ვიმოქმედოთ ისე, – საბედისწერო შეცდომები აღარ დავუშვათ!.. დიახ, “ცხინვალური” ეს განცხადებები, – “ორი ოსეთის გაერთიანებაზე” – რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ზუსტად ეხმიანება იმ განცხადებას, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს გააკეთა პუტინმა… – ციტატა, ჟურნალ “შპიგელიდან”: “..გერმანიაში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ როგორც გერმანელი ერი გახდა მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომის შედეგების (გერმანიის ომისშემგომი გაყოფა ჰქონდა მხედველობაში, გფრ-ად და გდრ-ად!), ასევე, ოსი ერი არის მსხვერპლი საბჭოთა კავშირის დაშლის, რის შედეგადაც ოსეთის “ჩრდილოეთი” და “სამხრეთი” სხვადასხვა ქვეყნების (რუსეთის ფედერაცია, საქართველო) შემადგენლობაში აღმოჩნდა. პუტინმა, ოს ხალხს “გაყოფილი” ხალხი უწოდა, ხოლო მათ მისწრაფებებს “გაერთიანებისკენ – გასაგები”!!.. მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადებაც ვოლგოგრადის ტერაქტების შემდეგ ამაზე მეტყველებს, როცა “ვიღაცებს” დაემუქრა, რომ რუსეთი ამის პასუხად “ახლო აღმოსავლეთის რუკას შეცვლის”!

 

“ხელისუფლების მხრიდან, ზედაპირული და საგანგაშოა იმის განცხადება, რომ – “რუსეთი ამაზე მეტს რას გააკეთებს, როცა ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვსო. გამოდის, რომ სამთავრობო გუნდი, ვინც დაკავებულია საგარეო და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებით, ვერ ხედავს იმ საშიშროებას, რომელმაც შეიძლება შეუქცევადი გახადოს ჩვენი 2 რეგიონის, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან საბოლოოდ ჩამოშორების საკითხი.! თუ რუსეთთან დროულად დიალოგი არ გავმართეთ და მხოლოდ ვიმეორეთ სამთავრობო დონეზე, რომ – “საქართველოს დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან მოგვარდებაო”.. – მაშინ, დიდია ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოზე ზემოქმედების დამატებით ბერკეტებს აამოქმედებს… რუსეთი განაახლებს აფხაზეთის “დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს” (მისი “აღიარებების” გაგრძელება, მათ მოპოვებაში ხელის შეწყობა და სხვა), “საბაჟო კავშირში” შეიყვანს მას, “ევრაზიულ” კავშირში შემდგომი გაწევრების მიზნით!.. ხოლო, “სამხრეთ ოსეთის” მიმართ რუსეთის გეგმა უფრო “მარტივია”, რეფერენდუმის ჩატარების საფუძველზე “გაყოფილი ოსი ხალხის და ორი ოსეთის გაერთიანება” – მისი “მიღება” რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში!.. ეს თუ მოხდა, მაშინ ყოველივე დამთავრებულია და რუსეთის შემდგომმა პრეზიდენტმაც “ჩარხის უკან დატრიალება” რომც მოინდომოს, ეს შეუძლებელი იქნება, განსხვავებით დღევანდელი სიტუაციისა, როცა კიდევ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება!.. სწორედ, ქვეყნის გამთლიანებისათვის და დეოკუპაციისათვის არის საჭირო რუსეთთან წინსწრებითი დიალოგი (“სანამ ურემი გადაბრუნდება”!), ახალი, ალტერნატიული სტრატეგიული ხედვა, თუ არადა, დაგვიანდება ყველაფერი!.. ევროპას “დავუახლოვდეთ” და ამის ფასად ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი დავთმოთ?! ამას, არც ისტორია, არც წინაპრები, არც თანამედროვეობა და არც მომავალი თაობა – არც ერთ ხელისუფლებას არ აპატიებს”!

