ეკა ბესელია: გუნდის საჯარო კრიტიკას არ ვაპირებ, თუმცა, თუ არასწორი განცხადებები გაკეთდება, მომიწევს პასუხის გაცემა და ეს პასუხი არ იქნება ტკბილი

მესმის იმ ადამიანების, ვინც არ იცის, რას ნიშნავს ფასეულობებისა და მორალური სტანდარტებისთვის თანამდებობის დათმობა, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ჯერ კიდევ თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკაში არიან ადამიანები, ვისაც მორალური კრიტერიუმების დაცვას კომფორტი და თანამდებობა ურჩევნია. მან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება თანამდებობის დატოვების მიზეზთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რა მიზეზით მიიღო, მასზე უკეთ არავინ იცის.
რაც შეეხება გუნდის შიგნით არსებულ შესაძლო დაპირისპირებას, ბესელიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს გუნდის მიმართ საჯარო კრიტიკას, თუმცა, მისივე თქმით, თუ არასწორი განცხადებები გაკეთდება, მას მოუწევს პასუხის გაცემა და ეს პასუხი არ იქნება ტკბილი.
“ჩემი ყველა განცხადება არის ძალიან მოზომილი, კორექტული და ეთიკის ფარგლებში. ცალკეული რამდენიმე განცხადება ჩვენი უმრავლესობის წევრთაგან არ იყო კორექტული და ამაზე, რა თქმა უნდა, რეაქცია მქონდა. უმჯობესია ეს დასრულდეს. მე რა გადაწყვეტილება რა მიზეზით მივიღე, ეს ჩემზე უკეთესად არავინ იცის. ამიტომ მგონია უკეთესია, ახლა საჯარო ინტერესზე ვიფიქროთ. მე არ მჩვევია და არასოდეს გამიკეთებია გუნდის მიმართ კრიტიკული განცხადებები საჯაროდ იმიტომ, რომ ამის სივრცე მაქვს შიგნით და ვერავინ დამიშლის ვთქვა, რაც მინდა, რაც არ მომწონს და რაც არ მიმაჩნია სწორად. ამის პრობლემა არ მაქვს. არც მომავალში ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, რაც გუნდის შიგნით ხდება, მაგრამ თუ ისეთი გამონათქვამები იქნება, რომელიც არ იქნება რეალური და მართალი, მე მომიწევს ამაზე პასუხის გაცემა და ჩემი პასუხი არ იქნება ტკბილი. ასე რომ, ჯობია, ამ თემებზე ვილაპარაკოთ შიგნით.
მიზეზების ძებნა სადმე სხვაგან არ არის მართებული. ვთქვი ის, რაც იყო რეალობა. ახალი ვერსიების შემოტანა და ახალი ვერსიების გაჩენა მესმის კარგად, ეს არის ერთგვარი მეთოდი. ასევე, მესმის იმ ადამიანების, ვინც არ იცის, რას ნიშნავს ფასეულობებისთვის და მორალური სტანდარტებისთვის თანამდებობის დათმობა. მათ რომ უკვირთ ასეთი გადაწყვეტილება რატომ შეიძლება მიიღო, ასეთი ადამიანებისაც მესმის იმიტომ, რომ არიან პოლიტიკაში ადამიანები, ვისაც მორალური კრიტერიუმების დაცვას კომფორტი და თანამდებობა ურჩევნია. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი არჩევანი და ადამიანის ღირსება არის მის არჩევანში. დამიტოვეთ მე ამ არჩევანის უფლება”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
info9.ge