მმართველი გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას რომ მოითხოვდნენ, ეს ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა უკვე დაადასტურა. თუმცა, როგორც ცნობილია, მოთხოვნის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი უარს აცხადებდა. ჩვენთან საუბრისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რევაზ არველაძე განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა დაეკავებინა ბიძინა ივანიშვილის აღნიშნული თანამდებობა. როგორც არველაძე გვეუბნება, აღნიშნულს შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განმარტება პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე გააკეთა.
,,გუშინ, როდესაც დაიწყო ჩვენი შეხვედრა, სადაც ბახტაძე წარადგინეს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვუთხარი ბატონ ბიძინას, რომ, რაც პარლამენტში ვარ, ყოველთვის მინდოდა, რომ დაბრუნებულიყავით პრემიერის პოსტზე-მეთქი. იმიტომ, რომ საქართველოს ახლა ძალიან ძლიერი ძალა სჭირდება. ისე კარგად არ არის საქმე, როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ, ეს იყო ჩემი შენიშვნა. თუ რატომ არ ბრუნდებოდა ის პრემიერის პოსტზე მან შემდეგნაირად დაასაბუთა _ მისი თქმით, პრემიერის პოსტის დაკავება არ იქნებოდა სწორი, რადგან ამ შემთხვევაში ორივე მხარისთვის, პარტიისთვის და მთავრობისთვის უნდა მიეხედა, ამიტომ, შეიძლება, კარგად ვერც ერთს გაძღოლოდა, რადგან შესაბამისი დრო აღარ ექნებოდა. ჩემი სურვილი იყო ივანიშვილის დაბრუნება პრემიერის პოსტზე, ვფიქრობ, ქვეყნისთვის სჯობდა ამ პოსტზე თავადდაბრუნებულიყო“,_ გვითხრა არველაძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელს ვკითხეთ, რას ფიქრობს მომავალი პრემიერის მამუკა ბახტაძის კანდიდატურაზე? როგორც არველაძე გვეუბნება, ზოგიერთები ვარსკვლავად მოიხსენიებენ, მაგრამ, მისი თქმით, მთავარი მუშაობის შედეგია.
,,მამუკას კანდიდატურას უარყოფითად არ შევაფასებ, რადგან ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა რკინიგზაში მისსაქმიანობას არ ვიცნობ და ფინანსთა სამინისტროში, რამდენიმე თვეა მოსულია, ამიტომ შეფასება ძნელია.ზოგიერთმა იცის ხოლმე მოყოლა, რომ ვარსკვლავი არის, არ ვიცი, ვნახოთ მუშაობის შედეგები როგორი იქნება“,_ განაცხადა არველაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პრემიერის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ბახტაძე წარადგინა.
წყარო gurianews.ge