სოხუმი 2019 წელს თბილისთან “სხვა პლატფორმებზე ახალი დიალოგის» დაწყებას იმედოვნებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული 2018 წლის შედეგები, მიღწევები და გამოწვევები შეაჯამა.როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე აღინიშნა, 2018 წლის განმავლობაში დე ფაქტო საგარეო პოლიტიკური უწყება ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდა: “რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცება და აფხაზეთის რესპუბლიკის ფართო საერთაშორისო აღიარებაზე მუშაობა”.

საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა დაურ კოვემ წლის მოვლენებიდან სამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოყო, წლის საკვანძო თემად კი სირიის მიერ აფხაზეთის აღიარება დაასახელა. მან უამბო ჟურნალისტებს, როგორ მზადდებოდა ეს აღიარება:

«ეს პროცესი ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როდესაც სირიაში ომი გაჩაღდა და არაერთი ჩვენი უწყება სირიიდან ჩვენი თანამემამულეების გამოყვანის პროცესში ჩაერთო. შედეგად 500 ოჯახი აქ ჩამოვიდა და თავშესაფარი მიიღო. შემდეგ დაიწყო ნაყოფიერი მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, ტარდებოდა სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ ჩავედით მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე დამასკოში, შევხვდით პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. მთელი ეს სკურპულოზური სამუშაო წინ უძღოდა იმას, რომ სირიის არაბულმა რესპუბლიკამ საბოლოოდ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შემდეგ ორგანიზებული იყო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სირიაში, რომლის ფარგლებშიც სამი შეთანხმება გაფორმდა: მეგობრობისა და თანამშრომლობის, ერთობლივი კომიტეტების შექმნის და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ».

კოვემ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთქმედების განმტკიცების მიმართულებით გაწეულ “ნაყოფიერ მუშაობასაც” გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ “რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებს შორის ორი ოფიციალური და სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა”.

დე ფაქტო მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ 2018 წელს ხელი მოაწერა რამდენიმე უწყებათაშორის შეთანხმებას, მათ შორის – “აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაცემისა” და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზური დიპლომების აღიარების შესახებ.

წლის მესამე მიღწევად დაურ კოვემ “რიგ ქვეყნებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ მიმართული ძალისხმევა” და «ამ ქვეყნების ხელმძღვანელობებთან სერიოზული შეხვედრები” დაასახელა. მეტი კონკრეტიკისგან მან თავი შეიკავა, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ ამ მუშაობის შედეგები 2019 წელს გამოჩნდება.

ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მოლაპარაკებათა პროცესთან დაკავშირებით კი კოვემ ასეთი შეფასება გააკეთა:

«წელს ოთხი რაუნდი ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ქართული მხარე არ არის მზად საიმისოდ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმოს. ჩვენ მუმივად აღვნიშნავთ, რომ ქართული მხარის აღნიშნული მიდგომა უკიდურესად არაკონსტრუქციულია. თუ განწყობილი ხარ არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ისინი უშუალოდ აფხაზეთთან უნდა გადაწყვიტო. ჩვენს პრობლემებს ჩვენს მაგივრად ვერავინ გადაწყვეტს. აპელირება იმაზე, რომ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებსაც ჩვენზე ზეგავლენა შეუძლიათ, არასწორია. ვნახოთ, შესაძლოა, 2019 წელს ამის გაგება მოვიდეს და, შესაბამისად, დავიწყოთ რაღაც სხვა პლატფორმებზე რაღაც ახალი დიალოგი».

ამასთან, მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიების პროცესს ვითარებაზე პოზიტიური გავლენაც ჰქონდა:

«მთავარი მიღწევა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ისაა, რომ სადღეისოდ აფხაზეთსა და საზღვრისპირა რაიონში სტაბილური, მშვიდი ვითარებაა, არ არის კონფლიქტური სიტუაცია და არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ ვითარება გამწვავდეს. ეს იმის შედეგია, რომ მხარეები ხვდებიან, საუბრობენ, რაღაცაზე თანხმდებიან. ჩვენთან მუშაობს ცხელი ხაზი, რომელიც მოქმედებას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 6 თვის წინ შევწყვიტეთ მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შესაბამისი სამსახურები ერთმანეთს ეკონტაქტებიან, ყველაფერი საშტატო რეჟიმში ხორციელდება».

კითხვას, რას ელის ახალი 2019 წლისგან, კოვემ ასე უპასუხა:

«ღმერთმა ქნას, არანაირი გამწვავებები აღარ იყოს. ჩვენ იმ გზით მივდივართ, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია. ვაშენებთ საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ჩვენი მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ღიანი ვართ ურთიერთობისთვის, მზად ვართ, ურთიერთობა ვიქონიოთ ყველასთან, მაგრამ ყველა ის, ვინც დაგველაპარაკება, უნდა აცნობიერებდეს ჩვენს სწრაფვასა და მიზანს, ავაშენოთ სამართლებრივი სუვერენული სახელმწიფო. ამ პოზიციიდან მზად ვართ, ყველას ვესაუბროთ».

2018 წელი აფხაზური საგარეო უწყებისთვის საიუბილეო იყო, დე ფაქტო სამინისტრომ 25-ე წლისთავი აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით გადაიღეს დოკუმენტური ფილმი «აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატია: 25 წელი სუვერენული სახელმწიფოს სამსახურში», რომელშიც ოკუპირებული რეგიონის თანამედროვე დიპლომატიის ჩამოყალიბების პროცესია აღწერილი.
accent.com