„საქართველოსაგან განსხვავებით უკრაინაში კონფლიქტი დღესაც მიმდინარეობს. რეალურად, უკრაინის კონფლიქტი აქტიურ ფაზაშია და ის არ გაჩერებულა. საქართველოს კონფლიქტები, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, 2008 წლის ომის შემდეგ დღის წესრიგიდან ჩამოვიდა,” – ამბობს პოლიტოლოგი და საქართველოს ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” საუბრისას.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს 2019 წლის პრიორიტეტები დაასახელა, ესენია: ომი უკრაინაში, რუსეთთან ურთიერთობა, ტერორიზმი და კიბერთავდასხმების შეჩერება, თუმცა საქართველოს საკითხი პრიორიტეტთა ჩამონათვალში არ არის შეტანილი.
სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მთავარ მიზანს მთელი რიგი საფრთხეებისა და გამოწვევებისადმი ერთდროულად მომზადებას წარმოადგენს.
„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, არჩევანი გავაკეთოთ ტერორიზმსა და სულ უფრო მეტად აგრესიული რუსეთის კიბერთავდასხმებს შორის. ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ყველა გამოწვევაზე ერთდროულად”, – ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბელგიურ ტელე-რადიომაუწყებელთან, „ართიბიეფ”-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კაკაჩიას განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ევროპა ერთ კონკრეტულ შემთხვევად მიიჩნევდა, თუმცა უკრაინის საკითხმა აჩვენა, რომ რუსეთი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
„მაშინაც დიდხანს ვერ შევინარჩუნეთ ყურადღება, რადგან ყველას ეგონა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში აგრესია, ეს იყო რაღაც იზოლირებული, კერძო შემთხვევა, თუმცა უკრაინის ანექსიამ უკვე აჩვენა, რომ ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა.
„უკრაინის საკითხი, გამომდინარე მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან, ევროპის უსაფრთხოების საკითხი გახდა და იგი მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინას თავისი ზომა-წონით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპული უსაფრთოხებისთვის.
„ზოგადი პრიორიტეტები გამოითქვა, – მიმართულებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის ქვეპრიორიტეტები. შესაძლოა სხვა საკითხებიც შედიოდეს, რომლებიც დაანონსებული არ არის,” – აცხადებს ის.
მისი თქმით, ის პრიორიტეტები, რომელიც ნატო-ს გენმდივანმა დაასახელა მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემები მხოლოდ ორ წელიწადში ვერ მოგვარდება და მის აღმოფხვრას წლები სჭირდება.
„კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხედ რჩება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რაც რუსეთიდან მოდის და ბუნებრივია, რომ გამოწვევები არამარტო 2019 წელს, მომდევნო წლებშიც იქნება. ეს არ არის ისეთი საფრთხე, რომლის ერთ ან ორ წელიწადში გაუვნებელყოფა შეიძლება.
„ტერორიზმთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არ არსებობს, რადგან ტერორიზმის ამოძირკვა, ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ ტერორისტული კერების შემცირება შეიძლება.
“ამ კუთხით, ალბათ, საინტერესოა სირიიდან აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ რა მოხდება და ასევე სხვა ადგილებიდანაც, მათ შორის ავღანეთიდან. ეს ადგილები ცნობილია, როგორც ტერორისტულ აქტიურ კერებად. ბუნებრივია ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დარჩება, არა მარტო მომავალ წელს ასევე, მომდევნო წლებშიც,” – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
infonevs.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი