არასოდეს არ ვთვლიდი საკუთარ თავს ორთოდოქსალურ, ფანატიკოს მორწმუნედ და არც ახლა მივიჩნევ ჩემს „პერსონას“ ასეთ ადამიანად. მაგრამ ჩემს საკუთარ სამშობლოში, საქართველოში განვითარებული მოვლენები სულ უფრო და უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ამ ქვეყანაში სატანამ (ბნელმა ძალებმა, ბნელეთმა) მჭიდროდ გაიდგა ფესვები და მასთან ბრძოლა, მისი დამარცხება სულ უფრო და უფრო რთულდება. თუმცა მისი დამარცხება შესაძლებელია, თუკი ქართველი ერი მართლა ირწმუნებს ღმერთს და მარტო „მამაო ჩვენო“-ს ლოცვით და ეკლესიაში ხატებთან სანთლის ანთებით არ დაიმშვიდებს თავს, აქაოდა ლოცვა წავიკითხე, მამაოს აღსარება ჩავაბარე, სანთელი დავანთე და სარწმუნოებრივი მოვალეობა მოვიხადეო.
არა, ზემოთ აღნიშნული პროცესი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ბნელეთი უკუგდებულ და დამარცხებული იქნას. იმისათვის, რომ სატანა დამარცხდეს, საჭიროა ნამდვილი რწმენა და ბნელეთთან ქმედითი ბრძოლა.
სამწუხაროდ ჩვენი რწმენაც და ბრძოლაც ძაან სუსტია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანი ერთობ სუსტი არსებაა და ის ადვილად ხდება ბნელეთის ხრიკების მსხვერპლი. ადვილად შეაქვს ეჭვი თავის შესაძლებლობებში და ძალზე სუსტად უწევს წინააღმდეგობას სატანის მიერ თავს მოხვეულ ცთუნებებს. ადვილად ექცევა მაცთუნებელი გარემოებების გავლენის ქვეშ და როდესაც ამაზე ვინმე მიუთითებს, თვალის ახელის მიზნით, ამ მიმთითებლებს მედგარ და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევს. ერთადერთ ავტორიტეტად ამ დროს ჩვენს წარმოდგენაში ღვთისმსახურის სტატუსში მყოფი (პირადი მოძღვარი, ან კიდევ სხვა ანაფორაჩაცმული) ადამიანები წარმოგვიდგებიან თვალწინ და მათი სიტყვა უპირობო შესრულების სტიმულად გვექცევა. ამ დროს კი გვავიწყდება, რომ შეიძლება ამ მხრივ არაკეთილსინდისიერ, უპატიოსნო ანაფორას მოფარებულ ადამიანთან გვქონდეს საქმე. ამის მაგალითები მრავლად არის და ამის განხილვას მოცემულ მომენტში არ ვაპირებ.
მოხდა ისე, რომ ათი მცნება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, მხოლოდ ბოძებადღა დარჩა. ამ მცნებების აღსრულებას ძალზე იშვიათად ვცდილობთ, სამაგიეროდ ადვილად ჩავდივართ იმ ქმედებებს, რომელსაც საზოგადოება ცოდვებად თვლის. თავს ვალდებულად ვთვლი ჩამოვთვალო ისინი: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური. ამ ცოდვების ჩადენა ჩვენთვის უფრო ადვილია, ვიდრე ღმერთის მიერ ჩაგონებული მცნებების აღსრულება.
სწორედ აქ გვეუფლება ჩვენს შეცდომებზე მონადირე სატანა (ბნელეთი). ადვილად შთაგვაგონებს და აჩენს ჩვენში განრისხებას, ანგარებას და ა.შ. სხვა ცოდვებს.
მინდა განვიხილო ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ზოგიერთი ასპექტი, რომლებსაც პირდაპირ ვუკავშირებ სატანისტური (ბნელეთის) და საღვთო (ნათელი) ძალების მწვავე ბრძოლას.
