პარლამენტში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ახალი 2019 წელი მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის რთული და კრიზისული იქნება.
როგორც პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მმართველი გუნდის დაშლის ალბათობა მაღალია და მეტიც, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
დღეს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და ძველი სახე, ეკა ბესელია იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხდა. ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვებას იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კაციან სიას უკავშირებს.
“გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც იყო საზიანო ქვეყნისათვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 10 კანდიდატურის წარდგენა იყოს სრულიად გაუმართლებელი და დაუფიქრებელი. საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, პროცესები იხილოს გამჭირვალედ. უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოსამართლეების შერჩევაზე იმუშავებს გამჭირვალედ.
სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო ჩემი ძმისა და შვილის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები არიან, არამედ ჩემი თანამებრძოლებისაც. უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ისეთი რეპუტაციის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს არ ემსახურებოდნენ.
ეს გადაწყვეტილება დღეს იმიტომ გავასაჯაროვე, რომ ველოდებოდი ვანო ზარდიაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შესრულებას მე ამ ადამიანს ვერ დავუტოვებდი”, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას გადადგომას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი პარტია “ქართული ოცნების” შიდა სამზარეულო გახდა. კობახიძის განმარტებით, მისთვის გაუგებარია კავშირი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა განხილვასა და ეკა ბესელიას გადადგომას შორის.
“დღეს ქალბატონი ეკას მხრიდან გადადგომის განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენი მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების განხილვა გადაიდო. სწორედ ამიტომ, კავშირი პროცესსა და გადადგომას შორის, გაუგებარია. გადადგომის მიზეზი იყო ჩვენი შიდა სამზარეულო”, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით კი, აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს არ უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში.
“ჩვენი პოზიციაა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე. ქვეყნის პირველი პირები მოსამართლებს ირჩევდნენ და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ბახტაძემ ეკა ბესელიას იურიდიული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების კომენტირებისას.
ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრისა და ცოტა ხნის წინ უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, უმრავლესობა იშლება. მისივე თქმით, მმართველ გუნდში დაშლის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. ახლა კი ხდება თანამდებობების დატოვების ოფიციალურად გაფორმება და ეს პროცესი გაგრძელდება.
“ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ მხარდაჭერებს იმედი გაუცრუა და ახალი წლის განწყობა გაუფუჭა იმ მოსამართლეების სიის წარდგენით, რომლებსაც მხარს უჭერენ პორტირებული დეპუტატები თავიანთი “ნაჩალნიკის“, ირაკლი კობახიძის მეთაურობით. ასე, რომ 2019 წელი “ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე იქნება.
დავით ჭიჭინაძის მოსაზრებას იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა. მისი თქმით, “ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას აქვს ადგილი.
“ეკა ბესელიას გადადგომა ადასტურებს იმას, რომ “ქართულ ოცნებაში“ ადგილი აქვს სერიოზულ შიდა დაპირისპირებას და კრიზის. ეს საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, როდესაც 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს მოუწია არჩევნების ყიდვა, იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წლისთავზე პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატი დაესვა. ამ წარუმატებლობამ და კრახმა, რა თქმა უნდა, გააღრმავა “ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება, რაც ისედაც არსებობდა“, – განუცხადა სააგენტოს პარლამენტის წევრმა.
თინა ბოკუჩავა ასევე არ გამორიცხავს, რომ საკადრო ცვლილებები კიდევ იყოს, როგორც პარლამენტში, ასევე სამთავრებო გუნდშიც.
“ოცნებაში“ სხვა კადრების ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე სამთავრებო გუნდში“, – განუცხადა სააგენტოს თინათინ ბოკუჩავამ.
მმართველ გუნდში განხეთქილება, რომ არის, ეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზეც გამოჩნდა, როდესაც ეკა ბესელია და სოფო კილაძე დაუპირიპირდნენ.
საქმე იმაშია, რომ სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. “უკვე დიდი ხანია, ხელი ავწიე”, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძემ.
“ყველა დამელოდეთ მშვიდად, რიგს აქ მე განვსაზღვრავ. დამშვიდდი, დაწყნარდი, რიგი განსაზღვრე იქ, სადაც შეგიძლია განსაზღვრო. აქ მე განვსაზღვრავ რიგს და მოვითმინოთ. დაწყნარდი, კიდევ ერთხელ გეუბნები, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და შემოხვიდე”, – მიმართა ეკა ბესელიამ სოფო კილაძეს.
