„ჩვენ უკვე აღარა ვართ ადვილად გასაბითურებელი ხალხი. ჩვენ კვლავ პატივსაცემი ერი ვართ“, უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყის საჰაერო ბაზაზე სტუმრობისას აშშ-ის სამხედრო ძალების შემადგენლობას და დაამატა, რომ აშშ ვეღარ განაგრძობს, რომ იყოს მსოფლიოს პოლიციელი და არ არის სამართლიანი, როდესაც მთელი ტვირთი შეერთებულ შტატებზეა.
ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ერაყი, როგორც მომავალი ბაზა „თუკი ჩვენ გვსურს რაიმეს გაკეთება სირიაში“.
ერაყში ვიზიტისას მან აშშ-ის ჯარების სირიიდან გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა და აღნიშნა: „ბევრი ადამიანის ნააზრევი ემთხვევა ჩემსას. მე იმთავითვე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩვენი მისია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო შენაერთების განადგურება იყო.
„რვა წლის წინ ჩვენ იქ სამი თვით შევედით და არასოდეს გამოვსულვართ. ახლა ჩვენ მართებულ გზას ვადგავართ და ჩვენ ამას დავასრულებთ“.
ტრამპმა ასევე გააკეთა განმარტება მისი საუბრის შესახებაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომელმაც როგორც BBC წერს, აშშ-ის ჯარების სირიიდან გამოყვანის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე სავარაუდოდ გავლენა იქონია.
„გეტყვით, რომ მქონდა ძალიან კარგი საუბრები პრეზიდენტ ერდოღანთან, რომელსაც ასევე სურს განდევნოს ისინი [„ისლამური სახელმწიფო“] და ის გააკეთებს ამას. და ასევე სხვებიც გააკეთებენ ამას“, თქვა ტრამპმა.
„ჩვენ ვართ მათ რეგიონში. მათ უნდა გაეზიარებინათ ხარჯების ტვირთი და ისინი არ იზიარებენ“.
მან თქვა, რომ ჯარების სირიიდან გამოყვანაში დაყოვნება არ იქნება და დაამატა, რომ აშშ „ვეღარ განაგრძობს, რომ იყოს მსოფლიოს პოლიციელი“.
„არ არის სამართლიანი, როდესაც მთელი ტვირთი ჩვენზე, შეერთებულ შტატებზეა“, აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენ უკვე აღარ გვინდა მათთვის სასარგებლოდ გამოგვიყენონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც გვიყენებენ ჩვენ და იყენებენ ჩვენს ჩინებულ ჯარებს მათი დაცვისათვის. ისინი არ იხდიან ამის საფასურს და მათ უნდა გადაიხადონ“.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ რეგიონში მისი ვიზიტი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ შედგა.
Guardian.ge