იზრდება თბილისში რუსული არმიის შემოსვლის რისკიც და სამწუხაროდ ეს რეალობა უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია“- ლევან ვასაძე

ბიზნესმენი და „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე რუსეთის დასავლეთთან სრული სამხედრო კონფრონტაციის საფრთხეზე აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ რელიგიურ ნიადაგზე, რაც კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქის, ბართლომეს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე ცოტა ხნის წინათ გაცხადებულ საკითხს უკავშირდება, კიევში რუსული სამხედრო ძალების შეჭრისა და ამის შემდეგ ამგვარი ქმედების უკვე საქართველოში, სომხეთსა თუ აზერბაიჯანში განხორციელების საფრთხე რეალურია, მით უფრო იმ ფონზე, როცა პუტინის რეიტინგი ეცემა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის საფრთხის შესახებ შეშფოთების გამომხატველი ოფიციალური განცხადებები კეთდება.

„კიევის აღების შემთხვევაში, ექსპონენციალურად [ძალზე დიდად] იზრდება თბილისში რუსული არმიის შემოსვლის რისკიც და სამწუხაროდ ეს რეალობა უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია“, აცხადებს ვასაძე.

მოახლოებული საშიშროების შესახებ მისეულ ხედვას ლევან ვასაძე მორიგი ვიდეომიმართვით აცნობს საზოგადოებას და აღწერს უკრაინის არაერთ სეგმენტად დაყოფილი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას და მიანიშნებს იმ მოახლოებულ კრიზისსა და საფრთხეებზე, რაც მსოფლიოს მართლმადიდებელ სამყაროს და მათ შორის, საქართველოს ეხება.

GUARDIAN.GE გთავაზობთ ლევან ვასაძის „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ „ფეისბუქის“ გვერდზე კვირას, 7 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ვრცელი ვიდეომიმართვის შემოკლებულ ტექსტურ და ვიდეოს სრულ ვარიანტს.

„უკრაინაში ამჟამად არსებობს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობა აღიარებს და რომლის მიტროპოლიტი ონოფრიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ემორჩილება. ამის გარდა, უკრაინაში არსებობს სამი რასკოლნიკური, ანუ განდგომილობაში მყოფი ე.წ. მართლმადიდებლური და ერთი უნიატური, ანუ კათოლიკეებთან გამაერთიანებელი საეკლესიო ორგანიზაცია.

„როდესაც საუბრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეს მხრიდან ე.წ. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე, ყველაზე ხშირად გულისხმობენ ამ განდგომილთა შორის ერთ-ერთის, ე.წ. უკრაინის პატრიარქის, ფილარეტ, საერო ცხოვრებაში მიხეილ დენისენკოს კანდიდატურაზე, მაგრამ აქ ძალიან მძიმე კანონიკური ბარიერი არსებობს. მიხეილ დენისენკო, როგორც ყოფილი მიტროპოლიტი, კანონიკური უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისა, რუსეთის პატრიარქ პიმენის (შენიშვნა: რუსეთის ეკლესიას იგი 1971-1990 წლებში ედგა სათავეში) გარდაცვალების დღეს, 1990 წლის 3 მაისს, რუსეთის ეკლესიის მიერ დასახელებული იქნა პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, როგორც რუსეთში ერთიანი ეკლესიის ყველაზე დიდი მიტროპოლიის მღვდელთმთავარი, მაგრამ უკვე 6 ივნისს, რუსეთის ეკლესიის სინოდის მღვდელთმთავართა კრებამ პატრიარქად აწ გარდაცვალებული ალექსი მეორე აირჩია, კანონიკური პროცედურების სრული დაცვით – 139 ხმით 66-ის წინააღმდეგ, 107 ხმა კი მესამე კანდიდატს არგუნა. სწორედ ამის შედეგად, 91 წელს განუდგა ფილარეტი კანონიკურ ეკლესიას და დაიწყო თვითნებურად მისი ეკლესია-მონასტრების მიტაცება, თავისი მიმდევრების მეშვეობით. ამჟამად, ასეთი ეკლესია-მონასტრების რიცხვი სრულიად უკრაინის ეკლესია-მონასტრების დაახლოებით 1/3-ს შეადგენს. საერთოდ, ამ წლების განმავლობაში მან დიდი წვლილი შეიტანა რუსულ-უკრაინული დაპირისპირების მოვლენებში. ამგვარი ქმედებისათვის, რუსეთის ეკლესიამ 1992 წელს ჩამოართვა მას მღვდელთმთავრის ხარისხი, ხოლო მისი მხრიდან კანონიკურ სამღვდელოებასა და ბერ-მონაზვნობაზე ძალადობისა და ეკლესია-მონასტრების მიტაცების გამო, 1997 წელს საერთოდ განკვეთა და ანათემას გადასცა იგი. ეს კი კანონიკურად ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ის აღარაა არა მხოლოდ არავითარი პატრიარქი, არამედ იმასაც, რომ ის აღარ ითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად. რაც მთავარია, ამ განკვეთასა და ანათემას, რა თქმა უნდა, ყველა მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს, კონსტანტინოპოლის ეკლესიისა და მისი პატრიარქის, ბართლომეს ჩათვლით“, ამბობს ლევან ვასაძე და დასძენს, რომ სახეზეა მსოფლიოს მართლამდიდებლური სამყაროს მოახლოებული კრიზისის საფრთხე, რადგანაც შქმნილია საკმაოდ მძიმე ვითარება და ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მაგალითად საეკლესიო სამართლის ცნობილი სპეციალისტი, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპისკოპოსი ირინეუსი, არ ეთანხმება იმას, რომ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი ასეთ შემთხვევაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრეროგატივაა. ვასაძის თქმით, ირინეუსი თვლის, რომ ამგვარი იციატივით სწორედ რუსეთის ეკლესია უნდა გამოსულიყო, მაგრამ მასაც მოუწევდა სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიების კრების მოწვევა, სადაც ამგვარი საკითხები გადაწყდებოდა.

