ლავროვი საქართველოს მიმართ ხისტი პოლიტიკის კატეგორიული წინააღმდეგია: „ქართველები მაინც იპოვიან გამოსავალს!“

რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტ დარია ასლამოვას შორის ცხარე კამათი გაიმართა.

„აქცენტი“ ამ დისკუსიის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

– სულ ახლახანს ვმუშაობდი ამიერკავკასიაში, კერძოდ სომხეთსა და საქართველოში.  თუნდაც საქართველო ავიღოთ: სიმართლე გითხრათ, შოკირებული დავბრუნდი იმით, რომ ჩვენ იქ ვითარება კონტროლიდან გვაქვს გაშვებული. ამჟამად ამერიკელები სოჭის სიახლოვეს, ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებენ. თავდაპირველი გეგმით, იქ ატომური სუბმარინები უნდა განლაგებულიყო, რაც ჩვენთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს; თბილისის სიახლოვეს აშენდება NATO-ს ბაზა, ამის შესახებ დეკლარაციაც არის ხელმოწერილი. აღარაფერს ვამბობ საიდუმლო ბიოლაბორატორიებზე, რომელიც იქ სამია. გარდა ამისა, ამერიკელები ამზადებენ მოტოქვეითთა 9 ბატალიონს და როცა ვიკითხე, ვის წინააღმდეგ, პირდაპირ მითხრეს, „ჩვენი მტრის – რუსეთის წინააღმდეგო“. სალომე ზურაბიშვილმა კი, რომელიც ხელისუფლებაში ცოტა ხნის წინ მოვიდა, ინაუგურაციაზევე განაცხადა, რომ “იბრძოლებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ”… ვითარება ძალზე სერიოზულია: მართალია, ისინი [ამერიკელები] ყირიმში ვერ შევიდნენ და იქ საკუთარი სამხედრო–საზღვაო ბაზა ვერ გაგვიხსნეს, სამაგიეროდ აგერ გვიხსნიან, ყურის ძირში – აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდში. ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან (მე კი უნდა გითხრათ, რომ იქ მოსახლეობის 40% რუსეთთან დაახლოების მომხრეა და 80% დიალოგს უჭერს მხარს), მეუბნებოდნენ, „თქვენ გვაჭმევთო“…

–რისი თქმა გინდათ? რას ნიშნავს, რომ „ჩვენ ხმას არ ვიღებთ“?

–ქართველები მეუბნებიან, „თქვენ გვაჭმევთ, უზარმაზარი ბაზარი გახსენით, რუსეთის პროდუქციითაა აქაურობა წალეკილიო“…

–ეგ ყველაფერი გავიგე, მაგრამ რას ნიშნავს „ხმას არ ვიღებთ“? რა უნდა გავაკეთოთ, თქვენი აზრით?!

– რა და ჩავუკეტოთ საზღვარი, თუკი ამ ბაზების მშენებლობას აგრძელებენ! მშვენიერი ადამიანი გვყავდა –  ონიშჩენკო…

–სად პოულობთ ასეთ მრჩევლებს, ერთმანეთზე უკეთესს, წაბანდიტო ელემენტებს? (იცინის)

–მაინტერესებს, ჩვენთან რომ ამდენი ქართული ღვინო იყიდება, ისინი კი ამ ფონზე ჩვენს „ოკუპაციას“ ებრძვიან, რატომ ხდება ასე?!

–მასე უკრაინელებიც უამრავ მილიონს გამოიმუშავებენ ჩვენთან!

–გასაგებია, მაგრამ ამას ხომ პასუხი უნდა გავცეთ, მუდმივად ნაცემი ბავშვის როლში ვიყოთ?!

–ქალბატონო, იქნებ თქვენ გვირჩიოთ, რა გავაკეთოთ, იქნებ ჩვენ რაიმე არ გვესმის… საზღვრები ჩავკეტოთ?

–კი ბატონო: ვუთხრათ ქართველებს, სანამ ჩვენს ყურის ძირში ბაზას არ დახურავთ, არ იქნება არც ვაჭრობა, არც ფულადი გზავნილები!

–კარგი, დავუშვათ გავწყვიტეთ ყველანაირი ურთიერთობა…

–რა ურთიერთობაზე მესაუბრებით? ურთიერთობა ისედაც არ გაქვთ!

