“ტრამპი აღარ გაგზავნის შეიარაღებულ ძალებს სხვა ქვეყნების დასაცავად, თუ ეს უშუალოდ ამერიკას არ შეეხება”
ამერიკის შეერთებული შტატები მომავალში სამხედრო დახმარებას საკუთარი ჯარისკაცებით აღარავის აღარ გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყში ყოფნისას განაცხადა. ტრამპმა განმარტა, რომ სირიიდან აშშ-ის ჯარების ეტაპობრივი გაყვანა სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ინფორმაციას “იუესეი თუდეი” ავრცელებს.
“რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვარტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება არ იქნება გლობალური და არ შეეხება აბსოლუტურად ყველა მის მოკავშირე სახელმწიფოს. მისი თქმით, ამერიკა “შერჩევითი ჩარევის პრინციპით” მოქმედებას დაიწყებს.
“თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩვენი საბრძოლო მისიის მიზანია – “ხალიფატისთვის” (ტერორისტული დაჯფუფება) მათი დასაყრდენი პუნქტები წაგვერთმია. 8 წლის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენს სამხედროებს მოვმართავთ 3 თვით, მაგრამ იქვე დარჩნენ. ახლა კი სწორ ნაბიჯებს ვდგამთ და ბოლომდე მივიყვანთ ამას”,-თქვა ტრამპმა.
ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ტრამპი უარს აცხადებს შეიარაღებული ძალების გაგზავნოს იმ ქვეყნებში, რომელთა საკითხიც უშუალოდ არ ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს.
“რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით ამერიკის 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულია საკმაოდ სერიოზული დახმარებები. ეს ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისრაელი, იემენი, იორდანია და ა.შ.
“ბუნებრივია დახმარების აბსოლუტურ შეწყვეტაზე არც არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები გამოდიან სირიიდან, ისინი რჩებიან ერაყსა და ავღანეთში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკა ერაყში საკუთარ კონტინგენტს ორჯერ ამცირებს, რაც, ჩემი აზრით, შემაშფოთებელია.
“ტრამპმა იგულისხმა ის, რომ ის აღარ უზრუნველყოფს ამერიკის შეიარაღებული ძალების გაგზავნას სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ეს უშუალოდ ამერიკას არ შეეხება. მაგრამ, სამხედრო დახმარების გაწევა მაინც გაგრძელდება – საუბარია სამხედრო ინსტრუქტორებზე, ფინანსურ დახმარებაზე, შეიარაღების შესყიდვასა და გადაცემაზე – ეს ყველაფერი რჩება, უბრალოდ ამერიკა თავის შეიარაღებულ ძალებს აღარ ჩართავს რეგიონალური ტიპის სამხედრო კონფლიქტებში. როგორც ჩანს, 2020 წლამდე ამერიკელები იქნებიან ავღანეთში და შემდეგ იმ კონტინგენტსაც გამოიყვანს”, – დასძინა მაისაიამ.
მისივე თქმით, შესაძლოა, რომ ტრამპმა სხვა გზით განახორციელოს თავისი გეგმა-შეამციროს კონტინგენტები და “შერჩევითი ჩარევის პრინციპით” იმოქმედოს.
“ტრამპს ყოველთვის ახლ-ახალი იდეები “აწუხებს” და ესეც რაღაც ახალია. თუ ის შეიარაღებული ძალების გამოყვანას აპირებს ყველა კონფლიქტური კერიდან და მარტო ამერიკის თავდაცვაზე ფიქრობს, მაშინ გამოდის, რომ ამერიკა ხელს იღებს გლობალურ ჰეგემონობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე.
“რა თქმა უნდა, სტაბილურ მოკავშირეებზე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, მაგრამ შესაძლოა, რომ მან შეამციროს ვალდებულებები და “შერჩევითი ჩარევის პრინციპი” დაიცვას, რომელიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია განსაზღვრული.
“ტრამპმა შესაძლოა, რომ შეარჩიოს ის ქვეყნები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი და იმათ გაუწიოს დახმარება. ალბათ, განსაკუთრებული ტიპის ქვეყნებს, ისეთს, როგორიცაა ისრაელი გაუწევს სერიოზულ დახმარებას.” – მიიჩნევს ექსპერტი.
ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ტრამპის არჩეულმა პოლიტიკამ განაპირობა, რაც მისთვის, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარებასთანაა დაკავშირებული:
“ფაქტობრივად, დონალდ ტრამპის ლოზუნგია-“ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, ის მიიჩნევს, რომ ამერიკამ თავისი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას უშუალოდ თავისივე უახლოეს სამეზობლოში და გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური და საბრძოლო პოტენციალი.
“ტრამპი თვლის, რომ სამხედრო დანახარჯები საკმაოდ მაღალია და მას ურჩევნია, რომ დანახარჯები გადაიტანოს სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად, ვიდრე სამხედრო ხარჯებზე. ის ამბობს, რომ გლობალური ჰეგემონობა ამერიკას არ სჭირდება – ეს არის მისი მიდგომა და ახორციელებს კიდეც ამას.” – განაცხადა მან.
კაკაჩიამ ისაუბრა ამერიკის დახმარების მოლოდინში მყოფ ქვეყნებზეც და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს უკრაინის მიმართ და, სავარაუდოდ, მის დახმარებას განაგრძობს. მისივე თქმით, სამწუხაროდ, მსგავსი პერსპექტივა არ ჩანს საქართველოსთვის მხარდაჭერის საკითხში.
“ტრამპის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, ვიტყოდი, რომ არის საკმაოდ არაორდინალური. თუმცა, უკრაინასთან ეს პრინციპი, სავარაუდოდ, დარჩება, რადგან ამ წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის გამოსაყოფია 300-დან 500 მლნ-მდე აშშ დოლარი.
“ამაში შედის იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემა, საბრძოლო შენაერთების მომზადება და ა.შ. გარდა ამისა, ამერიკამ დანიშნა სპეციალური მრჩეველი, ამერიკელი გენერალი, რომელიც უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველად მუშაობს.
“აღსანიშნავია, რომ ახლახანს დაინიშნა ახალი ამერიკელი გენერალი, რომელიც უშუალოდ გაუწევს პირდაპირ სტრატეგიულ კონსულტაციას და დახმარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში.
“ჩვენთვის ეს დახმარება, რატომღაც, გამოყოფილი არ არის. თუ ჩვენი 9 ბატალიონის მომზადება დაასრულეს, მაგაზეც მადლობა უნდა ვთქვათ. მაგალითად, ჩვენ 2019 წლის სამხედრო ბიუჯეტში ვერ მოვხვდით, ყოველ შემთხვევაში, სპეციალურად ჩვენთვის მუხლი გამოყოფილი არ არის – უკრაინა შესულია, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო-არა.” – თვლის ვახტანგ მაისაია.
infonevs.ge