მრავალი საუკუნეა ჩვენ, ქართველები ვართ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლები და მრავალი საუკუნეა ბნელეთი გვებრძვის და ხშირად ნათელი ძალების დამარცხების ჟინით გამსჭვალული გვრთგუნავს. რა თქმა უნდა ეს ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ეს ბრძოლა მუდმივია და ნურავინ ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში თუკი საღვთო (ნათელმა) ძალებმა გაიმარჯვეს, ე.ი. ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა და შეიძლება მოდუნდე. არა! როგორც სახალხო გამოთქმიდან ვიცით, ეშმაკს (სატანას, ბნელეთს) არ სძინავს და ის ყოველთვის გადმოდის საპასუხო, საქართველოს შემთხვევაში ხშირად წარმატებულ შეტევებზე.
არ ჩავუღრმავდები შორეული მაგალითების განხილვას. ვაპირებ საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე ბნელეთის და ნათელის ბრძოლის განხილვას.
მას შემდეგ, რაც საქართველომ სისხლიანი საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან თავი დააღწია, მას არც ერთი წელი, არც ერთი დღე მშვიდად არ უცხოვრია. ვერ ააშენა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა დესტრუქციული, ბნელი ძალების ჩარევის გარეშე. სატანა მწვავედ გვიტევდა ყოველი მხრიდან და ამას წარმატებით ახორციელებდა არამარტო გარეშე ფაქტორების (ძირითადად ჩვენდამი მტრულად განწყობილი რუსეთის იმპერიის), არამედ შიდა, საკუთარი სამშობლოსადმი მოღალატეობრივად განწყობილი, დესტრუქციული ძალების მეშვეობით. მათ მე ვუწოდებ ბნელეთის, სატანის შეგირდებს. სამწუხაროდ ეს შეგირდები დღეს, 2018 წლის მდგომარეობით ხელისუფლის პოზიციაზე იმყოფებიან და ისინი იმართებიან სატანის მოციქულის მიერ, რომელსაც თავისი ტახტი წამოჭიმული აქვს საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ მაღლობზე და იქედან გადმოჰყურებს ქვეყანას. დიახ! ეს არის ის ადამიანი, რომელმაც შეისყიდა და ჯიბეში ჩაიდო მთელი საქართველო. რომელმაც ყოველგვარი ქართველი ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვა აღკვეთა და საკუთარ ძალაუფლებას დაუქვემდებარა. ეს არის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ წოდებული ბიძინა ივანიშვილი. მან საქართველოზე ბატონობისკენ გზა გაუხსნა კრემლში მჯდომ სატანას, პუტინს და ტახტიც დაუდგა, რომელზედაც პუტინისგან „მეფისნაცვლად“ ხელდასმულ იქნა, როგორც თავისი ნებისა და სურვილების მთავარი გამტარებელი.
ბევრჯერ გამიგია ანაფორიანებისაგან, სატანა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამსო! ეს ტახტი დადგმულია საქართველოში ბატონებო და ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ბნელეთის, სატანას უმთავრესი სამიზნე ზუსტად ჩვენი ქვეყანა იქნებოდა, რომ აქედან მიენიშნებინა მთელი ქრისტიანული (არა მარტო მართლმადიდებლური) სამყაროსათვის: „მე დავიმორჩილე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და თქვენ ჩემთვის უფრო ადვილი სამიზნე ბრძანდებით!“
მახსენდება ასეთი არაკი: ღვთის მორწმუნე ადამიანი წყალდიდობის დროს იხრჩობა. ამ დროს მას ჩაუვლის ნავი და მასში მჯდომი ადამიანებები ეუბნებიან, ხელი მოგვაწოდე და ამოგიყვანთო, მაგრამ ის პასუხობს, მე ღმერთის მწამს და ის გადამარჩენსო. ასე ჩაუარა ორმა-სამმა ნავმა და ყველა შემოთავაზებაზე, რომ ნავში ამოსულიყო, ის ღმერთის რწმენაზე და მისგან გადარჩენაზე პასუხობდა. ბოლოს ეგ ადამიანი დაიხრჩო და საიქიოში მოხვდა. როცა დადგა მისი ღმერთთან შეხვედრის დრო, მან უსაყვედურა, შენი უპირობოდ მწამდა და ასე რატომ გამწირეო, რაზეც ღმერთისგან მიიღო ასეთი პასუხი: „არც ერთ იმ ნავში, რომლებიც გამოგიზავნე არ ჩაჯექი და მეტი რა უნდა გამეკეთებინა შენს გადასარჩენადო!“
რატომ გავიხსენე ეს არაკი? ღმერთმა ჩვენს ქვეყანას ეროვნული შეგნების ხალხის მეშვეობით მოაპოვებინა დამოუკიდებლობა. მაგრამ საქართველომ თავის დამოუკიდებლობის მოპოვებას სულ მალე შეუყენა წყალი. გააძევა და გაანადგურა ამ თავისუფლების მოპოვების შემოქმედი ხალხი და უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. სამაგიეროდ მუხლებზე დაუჩოქა და თაყვანი სცა ბნელეთის ძალების მიერ წარგზავნილ ედუარდ შევარდნაძეს, მისი სისხლიანი ხუნტის წარმომადგენლებს. შედეგი რა იყო ყველამ მშვენივრად ვიცით: საქართველოს ბნელეთით მოცული წლები, უსახსრობა, შუღლი, უწყლობა, უგაზობა, უშუქობა, უნდობლობა და ნათელი მომავლის მიმართ უიმედობა! აი, ეს მიიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა.
