ეკა ბესელია უკან დახევას არ აპირებს და ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ ამბობს, რომ მალე „საზოგადოება სიმართლეს გაიგებს“

“ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებისშეფასებისას.

 

„რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, განაცხადა ეკა ბესელიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხსა და მმართველ გუნდში არსებული სირთულეებზე განცხადება დღეს გაავრცელა და მასში აღნიშნულია, რომ „გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა“.

 

„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

 

ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.

 

გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი“, აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
Guardian.ge.
 blogeri: giorgi frangishvili.