მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ დასავლეთის “ლიბერალური” ძალების კარნახითა და მითითებით წლების წინათ დაწყებულმა რელიგიურმა დესტრუქციამ, რომელიც თითქოს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ (იგულისხმება უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება), სინამდვილეში კი სრულიად მართლმადიდებელ საქრისტიანოში დიდი რღვევისა და განხეთქილებისკენ იყო მიმართული, კულმინაციას მიაღწია.
15 დეკემბერს კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულმა “გამაერთიანებელმა კრებამ” უკრაინის “ერთიანი საეკლესიო სხეულის” შექმნა ზარ-ზეიმით გამოაცხადა, ახალი მართვა-გამგეობის წესდებაც დაამტკიცა და პირველი იერარქიც აირჩია. მოკლედ, კრება, რომელსაც ბართოლომეოსის სპეციალური წარმომადგენელი თავმჯდომარეობდა, საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა. უკრაინა _ სულიერ, მისი ხელმძღვანელობა კი, როგორც კრების შემდეგ პოროშენკომ განაცხადა, პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფრო მაღალ ხარისხს ეზიარა.
რაც შეეხება ბართოლომეოსის მიერ ხელდასხმულ წინამძღოლს, “კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი” _ ასე განესაზღვრა ტიტული ახალი “ავტოკეფალიური” ეკლესიის საჭეთმპყობელს, რომლის პატივიც ფილარეტის ფავორიტ ახალგაზრდა მღვდელმთავარს, პერეიასლავსკისა და ბელოცერკოვსკის 39 წლის მიტროპოლიტ ეპიფანეს ერგო. უკრაინული მედიის ცნობით, 6 იანვარს სწორედ ის უნდა გამეგზავროს სტამბოლში, სადაც მსოფლიო პატრიარქი მას ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს, თუმცა, სანამ ეს პროცესი შედგება, რუსეთის საპატრიარქო დროს უქმად არ კარგავს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს უკვე ოფიციალური განცხადებით მოუწოდებს კანონიკური ნორმების შესაბამისად სწორი და სამართლიანი პოზიციის გარშემო გაერთიანებისკენ…
როგორ შეიძლება მომავალში განვითარდეს მოვლენები უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის კვალდაკვალ და რა პოზიციას დაიკავებს საბოლოოდ საქართველოს საპატრიარქო, რომელიც ჯერჯერობით დუმს?
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი(რაზმაძე).
_ მამაო, მიუხედავად რიგი წინააღმდეგობებისა, მსოფლიო პატრიარქი თვითნებურ მოქმედებებს განაგრძობს. 15 დეკემბერს კიევში ჩატარებულმა “გამაერთიანებელმა კრებამ” პირველი იერარქიც აირჩია და ახალი მართვა–გამგეობის წესდებაც დაამტკიცა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, პირველ რიგში, რუსეთის ეკლესიისთვის და შემდეგსრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის?
_ მართლმადიდებელი სამყაროს გახლეჩისა და დანაწევრების გლობალური გეგმა, რომელიც, საიდან და ვის მიერაა მართული, ყველამ ვიცით, ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს, ფაქტობრივად, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წლების წინათ დაწყებული პროცესი, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, ფეხქვეშ თელავს კანონიკურ ნორმებს, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი და საგულისხმო აქ ახლა, ალბათ, სხვა რამაა. მოგეხსენებათ, უკრაინელი ხალხი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფას ემხრობოდა, რეალურად საეკლესიო დამოუკიდებლობას ითხოვდა. არადა, მათ მიიღეს ახალგაზრდა “საჭეთმპყობელი”, რომელსაც პატრიარქის ტიტული კი არ აქვს, არამედ მიტროპოლიტის. იცით, ეს რას ნიშნავს? მე ვფიქრობ, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი უკრაინის ეკლესიის ტომოსის თაობაზე. საერთოდ, ეს პროცესები თავიდანვე იყო ფარსი, ვინაიდან დღეს მსოფლიო პატრიარქის ინტერესში არ შედის ვინმესთვის დამოუკიდებლობის მინიჭება. ამით ბართლომეოსმა ხელში ჩაიგდო უკრაინა და ამიერიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი შემოსავალი პირდაპირ მის ბიუჯეტში წავა. აი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრის და არავითარი ავტოკეფალიის ტომოსი უკრაინას რეალურად არ მიუღია…
_ გინდათ, თქვათ, რომ უკრაინის მოსახლეობა 15 დეკემბრის კრების შედეგებით უკმაყოფილოა?
