კახა კალაძე – „გავზარდოთ ჯარიმები, რომ ქალაქში იყოს წესრიგი“

„გავზარდოთ ჯარიმები, რომ ქალაქში იყოს წესრიგი“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ჰქონდა საუბარი და საპატრულო პოლიციას გააჩნია მზაობა, რომ მოხდეს ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებზე კერძო სატრანასპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა და ის მძღოლები ვინც არ დაემორჩილებიან ამას, დაჯარიმდებიან.

მანვე თქვა, რომ შესაძლოა, მოხდეს ავტობუსებისთვის განკუთვნილი ხაზების გასწვრივ ვიდეოკამერებიც დამონტაჟდეს.

„შემთხვევით არ არის, რომ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი ე.წ ბას ლეინები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული ქალაქში. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ვეცდებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება. ხშირია შემთხვევა, როცა ავტობუსის სპეციალურ ზოლებზე კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს სწორი არ არის და ამ საკითხზე მაქსიმალურად უნდა გამახვილდეს ყურადღება, საჭიროების შემთხვევაში, დამონტაჟდება ვიდეოკამერები.

 
„მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, საპატრულო პოლიციასთან გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი, არის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ ვინც დაარღვევს, დაჯარიმდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის შექმნილი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ეს ყველაფერი მალე მოწესრიგდეს“, განაცხადა კახა კალაძემ.
Guardian.ge