ლევან ვასაძის განცხადებით, ეს საფრთხე უშუალოდ ეხება საქართველოს და ქართულ სინამდვილესაც.

„საფრთხე კი ასეთია: პატრიარქმა ბართლომემ გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებას უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ იგი უკან არ წაიღებს… ეს თითქმის ავტომატურად ნიშნავს, რომ უკრაინაში გაძლიერდება კანონიკური ეკლესია-მონასტრების ძალით დაპყრობა და მორწმუნეებსა და სამღვდელოებაზე ძალადობა რასკოლნიკების მიერ. ხოლო თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ამგვარი ქმედებები ისეთ სიწმინდეებს შეეხება, როგორებიცაა მაგალითად, კიევო-პეჩორას ლავრა, რომელიც წარმოადგენს რუსული ცივილიზაციის აკვანს და სადაც ათასობით უხრწნელი ბერის მირონმდინარე წმინდა ნაწილები ინახება, ამას სავსებით შესაძლებელია კიევში რუსული ტანკების შევარდნა მოყვეს. ეს იმიტომ რომ, ვლადიმერ პუტინს ძალიან გაუჭირდება, ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რუსი ხალხის თვალში თავისი მმართველობის ლეგიტიმაცია თუ იგი კიევო-პეჩორას ლავრას დააჩაგვრინებს რასკოლნიკებს. ამგვარი მოვლენა კი თავისი მასშტაბით ბევრად აღემატება 11 სექტემბერსაც და აშშ-ის მიერ ერაყის ოკუპაციას და სრულიად ცვლის პლანეტას და მის გეოპოლიტიკურ რეალობას.

პრაქტიკულად ლაპარაკია რუსეთის უკვე სრულ სამხედრო კონფრონტაციაზე დასავლეთთან და კარიბის კრიზისზე უფრო რეალურ საშიშროებაზე ბირთვული ომისა. ნებისმიერ შემთხევაში, ეს ნიშნავს რუსეთის სრულ იზოლაციას დასავლეთისაგან და ე.წ. რკინის ფარდის ახალი ფორმით აღდგენას. ეს ნიშნავს უდიდეს დარტყმას დონალდ ტრამპზე, რომელსაც ლიბერალები ეგრევე მიადგებიან, ასეთ რამეს ჩვენ დროს პუტინი როგორ გაგვიბედავდაო. ეს კი შესაძლოა, ნიშნავდეს „რესპუბლიკელების“ მიერ ორივე პალატის წაგებასა და ტრამპის იმპიჩმენტის საშიშროებასაც კი, რასაც ტრამპი ეცდება რომ არ დაუშვას და საჩვენებლად მკაცრად დაუპირისპირდება რუსეთს ისე, როგორც ეს აქამდე არ მომხდარა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ეს ჩვენზე კარგად იციან, ბართლომესათვის უკრაინული ავტოკეფალიის მრჩეველმა ამერიკელებმა.

 

ამ სცენარში, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვენთან, ვშიშობ, რომ პუტინისათვის აღარაფერი განსხვავება აღარ იქნება, მხოლოდ კიევის დაპყრობისათვის გაილანძღება თუ მასთან ერთად მაგალითად, თბილისის, ბაქოს, ერევნის და სხვათა. ანუ პეჩორას დაცვისას, კიევის აღების შემთხვევაში, ექსპონენციალურად [ძალზე დიდად] იზრდება თბილისში რუსული არმიის შემოსვლის რისკიც და სამწუხაროდ ეს რეალობა უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ამასთან მიმართებაში ძალიან მენიშნა ამას წინათ რუსეთის გენშტაბის განცხადება ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. მაგ ლაბორატორიის საქმიანობა ჩვენშიც ბევრ კითხვას იწვევს, მაგრამ რუსეთის გენშტაბის მხრიდან ამგვარი განცხადება, მე ავისმომასწავებელ ნიშნად მომეჩვენა. ამ ვითარებაში, უდიდესი დარტყმის ქვეშ დგას ჩვენი პატრიარქი. თუ ის კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, როგორც ამას ჩვენი ლიბერალები უკიჟინებენ, მაშინ იგი გააფთრებული რუსეთის რისხვას გამოიწვევს ქვეყანაზე, ხოლო თუ იგი რუსეთის კანონიკურ ეკლესიას მიემხრობა, მან შესაძლოა, ბართლომეს საბაბი მისცეს, რომ აფხაზეთის ე.წ. ეკლესია, კონსტანტინოპოლის პროტექტორატად ან სულაც ავტოკეფალურ ერთეულად აღიაროს. ეს იმ სიღრმისა და სირთულის საეკლესიო საკითხებია, რომელთა საეკლესიო დიპლომატიის სტრატოსფეროს პილოტაჟი მხოლოდ ისეთ ბრძენს შეუძლია, როგორიც ჩვენი პატრიარქია. ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ, რომ ღმერთმა მას ჯანმრთელობა და გამძლეობა მისცეს, ამ რიგით, მერამდენე ქარტეხლის ასარიდებლად ჩვენი ქვეყნის თავზე“, ამბობს ლევან ვასაძე თავის მორიგ ვიდეომიმართვაში.
Guardian.ge
blogeri: giorgi frangishvili.