_ კიდევ ვიმეორებ: უკრაინელი საზოგადოება ითხოვდა საეკლესიო დამოუკიდებლობას, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ავტოკეფალია, ჰყავდეს პატრიარქი და
დამოუკიდებელისაპატრიარქო. ამის ნაცვლად მათ მიიღეს მსოფლიო პატრიარქის მიერ მართული მიტროპოლიტი.
რას ნიშნავს ეს?
ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩახედულია საკითხში და იცის, რეალურად რა გადაწყვეტილება იქნა კრებაზე მიღებული, კმაყოფილი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხი უკმაყოფილოა დღეს და ეს უკვალოდ არ ჩაივლის.
რაც შეეხება ფილარეტს, ბევრისთვის შეიძლება, მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ მასზე არ შეჩერდა აჩევანი და ეპიფანეს მიანიჭეს უპირატესობა, მაგრამ ლოგიკურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ეს არ არის გასაკვირი. ფილარეტი თავიდანვე დაიმონა ბართოლომეოსმა და მას, ფაქტობრივად, პირდაპირ უთხრეს: თუ გინდა, ძალაუფლება შეგინარჩუნდეს ეპისკოპოსის ხარისხში, უნდა დაგვემორჩილოო.
აი, ამის შემდეგ გახადეს ცრუ პატრიარქის მანტია და, როგორც ჩვეულებრივი ეპისკოპოსი, ისე მიიყვანეს კრებაზე, თუმცა ეს კრება, კიდევ ვიმეორებ, აღმოჩნდა ცივი წყლის გადასხმა სრულიად
უკრაინისთვის, რადგან ყველა ელოდა პატრიარქის დანიშვნას და დანიშნეს მიტროპოლიტი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება მსოფლიო პატრიარქს.
ეს არის ყველაზე ნათელი გამჟღავნება იმ ზრახვებისა, რომლებიც რეალურად აქვს ბართოლომეოსს.
მხედველობაში მაქვს ფინანსური ინტერესები, რომ უკრაინული ეკლესიების ფული შევიდეს მის ბიუჯეტში. ეს მოხდა, სხვა არაფერი.
_ პოლიტიკურ ინტერესებზე რას იტყვით?
_ პოლიტიკური ინტერესები ამ პროცესების მეორე ნაწილია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო იმართებოდა და დღესაც იმართება ორი სახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის _ სპეც სამსახურების მიერ. სხვათა შორის, ის, რომ ფილარეტს ანათემის მოხსნის შემდეგ აღუდგინეს საეკლესიო ხარისხი, სჯულის კანონის უხეში დარღვევაა და ესეც იმ სპეც სამსახურების გავლენის შედეგია. საერთოდ, როცა სქიზმაში გადის ადამიანი და მერე ისევ ეკლესიის წიაღში ბრუნდება, ის საეკლესიო ხარისხით აღარ ბრუნდება, ბრუნდება, როგორც ჩვეულებრივი საერო პირი, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს.
აქვე მინდა მკითხველს გავახსენო ჩვენი ზოგიერთი სასულიერო პირის, მათ შორის, მაღალი იერარქების პოზიციაც, რომ თურმე ბართოლომეოსს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა სურს. ამ კრებამ ხომ ნათლად დაგვანახვა, რეალურად რაც უნდა?! რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი?!
ვინმეს სჯერა, რომ დღეს უკრაინის ეკლესია უფრო თავისუფალია, ვიდრე მანამდე იყო?!
თუმცა ეს არ არის ყველაფერი, თუ რამე იქნება კიდევ გასაკეთებელი,
ბართოლომეოსი ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე, ალბათ, უარესს გააკეთებს…
_ ბევრს ეგონა, რომ უკრაინას დამოუკიდებელი პატრიარქი ეყოლებოდა და ის აუცილებლად ფილარეტი იქნებოდა.
ვერც პირველი აუხდათ და ვერც მეორე. როგორ ფიქრობთ, რატომ თქვეს უარი ფილარეტის კანდიდატურაზე?
_ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ფილარეტს, თავისი წარსულიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო მეტი ამბიცია ჰქონდა.
შესაბამისად, ბართოლომეოსმა და მისმა გარემოცვამ იცის, რომ ის გაცილებით რთული დასამორჩილებელი შეიძლება შეიქნეს, ვიდრე 39 წლის მიტროპოლიტი, რომელსაც სხვა გზა არც აქვს, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს.
