გუგული მაღრაძე: უცნობი ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მადლობას მიხდიან

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მოვლენაა და მადლობა უნდა ვუთხრა საკუთარ თავს, პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვაზე, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ აღნიშნული კანონი კარგად მიიღო.

„დღეისთვის ჩვენ გვაქვს თითქმის 90%-იანი აღსრულება, თითქმის არ არის დარღვევა და ადამიანები ემორჩილებიან იმ კანონს, რომელიც მიმართულია მათი ჯანმრთელობის დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველო იმ ცივილურ ქვეყნებს შორის ჩადგენს, სადაც ასეთი ტიპის აკრძალვებია. ეს არის ისეთი შემზღუდველი ნორმა, რომელიც იცავს ადამიანების ჯანმრთელობას, როგორც მწეველების, ისე არამწეველების“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ ქუჩაში მას უცნობი ადამიანები მადლობას უხდიან ამ კანონის მიღებისათვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, მივდივარ ქუჩაში, უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეუბნებიან დიდ მადლობას იმ კანონისთვის, მეუბნებიან, თანდათანობით ვხვდებით, რა კარგია ეს კანონი, თავისუფლად ვსუნთქავთ, თავისუფლად შევდივართ ყველა გასართობ დაწესებულებაში, თუ სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჩვენ შვილებთან ერთად. მე ვეუბნები, კიდევ კარგი, თორემ თავდაპირველად დიდი ნიაღვარი იყო ჩემს წინააღმდეგაც, იმტომ, რომ ადამიანები ყველა საკითხის გადაჭრას მე მთხოვდნენ, რა დროს სიგარეტის აკრძალვაა, პენსია გვინდა, ხელფასი გვინდა . მე მაქვს ჩემი ნიშნა და ვფიქრობ ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში ბევრი მწეველია, პარლამენტი მაინც ერთსულოვანი იყო ამ კანონთან დაკავშირებით. ახლა მე ვალმოხდილად ვთვლი თავს ჩემი საზოგაოდების წინაშე.
პარლამენტში ამ კანონის დარღვევა არ ყოფილა, სხვათაშორის თანდათანობით უფრო ნაკლებს ეწევა ბევრი მათგანი.
ბევრმა მაგალითად ქუჩაში გამაჩერა და მითხრა, რომ დავანებე თავი მაგ აკრძალვის გამო, ვეღარ გამოვდიოდი ყოველ წუთში გარეთ ოფისიდან და თანდათანობით შევამცირე“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „იმედის“ ეთერში.
ipress.ge