“ჩვენი პრიორიტეტია, ერთის მხრივ თავდაცვა და უსაფრთხოება, მეორეს მხრივ ვაჭრობა და ეკონომიკა გავაძლიეროთ, და გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან”, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ “აიპრესს” განუცხადა.
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. აშშ-ის კონგრესი სახელმწიფო მდივანს, საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ხუთწლიანი სტრატეგიის წარდგენას ავალებს. ამასთან, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპორექტი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად ქმედითი დაბიჯების გადადგმას სთხოვს.
დავით ბაქრაძის თქმით, ეს დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ, რომელიც 435 წევრისგან შედგება, ერთხმად მიიღო.
“ეს არის მკაფიო დადასტურება მხარდაჭერისა იმ ნორმების, რაც ამ აქტშია ასახული. ამ დოკუმენტმა უნდა გაიაროს სენატი და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ მიიღებს კანონის ფორმას. იქ ბევრი სხვადასხვა პრიორიტეტია?, – აცხადებს დავით ბაქრაძე “აიპრესთან”.
– რა იქნება წარმოდგენილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით 5 წლიან სტრატეგიაში და რაზე გააკეთებს აქცენტებს აშშ?
– აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი პირველ რიგში შეისწავლის არსებულ სურათს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისა. შეისწავლის იმ საფრთხეებს, რომელიც დგას ჩვენი უსაფრთხოების წინაშე, გაანალიზებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალს და შექმნის 5 წლიან სამოქმედო გეგმას. რამდენიმე თვეში წარსდგება სამოქმედო გეგმით, თუ რა სივრცეებში ხედავს ამ ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, კონგრესის დავალების გარდა, რომელიც ამ დოკუმენტით განისაზღვრება, ჩვენ ადმინისტრაციასთან, უშუალოდ თეთრ სახლთან, უშიშროების საბჭოსთან, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტთან ისედაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით. უშიშროების საბჭოს მდივნის ვიზიტის დროსაც პრემიერმინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, შს მინისტრის შეხვედრების დროსაც გაჟღერდა, რომ ჩვენ ვხედავთ ამ თვალსაზრისით ჩვენი ერთობლივი ღირებულებებიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი რეგიონული ინტერესების უფრო გაღრმავების შესაძლებლობას ამერიკის მეტი მონაწილეობით საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ თვალსაზრისით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლების განმავლობაში გადავდგამთ კიდევ მეტ ნაბიჯს სხვადასხვა ხელშეკრულებების ფარგლებში, რომ წავიწიოთ წინ. დღეს ჩვენ გვაკავშირებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმი, თანამშრომლობის მემორანდუმი და დღეს ჩვენ გვაკავშირებს ამ მემორანდუმის ფარგლებში არსებული სამწლიანი თავდაცვის მზაობის პროგრამა. ეს უკვე ძალიან დიდი მასშტაბის ჩართულობაა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ სივრცეს შევქმნით თანამშრომლობისთვის.
– შესაძლებელია საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება? რაზეა დამოკიდებული ამ შეთანხმების ამოქმედება?
– ეს ადმინისტრაცია სკეპტიკურად არის განწყობილი ზოგადად მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების მიმართ. თუმცა, ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს, იმ ფუნქციიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო იძენს რეგიონთან მიმართებაში, როგორც შესასვლელი სახელმწიფო, საიდანაც არა მხოლოდ ბიზნესს შეუძლია არა მხოლოდ 3.8 მილიონიან ბაზარს უყუროს, არამედ ამ ბაზრიდან გავიდეს საქართველოს არსებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გზით ევროკავშირის, ჩინეთის, მეზობლების ბაზრებზე, ეს ქმნის შესაძლებლობას ამერიკული ბიზნესისთვის, რომ საქართველოს უყუროს, როგორც კვანძს, წერტილს საიდანაც შეიძლება დაფაროს ზოგადად რეგიონი. სწორედ ამას ვუხსნით ჩვენ ადმინისტრაციას, თეთრ სახლს, კომერციის დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტს და ვაჭრობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, რომ ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც იქნება ომხრივად სამართლიანი, ორმხრივად თავისუფალი, შექმნის კარგ შესაძლებლობებს ამერიკული ბიზნესისთვის, ეს იმ სკეპტიკური დამოკიდებულებიდან გამომდინარე , რომელიც ზოგადად ადმინისტრაციას მსგავსი დოკუმენტების მიმართ აქვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ სავაჭრო წარმომადგენლის ინსტიტუტის გარშემო მაქსიმალურად მოვახდინოთ კონსოლიდირება ამ მხარდაჭერის, რომ გავუადვილოთ მათ მომავალში შესაძლო გადაწყვეტილების მიღება.
აქ ჩვენ გვეხმარება როგორც თეთრი სახლის მხარდაჭერა, სახელწმიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა , ასევე კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა თითქმის ყველა დოკუმენტში, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშრებით იქნა მიღებული. ყველგან მოუწოდებს კონკრესი სავაჭრო წარმომადგენელს, რომ განიხილოს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა. ვთვლით, რომ ნებისმიერი ფორმით სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და მისი წინ წაწევა ძალიან მოემსახურება როგორც საქართველოს ბიზნესს, ასევე ამერიკულ ბიზნესს, ასევე შექმნის და გააგზავნის ძალიან მკაფიო მესიჯს საქართველოს , როგორც სტაბილური განვითარების მქონე ქვეყნის შესახებ, როგორც აშშ-ში, ისე სხვა პარტნიორებთან.
– 2019 წლისთვის კიდევ რა მიზნები გაქვთ, რა არის თქვენი პრიორიტეტი, კიდევ რა ნაბიჯებს გადადგამთ?
– პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ 2 წელიწადში ერთხელ ახლდება კონგრესი. წარმომადგენელთა პალატაში ახლა თითქმის 70-მდე ახალი კონგრესმენი იქნა არჩეული. ამდენად ამ საზოგადოებასთან, ამ ახალ წარმომადგენლებთან ჩვენ გვექნება პირველ რიგში ურთიერთობის დამყარების და გაძლიერების შესაძლებლობა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო აღარ იყრიდა კენჭს, ის ღვაწლმოსილი კონგრესმენია, ძალიან დიდი როლი ითამაშა მან უშუალოდ ამ აქტის მიღებაში, და ასევე ზოგადად ჩვენს მხარდაჭერაში, მადლობას ვუხდი მას. მაგრამ უნდა შეიქმნას ახალი მეგობართა ჯგუფი და იმის ფარგლებში გაგრძელდეს იმ მთავარ დოკუმენტებზე მუშაობა, რომელიც ჩვენთვის 2 წლის წინ გახდა ამოსავალი კონგრესთან ურთიერთობის, ეს არის კონსოლიდირებული აპროპიაციის აქტი, ანუ საბიუჯეტო დოკუმენტი, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის მხარდაჭერილი და ოკუპაციას ჰქვია, ოკუპაცია. მეორე, ეს არის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაცის აქტი, რომელიც წელს ძალიან მკაფიო რედაქციით გამოვიდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის მხრივ. რასაკვირველია ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ამ აქტის კონგრესთან გავლა და ამის შემდგომ უკვე სენატში, როგორც შემდეგ პალატაში დოკუმეტნის მხარდაჭერის კონსოლიდირება , რათა ეს დოკუმენტი იქცეს კანონად.
ავტორი: თაკო პაატაშვილი. ipress.ge