ხვალ, 7 იანვარს შობის დღესასწაული აღინიშნება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ტრადიცია არსებობს. ერთ-ერთი გამორჩეული კი, შობის ღამეს ფანჯრის რაფებთან ანთებული სანთლებია.სანთლების ანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციად ქცეული საშობაო ალილოც იმართება.

სიმღერის დასრულების შემდეგ, ალილოს მონაწილეებს მოსახლეობა სანოვაგით ასაჩუქრებს.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.

რაც შეეხება იმას, თუ რა კერძები ამშვენებს საშობაო სუფრას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შობის აღსანიშნავად სხვადასხვა ტრადიციები არსებობს. მაგალითად, გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება, ზოგიერთ კუთხეში კი საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი.

ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა.

სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში მხსნელი დაიბადა.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.
TVM.ge