საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, H1N1-ის  ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ე.წ. ღორის გრიპით 4 ადამიანია გარდაცვლილი აჭარაში. 

დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილ რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. გარდა ამისა, მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ამბობ, რომ კლინიკებში ამჟამად მკურნალობას 130-მდე ადამიანი გადის და მათი უმეტესობა ბავშვია.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.  მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 277 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის საფრთხე კი დგება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება. 

„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 8 ლაბორატორიულად დადასტურებული, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის შემთხვევა, სადაც დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ გრიპის ვირუსის არსებობა, ყველა შემთხვევაში იყო H1N1. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ გრიპის სეზონზე განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, განსაკუთრებით დღეს ეს შტამი, რომელიც ცირკულირებს, ძალიან ვირულენტურია ორსული ქალბატონების მიმართ. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ მიმართონ თავის მეან გინეკოლოგს და ოჯახის ექიმს და იმოქმედონ მათი დანიშნულების მიხედვით,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა
accent.com