–ურთიერთობა გვაქვს, დარია. მაინტერესებს იმ ადამიანების ლოგიკა, რომლებმაც ასე აღგაგზნეს…

–გეტყვით მათ ლოგიკას: ჩვენ არ გავქვს არანაირი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, უბრალოდ გვიხარია, რომ იქ სააკაშვილი აღარ არის და მშვიდად მუშაობენ დიდი რაოდენობით პრორუსული ძალები…

–ერთი წუთი! ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს: ჯერ გვქონდა ჩარტერული რეისები, მერე  – რეგულარული… ვითარდება ვაჭრობა, იცით ალბათ, რომ ლამის პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ საქართველოსთვის… სახეზეა უზარმაზარი ტურისტული ნაკადი… ამასთანავე, ინტენსიურად ვითარდება კავშირები საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობის დონეზე… ანუ, ადამიანები ნელ–ნელა ცდილობენ, გააცნობიერონ, სად, რა ეტაპზე ვიმყოფებით სადღეისოდ. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი რომ გავწყვიტოთ, იმ თქვენი „გონიერი“ მრჩევლების გამო…

–ჩემი მრჩევლების კი არა, ბაზის გამო…

–თუ ამ ყველაფერს გავწყვეტთ, ბაზა მაინც აშენდება, ბატალიონებს მაინც გადაამზადებენ და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს! და რა?!

–კი, მაგრამ რაღაც პასუხი ხომ უნდა იყოს ჩვენი მხრიდან?

–საპასუხო კითხვა მინდა, დაგისვათ: თქვენ რა გსურთ, რაღაც პასუხი გავცეთ უბრალოდ იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, ჩვენი მეობა წარმოვადგინოთ?!

–არა მარტო, ხომ არსებობს ზეწოლის გარკვეული ეკონომიკური და, თუ გნებავთ, სამხედრო ბერკეტებიც! თუკი საქართველო ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს, გადავუკეტოთ ეს წყარო და ზამთარში უბრალოდ შიმშილით ამოწყდებიან…

–დამერწმუნეთ, ქართველები იპოვიან გამოსავალს! თქვენ რას გვთავაზობთ, უბრალოდ დავახრჩოთ საქართელო? და რა მიზნით?! თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 40% რუსეთთან დაახლოების მომხრეა, აი, თუ გავწყვეტთ იმ კავშირს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს 40% 2%–ზე დავა!

–კი, მაგრამ, ეს ბაზები ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება?!…

–ჩემი აზრით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლაბორატორიის საკითხია. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ხსენებული ბატალიონებით ცხვირს ვერსად შეყოფენ, რადგან ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული და ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმის უფლებას არავის მივცემთ…

რაც შეეხება ბიოლაბორატორიებს, ისინი მარტო საქართველოში არ არის: არის სომხეთშიც, ყაზახეთშიც, უზბეკეთშიც…

–უკრაინაშიც! ფაქტობრივად ამ ბიოლაბორატორიების სარტყელში ვართ!

–უკრაინის ამ თემაზე საუბარს აზრიც არ აქვს. საქრთველოსთან კი ვსაუბრობთ – შესაბამისი ორგანიზაციების, ასევე ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის საშუალებით. ვსაუბრობთ ასევე უზბეკეთთან, სომხეთთან… ქართველებმა უკვე მიიწვიეს ამ ბიოლაბორატორიაში გაცნობითი პროცესისთვის დიპლომატები, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ, ვინაიდან ეს დიპლომატები დიდი ჯგუფი იყო, თუმცა უარი ვთქვით, რადგან ვთვლით, რომ ბიოლაბორატორია უნდა ინახულონ არა დიპლომატებმა, არამედ პროფესიონალებმა, რომლებიც მიხვდებიან, რა ხდება იქ რეალურად. ეს ექსპერიმენტები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთლიანობაში სამეზობლოს.

პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პოლიტიკის, რომელიც მდგომარეობს დაახლოებით შემდეგში: გვაწყენინეთ? – მაშინ საპასაუხო ზომებს მივიღებთ. მაგ ლოგიკით ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ აშშ–სთან, დიდ ბრიტანეთთან… იქაც ხომ არ გყვათ „მრჩევლები“?! 
accent.com