კიდევ ერთი ანტიქართული ნაბიჯი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან „ქართული დასისა“ და „ქართული იდეის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აპორტესტებდნენ 11 დეკემბერს მიღებულ პაქტს, რომელსაც საქართველო შეუერთდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო შეუერთდა მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში მიღებულ პაქტს „უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის შესახებ“.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმერ კოსნტანტინიდმა განაცხადა, რომ საქართველო ამ პაქტს შეუერთდა, ისე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა. როგორც ის აღნიშნავს, ეს დოკუმენტი არ არის სავალდებულო.

„ნებისმიერი დებულება შესრულდება იმ დოზით, იმ რეალობის, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს. ამ დოკუმენტის მიხედვით, ის არ წარმოშობს ახალ ვალდებულებებს, არამედ არსებული რეალობა უნდა მოაქციოს ჩარჩოებში, რითაც ქვეყნებმა მომავალში უკეთესი კოორდინაციისთვის უნდა იხელმძღვანელონ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

კონსტანტინიდის თქმით, ის შეხვდა აქციის მონაწილეებს და შესთავაზა მათ, გაგრძელდეს მსჯელობა ამ საკითხზე, რასაც შესაძლოა სამუშაო სახე მიეცეს.

„ამაზე მსჯელობა გაგრძელდება, რომელიც სამუშაო პროცესის სახეს მიიღებს, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის მოსაზრება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“ – განაცხადა კონსტატინიდმა.

თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სამინისტროსთან აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ საქართველო არ გაემიჯნება ამ პაქტს.

აქციაზე ისმოდა ქსენოფიბიურიგანცხადებები. ჯონდი ბაღათურიას თქმით, თუ საქართველო გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საქართველოში ისეთი ღარიბი ქვეყნებიდან შემოვა მოქალაქეები, როგორიცაა ირანი, ავღანეთი, სირია, ერაყი, ამას დაპირისპირება მოჰყვება.

„ეს პაქტი, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, გამოიწვევს აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან მილიონობით მიგრანტის გადმოდინებას, სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ამ პაქტის მეოთხე მუხლი ამბობს, რომ უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ პირადობის მოწმობებით უზრუნველყოფა და მათთვის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა. ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას და შესაძლოა სისხლისღვრაში გადავიდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაემიჯნოს ამ პაქტს. უნდა დაიწყოს დიალოგი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თუ ეს არ მოხერხდა მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს“, – თქვა ჯონდი ბაღათურიამ. 

Liberali.ge