სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ეკა ბესელიას დაჭერას თვითონ ბატონი ივანიშვილი უპირებდა თავის დროზე და მერე გადაწყვიტა, რომ უფრო გამოადგებოდა პარლამენტში ყველანაირი უმსგავსობის გასაფორმებლად“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ეკა ბესელიას დაჭერას თვითონ „ბიძინა ივანიშვილი უპირებდა თავის დროზე და მერე გადაწყვიტა, რომ უფრო გამოადგებოდა პარლამენტში ყველანაირი უმსგავსობის გასაფორმებლად“. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

სამადაშვილი ამბობს, რომ იგი ეკა ბესელიას საპასუხოდ, რომ იგი იურიდიული კომიტეტის სხდომებს რეგულარულად არ ესწრება, ამბობს, რომ იგი იმის გამო არ დაიოდა სხდომებზე, რომ ბესელია იქ „უმსგავსო და სუსის დაკვეთებს აფორმებს“.

„საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტი არის ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსტთა ბიუროდ გადაქცეული. ქალბატონ ბესელიას დაჭერას თვითონ ბატონი ივანიშვილი უპირებდა თავის დროზე და მერე გადაწყვიტა, რომ უფრო გამოადგებოდა პარლამენტში ყველანაირი უმსგავსობის გასაფორმებლად და იურიდიული კომიტეტი ამისთვის, ამ მიზნით არსებობს დღეს პარლამენტში და გაუგებარია, რაში უნდა ვიღებდე მონაწილეობა, ქალბატონი ბესელიას მიერ უმსგავსო დაკვეთების და სუსის დაკვეთების გაფორმებაში?! რა თქმა უნდა, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ“, აცხადებს სალომე სამადაშვილი.
იგი ირწმუნება, რომ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხი განიხილება.

„ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად, ვიცით, რომ მიმდინარეობს მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ექვივალენტი. ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე. მაგალითად, საკუთარ დედას რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო. ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის ადგილი მის კომიტეტში არ არის, რადგან იგი სისტემატურად აცდენს სხდომებს და „2-ჯერ თუ 3-ჯერ“ მივიდა და ისიც „მხოლოდ დებოშისთვის“.

„როდესაც ის იყო ელჩი და ძალიან მნიშვნელოვან მისიაში, როგორიც არის ბრიუსელი, ევროპის ერთ-ერთი ცენტრია, ეს არის ის წლები, როდესაც მე ჩავდიოდი ბრიუსელში და ჩამქონდა მასალა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, როდესაც ადამიანებს ხოცავდნენ ციხეში, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და აწამებდნენ და ელჩი სამადაშვილი იყო დაკავებული ამ ინფორმაციის გამართლებით და ამ ინფორმაციების და ვითარების გამართლებით. სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს დღეს, რომლის საწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა უფლებადამცველების მხრიდან იმ პერიოდში და ქვეყნისთვის ნამდვილად არ იყო სასარგებლო, რასაც ის აკეთებდა. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, მე უბრალოდ ციფრი დავდე მხოლოდ და ეს ციფრი მეტყველებს – 58 გაცდენილი კომიტეტის სხდომა და რომელზედაც მოვიდა, 2-ჯერ თუ 3-ჯერ მხოლოდ, დებოშისთვის, არც ერთი კანონპროექტი განხილული და წაკითხული. ასე რომ, იურიდიულ კომიტეტში ასეთი დეპუტატების ადგილი ნამდვილად არ არის“, განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
Guardian.ge