ტამიფლუ ევროპაში 5 ევროდ იყიდება, ხოლო საქართველოში მისი ფასი 10-ჯერ მეტია

სააფთიაქო ქსელ პსპ-ში ე.წ. “ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური  პრეპარატი “ტამიფლუ“ 83 ლარად იყიდება.

როგორც სააგენტოს, პსპ-ში განუცხადეს მისი ფასი ფასდაკლების დღეებში (სამშაბათი, პარასკევი) 72 ლარია.

 ტამიფლუ“ ყოველთვის ძვირად იყიდებოდა, რადგან იშვიათი მოხმარების პრეპარატია. მისი პროფილაქტიკის მიზნით მიღება არ შეიძლება და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა. რაც შეეხება მის ფასს, პსპ-ში “ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, ხოლო ფასდაკლების დღეებში 72 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. ის, რომ ევროპაში 5 ევროდ იყიდება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მაგალითად, გერმანიაში მისი ღირებულება 33 ევროს შეადგენს.

ჩვენ “ტამიფლუ“ სახელმწიფოსგან შევიძინეთ და ამის შემდეგ გადავანაწილეთ ჩვენს სააფთიაქო ქსელებში“, – განუცხადეს “2020NEWS“-ს პსპ-ში.

კითხვაზე რა რაოდენობის “ტამიფლუ“ შეიძინეს სახელმწიფოსგან და რა ფასში, პსპ-ში გვიპასუხეს: “ზუსტად რა რაოდენობის არის არ ვიცით, რადგან სახელმწიფომ “ტამიფლუ“ 4 სააფთიაქო ქსელში გადაანაწილა. დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის თანხაზეც, ჯანდაცვის სამინისტროში მოიკითხეთ”, –   გვითხრეს პსპ-ში.

“ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის ყველაზე საჭირო და ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში –  83-დან 100 ლარამდე ღირს.

“პსპ”-ში 10 კაფსულა “ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, “ავერსში“ მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ფარმადეპოში“ და „ჯი-პი- სში“ – 93 ლარი.

როგორც “2020NEWS”-ს პსპ-ში განუცხადეს, “ტამიფლუ“ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ძვირად არ იყიდება და მაგალითად გერმანია მოჰყავთ.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ტამიფლუ“ ევროპაში 5 ევროდ იყიდება, ხოლო საქართველოში მისი ფასი 10-ჯერ მეტია.
Brendnevs.ge