ფილარეტი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და ჭკვიანები ბართოლომეოსს არ სჭირდება. ესეც არის თუნდაც ერთ-ერთი მიმანიშნებელი იმის, რომ არანაირი დამოუკიდებლობის მინიჭება მას უკრაინის ეკლესიისთვის არ სურდა.
ყოველ შემთხვევაში ფაქტია: ბართოლომეოსმა საეკლესიო დამოუკიდებლობის მომლოდინე უკრაინელი ხალხი იმედგაცრუებული დატოვა…
_ კრებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მართლმადიდებელ სამყაროს სწორი პოზიციის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. მიუხედავადამისა, ყველამ და, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქომაც კონკრეტული ნაბიჯებისგან თავი შეიკავა. როგორ ფიქრობთ,
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა და მოუწევს თუ არა ჩვენს ეკლესიას,
ადრე თუ გვიან პოზიციის გამოხატვა?
_ ცხადია, ადრე თუ გვიან ყველა ეკლესიას მოუწევს ამაზე ხმის ამოღება და ეს მოხდება თვით მსოფლიო პატრიარქის მოთხოვნით. აი მაშინ გამოჩნდება, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს…
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ მართალია, დღეს ეკლესიის წიაღში ბევრია არა ჯანსაღი ძალა, მათ შორის ეპისკოპოსების სახითაც, მაგრამ, როცა გადამწყვეტი მომენტი დგებოდა, მაინც საღი აზრი იმარჯვებდა.
ასე იყო თავის დროზე, როცა მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობის საკითხი იდგა და ასე იყო სხვა პრინციპულ მომენტებშიც, თუმცა, რა თქმა უნდა, საფრთხე ძალიან დიდია და მთავარ საფრთხეს ვხედავ განხეთქილებაში.
_ საქართველოს ეკლესიის წიაღში თუ მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში?
_ ეს საფრთხე სრულიად მართლმადიდებელ სამყაროში არსებობს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი, რა თქმა უნდა, საქართველოა. ის ფაქტი, რომ თუნდაც 15 დეკემბრის კრება კიევში აღმოჩნდა დიდი იმეგაცრუება უკრაინელების იმ ნაწილისთვის, რომელიც საეკლესიო დამოუკიდებლობას ელოდა, მაძლევს იმედს, რომ საზოგადოებრიობა, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და არა მხოლოდ ამ ქვეყნებში, გამოფხიზლდება. იმედია, ამის შემდეგ მაინც არ ექნება ხალხს გულუბრყვილო იმედი, რომ ვიღაცას მისი თავისუფლება თუ დამოუკიდებლობა ადარდებს და ამიტომაა ასე დაპირისპირებული რუსეთთან. არავინ არავის გამო თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს. კიდევ ვიმეორებ: უკრაინის ეკლესია და მისი დამოუკიდებლობა არის მეათეხარისხოვანი, მთავარი ინტერესი, რაც არსებობს, არის ფინანსური დაპოლიტიკური სარგებელი…
_ კრების შემდეგ პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა სულიერ თავისუფლებას ეზიარა. ობიექტურადშევხედოთ ამ ყველაფერს: დღეს უფრო დამოუკიდებელია უკრაინის ეკლესია თუნდაც ფურცელზე თუ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში როცა იყო?
_ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა, ანუ ადრე, მაგალითად, შეეძლოთ, დამოუკიდებლად მოეხდინათ წმინდანების კანონიზაცია, ასევე დამოუკიდებლად შეეძლოთ გარკვეული შიდასაეკლესიო გადაწყვეტილებების მიღება… ახლა ეს ყველაფერი უნდა შეათანხმონ კონსტანტინოპოლთან. რაც შეეხება პოროშენკოს განცხადებას, ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი თავის მართლება იმ იმედგაცრუების გამო, რომელიც მათ საზოგადოებას განაცდევინეს, მაგრამ ახლა მსგავსი განცხადებები საქმეს ვერ უშველის. ყოველ შემთხვევაში იქ უკვე დაიწყო ხალხმა ლაპარაკი იმაზე, რომ სულ სხვა რამეს ელოდნენ და სხვა მიიღეს. ასე რომ, პოროშენკოს ტყუილებს ძალიან მალე მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება მოჰყვება და ამის შედეგებს მისი ხელისუფლებაც და საერთოდ, ყველა ნახავს…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია. გაზეთი საქართველო და მსოფლიო.