 

 

“გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთთან დიპურთიერთობა გაწყვეტილია და სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი კავშირები არ არის, გარდა აბაშიძე-კარასინის ფორმატისა, მიზანშეწონილი და ყოველმხრივ მისაღები იქნება, რომ პირველი შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას შორის გაიმართოს მესამე, ანუ ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიაზე… მაგრამ, საქმე ის არის, რომ ოლიმპიურ სოჭში პუტინის ამ “რეპლიკამ” არასტანდარტული სიტუაცია შექმნა, რომელიც სწრაფ ანალიზს და ოპერატიულ პოლიტიკურ მოქმედებას მოითხოვს, კარგად გათვლილი ტაქტიკური სქემის მიხედვით!.. დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად და რა გარემოში მოხდება ეს პირველი კონტაქტი პირველ პირებს შორის, ხანგრძლივი, 6-წლიანი გაწყვეტილი კავშირების და უაღრესად დაძაბული პერიოდის შემდეგ, რომელიც არც დღეს არის განმუხტული!..

 

პრეზიდენტ პუტინის რეპლიკის (“წამოცდენა” გამორიცხულია!) “თარგმნას” და დეტალურ განხილვას არ შევუდგები, მაგრამ მისი ეს რეპლიკა “მიპატიჟებას” ჰგავდა და სწორედ ოლიმპიადის დღეებში!.. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მისაღები ქალაქია სოჭი, იგი ქართველებისთვის ბევრად უფრო “მშობლიურია”, ვიდრე მოსკოვი ან პეტერბურგი!.. მიმაჩნია, რომ ასეთი შემთხვევა საქართველოს და რუსეთის პირველი პირების შეხვედრისათვის შეიძლება დიდი ხნის მანძილზე აღარც გამოჩნდეს! ვინაიდან, პრესტიჟის და ღირსების შელახვის მომიზეზებით, კიდევ ხანგრძლივი დროით გაიჭიმება ასეთი შეხვედრის ორგანიზება”!

 

“შარშან, უკრაინაში დაწყებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა სეპარატისტული განწყობები გაამწვავა ყირიმის ავტონომიაში, რაც წელს, მარტში ყირიმის რეფერენდუმით და რუსეთთან “მიერთებით (ანექსია) განვითარდა”! ამ ფაქტმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების დღემდე არსებული სტრატეგია (რუსეთთან რიტორიკის შერბილება, ურთიერთობების “დალაგების სურვილი” და ა.შ.) ქვეყნის გამთლიანებისათვის არ არის საკმარისი! ცხადი გახდა, რომ დასავლეთის მიერ შემოთავაზებული “სტრატეგიული მოთმინების” პოლიტიკა სასურველ შედეგს არ მოგვიტანს, მით უმეტეს, არც ის რიტორიკა გამოგვადგება, რომ საქართველომ – “საბოლოოდ და შეუქცევადად გააკეთა ესა თუ ის არჩევანი” და იგი “გადახედვას არ ექვემდებარება”?! უკაცრავად და, ვის “ვემუქრებით” და “ვისი, ან რისი იმედით”?! ასეთი ხისტი სტრატეგიით დეოკუპაციის და ქვეყნის გამთლიანების ნაცვლად, ანექსია “არ მივიღოთ!” ამაზე, “თუ გიფიქრიათ”?! დიახ, რეალობა ასეთია, რომ წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ხელისუფალთა მიერ წარმოებულმა და დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებულმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიამ და ტაქტიკამ, სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა და, როგორც ჩანს, ვერც მომავალში მოგვიტანს! დიდი მტკიცებულებები ამას არ სჭირდება, აგერა გვაქვს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ცხელ-ცხელი მაგალითი, რომელსაც დასავლეთი “წინ არ და ვერ აღუდგა” (დასავლეთი, “შემოიფარგლა” სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ!ძ!. ანუ, მთელი ეს წლები დასავლეთის და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებების მიერ, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება საჭირო დონეზე არ ხდებოდა, რათა საქართველოს გამთლიანების საკითხს თუნდაც “მივახლოვებოდით”. იმის მოლოდინი, რომ “დასავლეთის ზეწოლის შედეგად რუსეთი უკან დაიხევდა”, – არ გამართლდა და ეს ცხადად გამოჩნდა უკრაინის მაგალითზე, სადაც დასავლეთის მხრიდან “მაიდნის მხარდაჭერას” და რუსეთის პოლიტიკური ინტერესების იგნორირებას, – ყირიმი “შეეწირა”! იგივე შეცდომებია დაშვებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართებით, როცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ წარმოებულ აგრესიულ რიტორიკას რუსეთის მიმართ, საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რაც რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციით და ქვეყნის 2 რეგიონის “დამოუკიდებლობის აღიარებით” დასრულდა! ამის საპასუხოდ კი, სააკაშვილის რეჟიმის ლობისტმა დასავლურმა პოლიტიკურმა წრეებმა, “აღშფოთება-შეშფოთება გამოხატეს”! მსგავსი “ისტორია” მეორდება უკრაინაშიც, – უკრაინის მიერ ყირიმის დაკარგვა და ჯერ კიდევ მოსალოდნელი შემდგომი გართულებები!.. ამ მიმართულებით, საქართველო დასავლეთის მონიტორინგის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა და იგივე გრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. და რა? არათუ, “საქართველოს გამთლიანების” საკითხი არ დაიძრა მკვდარი წერტილიდან, არამედ “დამატებით”, დასავლეთს, დიახ-დიახ, – უპირველესად დასავლეთს და არა უკრაინას, – რუსეთმა “ცხვირწინ ააწაპნა” ყირიმის ნახევარკუნძული!.. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება, დღეს არსებული და წარმოებული პოლიტიკით. ამიტომ აუცილებელია, რომ ქართულმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ “ყირიმის ისტორიიდან” შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ”!

