გოცირიძე: ქართველი სასულიერო პირი, ვინც უკრაინის ავტოკეფალიას არ ემხრობა, რუსეთის ინტერესების გამტარებელია

ამის შესახებ საპარლანეტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება არ არის მხოლოდ რელიგიური მოვლენა.

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობით უდიდეს დარტყმას იღებს რუსული პოლიტიკური ( სახელმწიფოსთან შეზრდილი) და იდეოლოგიზებული მართლმადიდებლობა, რომელსაც რუსეთი იყენებს სხვა ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად, მის პოლიტიკურ ორბიტაზე მოსაქცევად.

რუსეთი ( საერო და სასულიერო) ეწინააღმდეგება რა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, იბრძვის საკუთარი გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა არის უკრაინელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაწილი. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის ვალია იდგეს იქ, სადაც არის ისტორიული სიმართლე.

გადაწყვეტილების მიმღები ყველა ქართველი სასულიერო პირი, ვინც უკრაინის ავტოკეფალიას არ ემხრობა, არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი და საქართველოს ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე”, – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, გუშინ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭერს თუ არა მხარს,  2019 წლის პირველივე სხდომაზე იმსჯელებს.
ipress.ge