მოქალაქეები ანტივისურულ პრეპარატს უფასოდ მიიღებენ

 

პრემიერმინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ არამარტო რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებას გააცნო.

ახალი ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა, მედიკამენტის გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში მუშაობენ. ექიმს საშუალება ექნება, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, თავად გასცეს მედიკამენტი.

პროცესში ჩართვის შეთავაზება გაუკეთდებათ სააფთიაქო ქსელებსაც. მარაგები, რომლებიც მათ კომერციული რეალიზაციისთვის შეიძინეს (3000 კოლოფი) სამინისტრო გამოისყიდის არა კომერციულ, არამედ მათ შესასყიდ ფასად. აფთიაქებიდან მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ, ფორმა 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

ამ დრომდე, „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემოდა რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის, ექიმის დანიშნულების (ფორმა N100) საფუძველზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.
რისკ-ჯგუფში შედიან: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვები.
accent.com