 

“არავინ უარყოფს დასავლეთის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს გამთლიანების საქმეში, მაგრამ, აწი მაინც გავითვალისწინოთ ის, რომ “დასავლეთის მხრიდან ზეწოლის იმედად”, – რუსეთს ოკუპაციაზე და ჩვენი რეგიონების “დამოუკიდებლობის აღიარებაზე”, – ხელს ვერ ავაღებინებთ!! “ზეწოლა” რუსეთთან არ გავიდა და არც გავა, მასთან – მხოლოდ მოლაპარაკებაა შესაძლებელი და ეს დაადასტურა ყირიმის ანექსიამ, რაც კიევის “მაიდნის რევოლუციას” მოჰყვა!.. და ერთიც, წელს ევროკავშირთან “ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა” და მაპ-ის მიღებაც კი (რომც მოგვცენ!), ვერ შეცვლის და ვერ შეაჩერებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისადმი!.. მეტსაც გეტყვით, სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთმა ამის საპასუხოდ იგივე მოიმოქმედოს, რაც ყირიმის შემთხვევაში, ანუ – “მიიერთოს” (ანექსია) აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჩატარებული “რეფერენდუმების საფუძველზე”!..

 

უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის და პრაგმატული ორმხრივი კომპრომისების გარეშე ფართო კონსენსუსის საფუძველზე – საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში!.. საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შესთავაზოს გამჭვირვალე სტრატეგიული ხედვა, სადაც აშშ-ევროკავშირის და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოში პარიტეტული იქნება, ისინი კი, თავის მხრივ პოზიტიურ როლს ითამაშებენ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების საბოლოო მოგვარებაში!!.. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შექმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული”!

 