ათი წლის სიდუხჭირის, სასოწარკვეთილების შემდეგ ღმერთმა მოწყალება გაიღო და კვლავ შეგვეწია. 2003 წლის 23 ნოემბერს და 2004 წლის 6 მაისს, ორივე თარიღი გიორგობის (საქართველოს მფარველის) ბრწყინვალე დღესასწაულის აღმნიშვნელი დღეა, გვაჩვენა გზა არა მარტო დამოუკიდებლობის, არამედ თავისუფლებისაკენ და მან ეს გააკეთა იმ ადამიანის სახით, რომელიც ერთ-ერთი მთავარანგელოზის, მიქელის სახელის მატარებელია.
ნურავინ იფიქრებს, რომ მე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მთავარანგელოზთან ვაიგივებ. ეს ასე არ არის! მე მინდა დავინახოთ, რომ ღმერთმა თავისუფლების და დამოუკიდებლობის გზაზე სიარულისთვის წინამძღოლად დაგვიყენა ბიბლიური სახელის მატარებელი ადამიანი იმისათვის, რომ ჩვენ მივმხდარიყავით მის ნებას.
ჩვენ ისევ ვერ აღმოვჩნდით მოწოდების სიმაღლეზე და სულ მალე ადვილად გავხდით სატანას, ბნელეთის ნების აღმსრულებლები. სულ მალე შევეწინააღმდეგეთ წინ მიმავალს! საზოგადოება და საზოგადოების წამქეზებელი ბნელეთის მოციქულის შეგირდები აქტიურად უტევდნენ, ღმერთის მიერ ნაბოძებ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ამისათვის არ იშურებდნენ არანაირ ხერხს და საშუალებას, დაწყებული საბოტაჟით, ჭორების ფრქვევით, ათასნაირი ცოდვის ჩადენის ბრალდებით და დამთავრებული სამხედრო გადატრიალების მცდელობით. ეს მრავალრიცხოვანი მცდელობები ბოლოს და ბოლოს ბნელეთის გამარჯვებით დასრულდა. ღმერთს მობეზრდა მუდამ ჩვენი შველა იმ ფონზე, როდესაც ამის სურვილი ჩვენ თავად არ გვაქვს. ღმერთის ნათქვამია: „ხელი გაანძრიე და მეც შეგეშველებიო!“ ჩვენ, ჩვენი მებრძოლი წინაპრებისაგან განსხვავებით ძაან მივეჩვიეთ არაფრის გამო ღვთისგან წყალობების ხელის გაუნძრევლად ისე მიღებას, რომ მამაზეციერმა გადაწყვიტა, ჩვენთვის ჭკუა ესწავლებინა. ისევ გადავეშვით წყვდიადში, ისევ მოიცვა საქართველო შუღლმა, უნდობლობამ, უიმედობამ და ა.შ.
