საქართველოს საპატრიარქო უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც თითქოს საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ საპატრიარქოში ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით და ორივე მხარე ცდილობს, ჩვენი ნათქვამი სათავისოდ წარმოაჩინოს.
მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგაც, – უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება.
შეხვედრაზე სტუმარმა განაცხადა, რომ ისინი ესწრაფვიან უკრაინის ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას, რომელიც როგორც ხელისუფალთა, ისე მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფ და ყველა სხვა იერარქთა მოთხოვნაზე და კანონიკურ საფუძველზე უნდა იყოს დამყარებული.
თუ ეს განხორციელდა, ბუნებრივია, მისასალმებელი მოვლენა იქნება, მაგრამ, როგორც ჩვენის მხრიდან აღინიშნა, ეს ადვილად მისაღწევი ამ ეტაპისთვის არ ჩანს; ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება მოსახლეობაში და არ განვითარდეს კიდევ უფრო რთული პროცესები.
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: – ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
23 სექტემბერს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს.
14 სექტემბერს რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო მოიწვიეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან კავშირების გაწყვეტით იმუქრება.
მოსკოვის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების გამო გართულდა.
პირველ სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
ცნობისთვის, თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა.
sapatriarqo