“მინდა ვუთხრა ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებს: ნუ შეეშინდებათ “ნაცმოძის” გაკოტრებული პოლიტიკური ძალის მხრიდან მათი მისამართით გამოთქმული კლიშეების და ბრალდებების, როდესაც ახალ, ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავებაზე დაიწყებენ ფიქრს და მოქმედებას! ცნობილია, რომ “ნაცოპონენტები” ყველას “რუსეთუმეებს” უწოდებენ, ვინც მათ მოსაზრებებს არ იზიარებს და ამხელს სააკაშვილის რეჟიმის უგუნურ, წინდაუხედავ პოლიტიკას, რომელმაც ქვეყნის გამთლიანების ნაცვლად, უფრო დაანაწევრა იგი და თითქმის უიმედო გახადა მისი გამთლიანების შანსი! “ნაცმოძის” პოლიტიკურად გაკოტრებული ლიდერები, სააკაშვილის მეთაურობით, ლამის აშშ-ს პრეზიდენტს ობამას დებენ ბრალს “პუტინთან მეგობრობაში” იმის გამო, რომ ამასწინათ, პრეზიდენტმა ობამამ თავშეკავებული განცხადება გააკეთა საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით! სააკაშვილზე და “ნაცმოძზე” გადაბრალება იმისა, რომ მათი ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად საქართველო თითქმის გამოუვალ ჩიხში აღმოჩნდა,-შეიძლება, მაგრამ ამით საქმეს ვერ ვუშველით, ქვეყანას კი შველა ჭირდება, – “გაღმა დარჩენილი” მშობლიური მიწა-წყალი საშველად გვიხმობს!.. ვაგვიანებთ! ვიმოქმედოთ, ხომ გვინდა საქართველოს გამთლიანება?! ამიტომ, “მიაფურთხეთ ეშმაკს” და შეუდექით ახალი, ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავებას, ისეთი სტრატეგიის, რომელიც დღეს, ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ს ანექსიისგან დაიცავს და ახლო მომავალში დეოკუპაციასაც შესაძლებელს გახდის, მას მერე, რაც რუსეთი დეზავუირებას (გაუქმება) გაუკეთებს, მის მიერ საქართველოს 2 რეგიონის “დამოუკიდებლობის აღიარებას”!!.. ამის მოხერხება და შეძლება, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ისტორიული ვალია!.. შეუძლებელი და მოუხერხებელი კი არაფერია, სამშობლოს მოყვარული, ერთგული, გონიერი და გამჭრიახე პოლიტიკოსებისათვის”!

 

“უკრაინა-რუსეთის მოვლენების მიმართ საქართველომ სამართლიანი, მორალური და არაკონფრონტაციული ტაქტიკა უნდა აირჩიოს, თუ გვინდა, რომ მომავალში ორივე მხარე მადლიერი იყოს, პოლიტიკური სარგებელიც ვნახოთ და ქვეყანა გავამთლიანოთ. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა უკრაინის კრიზისთან მიმართებით არაერთი განცხადება გააკეთეს, არ შევუდგები მათ განხილვას, მაგრამ საკმარისზე მეტი ითქვა! დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს ჩვენი, “ქართული კუდაბზიკობით” პრობლემებს ნუ შევუქმნით, რასაც “ასე წარმატებით” აკეთებდა სააკაშვილი და მისი “ნაცმოძი”, რის შედეგებსაც საქართველო დღესაც იმკის!..

 

მიმაჩნია, რომ დასაფასებელია საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებული, სწორი და ზომიერი რეაქცია უკრაინის მოვლენებთან მიმართებაში, რასაც ვერ და არ ვიტყვით ყოფილი პრეზიდენტის და მისი “ნაცმოძის” ქცევაზე და მოქმედებაზე! კიდევ კარგი, რომ დღეისთვის ისინი ხელისუფლებაში არ არიან, თორემ მათი ავანტურისტული პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, – რუსეთის ახალი და დამანგრეველი აგრესია საქართველოს მიმართ, რეალური გახდებოდა! ხომ გახსოვთ, როგორ “მოუწოდებდნენ” სააკაშვილი და სხვა ნაცლიდერები პრეზიდენტ მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს, რომ ისინი კიევში ჩასულიყვნენ და “მაიდანზეც გამოსულიყვნენ სიტყვით”.! “მთელი მსოფლიო იქ არის და საქართველოს ხელისუფლება პასიურობსო, პუტინისკენ იხედებიანო”, – და სხვა ასეთ სულელურ ბრალდებებს წარმოსთქვამდნენ “ნაცბელადები”!