დღეს საქართველოს ხელისუფლებაში (სატანის მოციქულის შეგირდები) არის ის ხალხი, ვისთვისაც საქართველოს და მისი მოსახლეობისათვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, თუმცა აქტიურად გვიმტკიცებენ საპირისპიროს. არ ერიდებიან საზოგადოებაში სიძულვილის, შუღლის, უნდობლობის და დაპირისპირების გაღვივებას. ისინი გადასული არიან საკუთარი და მათი ბატონის კეთილდღეობის გამყარების ზრუნვაზე.
მომხვეჭელობა; სახელმწიფო ქონების დატაცება; ინტრიგები; მოწინააღმდეგე მხარის იმ ცოდვებში დადანაშაულება, რასაც თვითონ უხვად სჩადიან; ხალხის მორჩილებაში სამყოფად კრიმინალის წახალისება; საკუთარი ქვეყნის მტრის წინაშე საერთაშორისო დონეზე დამნაშავედ გამოყვანა; ცინიზმი; სიცრუე; რეკეტი და გამოძალვა; შანტაჟი და კიდევ ბევრი რამ. აი, ბნელეთის მოციქულის და მისი შეგირდების ხელწერა. სატანა სწორედ ამ მანკიერებების ანკესზე აგებს თავის მიმდევრებს. ამ დროს ძნელად ახსენდება ვინმეს ღვთის მიერ ბოძებული ათი მცნება. ძნელად კი არა, სულ არ ახსენდება, თუმცა ხატებით გარემოცულ სივრცეში სხედან და ღვთისმსახურებად წოდებულ სუბიექტებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაცდინოს. სატანა, ბნელეთი არასოდეს არ ითაკილებს და არ დაერიდება ნათელ მხარეზე გამონავარდებას. ზუსტად აქ უნდა იპოვოს მან სუსტი რწმენის ადამიანები და თავის დაქვემდებარებაში მოაქციოს. უნდა იპოვოს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პოულობს კიდეც.
დავაკვირდეთ თითოეული სახელისუფლებო პირის და მათი ბატონის სახეებს. მათი სახეები იწვევს მწვავე ანტიპათიას. მათი ცივი და ჯმუხი სახეები ღიმილის დროსაც კი ცბიერებას, ცინიზმს და დაცინვას გამოხატავენ. ამ მხრივ ჩემთვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძე ან თუნდაც კახი კალაძე, არაფერი რომ არ ვთქვა მათ სანუკვარ ბატონზე, ბიძინა ივანიშვილზე!
არც თუ ისე დიდი ხნის წინ კი საქართველოს მართლმადიდებლური საზოგადოება ცინიკური და ჩვენი სარწმუნოების შეურაცხყოფისა და შებღალვის წინაშე დააყენეს. საქართველოს პირველ პირად, პრეზიდენტას არჩევას აქტიურად (ბრძანების ტოლფასად) გვთავაზობენ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დამნაშავედ გამოჰყავს მტრის წინაშე საერთაშორისო დონეზე, ის არის ადამიანი, რომელიც საკუთარი შვილის ნათლიას გაჰყვა ცოლად(!) ამაზე მეტად შეურაცხყოფა და მართლმადიდებლური რწმენის შებღალვა პირადად ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ თემაზე, მაგრამ ისედაც დაგვიგრძელდა და ძაან არ მინდა დავღალო მკითხველი. გამორიცხული არ არის, რომ ეს თემა შემდგომ გაგრძელებული იქნეს, მაგრამ ახლა ამასაც დავჯერდებით.
თუკი ის, რაც აქ დავწერე ღმერთისგან მითითებული გზის შესახებ მკითხველისთვის უნდობლობას გამოიწვევს მინდა შევახსენო: ჩვენ ღმერთს ვერ ვხედავთ და მაინც გვწამს. მაგრამ ვერ ვწამობთ იმას, რასაც ღმერთი თვალნათლივ გვანახებს. არ მოგვივიდეს იმ ადამიანივით არაკიდან და არ მივიღოთ მისგან დაახლოებით ასეთი პასუხი: „რამდენიმეჯერ დაგანახეთ გზა, მაგრამ თქვენ აღარ მოისურვეთ ამ გზით სიარული და მე რითი გიშველოთო“!
ალექსანდრე ბიგვავა
ფაქტები.ჯი