თუმცა, ეკა ბესელია ოპოზიციაში დამცველებიც გამოუჩნდნენ. თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ეკა ბესელია სწორ გზაზე დგას.
“ეკა ბესელიას დაცვას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან გაჩერებული საათიც კი დღე-ღამეში ორჯერ სწორ დროს ანახებს. დიახ დღეს ქალბატონი ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს, ოღონდ მათ მხოლოდ “9 წლის” მსახურებად მოიხსენიებს. არა და დიახ, ქალბატონო ეკა, ესენი 9 წლის მერე უკვე 6 წელია ივანიშვილს ემსახურებიან და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენენ თქვენ ხელში, რაც თქვენ არასდროს გაგიპროტესტებიათ. მეტიც, ტურავა რომ სიმულანტობდა თქვენ მას უმსგავსოდ ამართლებდით. განსხვავებით იმ 9 წლისგან, ეს ხალხი ახლა ფულსაც აკეთებს. ამდენად, რაც ახლა “ოცნებაში” ხდება, არა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, არამედ სასამართლოზე გავლენისთვის ბრძოლაა. ამასთანავე, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს უვადო ბოროტება შევაჩეროთ დღეს. ამიტომ მხარს ვუჭერ პროტოქოცთა ამ ამბოხს, თუნდაც რომ მერკანტელური მიზნებით იყოს ნაკარნახევი.
“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბესელიას მისი თანაგუნდელი ანრი ოხანაშილი ჩაანაცვლებს. მთელი დღის განმავლობაში ოხანაშვილი დუმილს ამჯობინებდა. თუმცა დღის ბოლოს მან სააგენტოსთან გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ამ საკითხზე იმსჯელებს გუნდი და მიიღებს შესაბამის ღირსეულ გადაწყვეტილებას. გუნდის გადაწყვეტილებას კი ყოველთვის პატივს ვცემ!“ – განუცხადა “2020NEWS” ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია თანაგუნდელებზე ზრუნავს და კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატებს ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა წარუდგინა.
ბესელიას ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი გამოეხმაურნენ და დაინტერესდნენ, მისი ინიციატივა შეთანხმებული იყო თუ არა მმართველ გუნდთან. საკითხი კენჭისყრაზე არ დამდგარა.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებისგან განსხვავებული აზრი აქვთ ექსპერტებს. ზოგი მათგანი ბესელიას ციხის გზაზე უშვებს, ზოგი კი პარლამენტის სპიკერად.
“ეკა ბესელიას გზა ციხის საკნისკენ, დაწყებულია. ღარიბაშვილი ამბობდა თავის დროზე – “ნაცმოძრაობა“ რადარებიდანაა გამქრალიაო და დღეს აღარავის ახსოვს ეს პატარა და ანჩხლი ადამიანი. კვირიკაშვილი ასევე მოუსვლელშია გამგზავრებული; ეს ამაზრზენი ქალი სამადაშვილის გაგდებას აპირებდა იურიდიული კომიტეტიდან და დღეს თავად მას ამოარტყეს პანჩური“, – განაცხადა ექსპერტმა დავით ნებიერიძემ.
გია ხუხაშვილი კი ამბობს:
„ხომ შეიძლება ბესელია ხვალ პარლამენტის სპიკერად ვიხილოთ, ჯერ თოვლის ბაბუას დაველოდოთ – განუცხადა “2020NEWS”-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ვანო ზარდიაშვილის წასვლა უფრო გაუხარდა, რადგან ის უფრო მავნე ძალაა, ვიდრე ბესელია.
“მე ძალიან შორს მიმავალ პროგნოზს ვერ გავაკეთებ და ვერ ვიტყვი, რომ მმართველი გუნდის დაშლა იწყება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ძალების გადახალისება და სიახლეები მმართველ გუნდში ყოველთვის საჭიროა. ეკა ბესელია გუნდში არ იყო ისეთი ლიდერი, რომ მისი წასვლით ბევრი რამ შეიცვალოს. მე პირადად ვანო ზარდიაშილის წასვლა უფრო გამიხარდა, რადგან ის უფრო მავნე ძალად მიმაჩნია,“ – განაცხადა.
ასეა თუ ისე, “ქართულ ოცნებაში” არსებული შიდა დაპირისპირება კულისებიდან ავანსცენაზე გადმოვიდა. ახლა ალბათ ყველა ერთი კაცოს მოლოდინშია – რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს ქვეყნის რეალური მმართველი და ოლიგარქი – ბიძინა ივანიშვილი.
2020nevs.ge