ეკლესიაში დაპირისპირების რამდენიმე ახალი ფრონტი გაჩაღდა. მეუფე იაკობი შინაგან საქმეთა მინისტრს დაუპირისპირდა. მეუფე პეტრემ კი პატრიარქი გააკრიტიკა.
ორი ჯვრის ტარების უფლების მქონე არქიმანდრიტი დემეტრე ალაპარაკდა. მღვდელი, რომელსაც ეპისკოპოსად კურთხევისათვის ამზადებდნენ და წმინდა სინოდში გარანტირებული ადგილი ელოდა, დაუჯერებელ ისტორიას ყვება.
სასულიერო პირის ამ ინტერვიუდან დგინდება, რომ საპატრიარქოს შიგნით ბრძოლა გავლენებისთვის ყველაზე რადიკალური მეთოდებით მიმდინარეობს, ხანდახან სასულიერო პირები ისეთ მეთოდებს მიმართავენ, რომელსაც ყველაფერს მიჩვეული პოლიტიკოსებიც კი არ კადრულობენ.
მეორე ჯვრის ტარების უფლების მოპოვების შემდეგ არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი სკანდალის შუაგულში აღმოჩნდა. სასულიერო პირი უკვე წმინდა სინოდის წევრობისთვის და ეპისკოპოსის სტატუსის მისაღებად ემზადება, როდესაც სამღვდელმთავრო გვირგვინის დადგმაზე უარის უთხრეს და მომაკვდინებელ ცოდვაში დასდეს ბრალი.
საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების გამო არქიმანდრიტ დემეტრეს საკითხი განსახილველად სპეციალურ კომისიას გადაუგზავნა. კომისიას უნდა დაედგინა, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა მომაკვდინებელი ცოდვა სასულიერო პირმა.
ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავრები პატრიარქის ნების წინააღმდეგ წავიდნენ და ილია მეორე დაარწმუნეს, რომ დემეტრე თეთრუაშვილი ეპისკოპოსი არ უნდა გამხდარიყო. სასულიერო პირს ვერც პატრიარქის კარზე ყველაზე გავლენიანი ქალის მოგვარეობამ უშველა.
პუბლიკაციაში წერია, რომ ქართველ სასულიერო პირს კავშირი ჰქონდა რუს მღვდელთან. სტატია გაზეთში დემეტრეს მთავარეპისკოპოსად კურთხევამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა. ხანგრძლივი მოკვლევის შემდეგ მამა დემეტრემ დაადგინა, რომ პუბლიკაცია მის წინააღდეგ შეუკვეთეს და კვალი საქართველოს საპატრიარქომდე მიდიოდა.
ამ სკანდალური ამბის გამოქვეყნებამდე ილია მეორემ დემეტრე თეთრუაშვილის საქმის შესწავლა სპეციალურ კომისიას დაავალა, საგანგებოდ შერჩეულ ოთხ მღვდელმთავარს უნდა დაედგინა იმ ამბის სინამდვილე, რამაც დემეტრე თეთრუაშვილის ცხოვრებაში უდიდესი და უმძიმესი კვალი დატოვა.
სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ვებგვერდზე დღემდე დევს. 2015 წლის 25 მაისს წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტ დემეტრეს საქმე უნდა შეესწავლათ, თუმცა, წლების შემდეგ ირკვევა, რომ კომისია საერთოდ არ შეკრებილა. სინოდის წევრები ამბობენ, რომ დემეტრე თეთრუაშვილის საკითხი საბოლოოდ დახურულია.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი ამ ამბის მოთავე საპატრიარქოში ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავარი, ქორეპისკოპოსი იაკობი იყო. ეს ფაქტი არქიმანდრიტს არ დაუდასტურეს, თუმცა, ქორეპისკოპოსისთვის თეთრუაშვილის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი ისევ პასუხის მოლოდინშია. მისი ეპისკოპოსად კურთხევის თარიღი 2014 წლის 29 ივნისს განისაზღვრა. მას შემდეგ თითქმის 5 წელი გავიდა, ბრალდება კი, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, სინოდის ვერც ერთმა წევრმა ვერ დაადასტურა. პასუხი არც ილია მეორეს არა აქვს.
rustavi2