 

“რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების “დამოუკიდებლობის აღიარების” და ყირიმის მიერთების (ანექსია) შემდეგ, საერთაშორისო სამართალი და ურთიერთობებიც დიდი დარტყმის ქვეშ მოექცა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგა და თუ, როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის, საქართველოს და მთელი რეგიონის, მეტიც, მსოფლიოს ახლო მომავალი, ძნელი სათქმელია. ამასთან დაკავშირებით, ერთ საკითხზე, მინდა, ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, რაც პირდაპირ კავშირში იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემასთან! ვფიქრობ, რომ ისტორიულად, სამართლებრივად და ეთნიკური მომენტის გათვალისწინებით, არასწორია უკრაინის პრობლემის, კერძოდ, ყირიმის პრეცედენტის შედარება საქართველოს მხარეებთან – აფხაზეთთან და ე.წ. “სამხრეთ ოსეთთან”! მათ “აერთიანებთ” მხოლოდ ერთი რამ, რუსეთის აგრესია საქართველოს და უკრაინის მიმართ! საქმე ის არის, რომ ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის “შემადგენელი ნაწილი” გახდა, – საბჭოთა კავშირის დე ფაქტოდ და დე იურედ არსებობის პერიოდში, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში! მანამდე კი, ისტორიულად ყირიმი არასოდეს ყოფილა უკრაინის ნაწილი! ყირიმის ნახევარკუნძული, რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა 250 წლის წინათ, 18-ე საუკუნეში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოსმალეთის იმპერია განდევნა ყირიმიდან! ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მიუღებელია და არ არის ისტორიულ-პოლიტიკურ-სამართლებრივად მართებული ყირიმის “ისტორიის და ყირიმული ეთნოსების” (დღეს იქ ცხოვრობენ – რუსები, უკრაინელები, ყირიმელი თათრები. ყირიმში ეთნიკური შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა) შედარება ჩვენს ქართულ პროვინციებთან და ეთნოსებთან, რადგანაც აფხაზეთიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც, ანუ შიდა ქართლი, საუკუნეებია საქართველოს ძირძველი მხარეები გახლავთ, სადაც 3000 წლის წინაც ცხოვრობდნენ ქართველები”!

 

“რუსეთის მიერ ყირიმის “მიერთებამ” (ანექსია), კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, თუ რა უფსკრულის პირას ვართ, მხედველობაში მაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, რისი იმედიც ყირიმის მოვლენებამდე მაინც არსებობდა, ახლა კი, არის იმის საშიშროება, რომ რუსეთმა საქართველოს ორი მხარის ანექსიაც მოახდინოს!.. ამიტომ, სწორად და სწრაფად უნდა ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ, რათა ეს არ დავუშვათ და მეტიც, სწორედ შერჩეული სტრატეგიით და ტაქტიკით სასურველ შედეგს მივაღწიოთ… დიახ, “ყირიმამდე” ქართულ საექსპერტო და პოლიტიკურ სივრცეში განიხილებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ვარიანტი, რომლებიც შეიძლებოდა ნაწილობრივ მისადაგებოდა ამ საკითხის ქართულ პრობლემატიკას… განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ყველაზე ხშირად არგუმენტებად მოჰყავდათ ქართველ პოლიტიკოსებს და ანალიტიკოსებს. შევეცდები, რომ მეც საფუძვლიანი არგუმენტებით გავაქარწყლო მათი “რეკომენდაციები”. მიმაჩნია, რომ მათ მიერ მოყვანილი მაგალითები საქართველოს გამთლიანებისათვის არ გამოდგება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ქვეყნებმა არჩეული სტრატეგიით მიზანს ვერ მიაღწიეს, ვერც ერთმა – ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღიდგინა!.. გერმანიის გარდა… მაგრამ, გერმანიის შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად, ეთნიკურად ერთიანი, გერმანელი ერი იყო ორად გაყოფილი გარეშე ძალების მიერ, რომლის საფუძველი “იდეოლოგია” გახლდათ (გფრ – დემოკრატიული სამყარო და გდრ – საბჭოთა, კომუნისტური ბლოკი) და არანაირი სეპარატიზმი გერმანიაში არ არსებობდა! მავანი, უშვებს მძიმე პოლიტიკურ-სამართლებრივ და ისტორიულ შეცდომას, როცა იაპონურ “გამოცდილებას” ადარებს ქართულს. საქმე ის არის, რომ იაპონიის მაგალითს თუ განვიხილავთ, იგი ძალიან განსხვავებულია საქართველოსგან, მეტიც, პოლიტიკურად არცაა მათი შედარება მიზანშეწონილი ჩვენთვის და აი რატომ… გავიხსენოთ ის, თუ რა უძღოდა წინ სსრკ-ს მიერ იაპონიისთვის კურილიის კუნძულების “წართმევას”, ეს გახლდათ იაპონიის მარცხი მეორე მსოფლიო ომში, სადაც იაპონია მოკავშირე იყო ფაშისტური გერმანიის და იაპონიის დამარცხებაში (ჰიროსიმა, ნაგასაკი..) მონაწილეობდნენ სსრკ-ის სხვა მოკავშირეებიც (აშშ, დიდი ბრიტანეთი), რომლებიც ომის დასრულებიდან დღემდე ცნობენ კურილიის 4 კუნძულს ჯერ სსრკ-ის, ახლა კი რუსეთის ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად! ისევე, როგორც გაეროს წევრ სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა (შეადარეთ, ჩვენი რეგიონების “5 ამღიარებელ” სახელმწიფოს). თანაც, კურილიის კუნძულებზე სეპარატისტული განწყობების მოსახლეობა ფიზიკურად არ არსებობს და აქედან გამომდინარე, არც რუსეთის მიერ “აღიარებული” მარიონეტული “სახელმწიფოები” არ არსებობენ ამ კუნძულებზე!.. აგრეთვე, კუნძულ ტაივანის და ჩინეთის ისტორიაც სულ სხვა ამბავია, რადგანაც მათ შორის პოლიტიკურ-იდეოლოგიური განსხვავებაა და არა ეთნიკური!.. ანუ, აქაც, როგორც გერმანელების შემთხვევაში, ერთი ერია – ჩინელები, – და “არაჩინური” კუნძული ტაივანი, დროშიც რომ უსასრულოდ გაიწელოს ამ პრობლემის გადაწყვეტა, არასოდეს და ვერასოდეს ვერ გახდება, ჩვენი რეგიონებისგან განსხვავებით (აფხაზი და ოსი ხალხების სეპარატიზმის “გამარჯვების” შედეგად, დაიცალა ეს მხარეები ქართველებისაგან, – ეთნოწმენდა)!!.. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე წარმოებული პროცესები და სერბეთის ისტორიაც (კოსოვო) განსხვავებულია ჩვენგან, არამარტო კონფლიქტის წარმოშობის და მიმდინარეობის გამო, არამედ, უწინარესად, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, სერბების მოწინააღმდეგე აღმოჩნდა მთელი ცივილიზებული სამყარო, ევროპა-ამერიკა (კოსოვოს “დამოუკიდებლობა” 40-მდე ევროპულმა სახელმწიფომ “აღიარა”, ამ მხრივ ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ!). გვახსოვდეს, რომ საქართველოს რუსეთთან აქვს “საქმე”, რომელიც ცივილიზებული დასავლეთისგან განსხვავებით თამაშის წესებს ერთპიროვნულად ადგენს და არავის ეპუება (თუ მისი ინტერესების უგულებელყოფა ხდება), რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა უკრაინის, – ყირიმის ანექსიის მაგალითზე”!

 

“ქართველებმა ქვეყნის გამთლიანებისათვის განსხვავებული ალტერნატიული სტრატეგია დროულად უნდა “მოვიფიქროთ”, მთავარია, რომ ახალი შეცდომები არ დავუშვათ და იმედი არ დავკარგოთ!.. ბოლოს და ბოლოს, არც რუსეთია “თვითმკვლელი” და არც დასავლეთი, საბოლოოდ მაინც მოუწევთ შეთანხმება პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით და აქ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო გახდეს, – ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება! დიახ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, ოღონდ ამას სჭირდება – საქართველოს ხელისუფლების გონიერი საგარეო პოლიტიკა და ქართველი ხალხის ერთსულოვნება”!!!
Guardian.ge