ყალიბდება თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა და ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ახალ ძალაში ხედავს

საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მალე დადგება, ეს ჯგუფი ახალ ძალაზეც საუბრობს, რომელსაც მათი თქმით სათავეში ზვიად ტომარაძე უდგას.

ყალიბდება თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა და ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ახალ ძალაში ხედავს? ამ თემაზე სასაუბროდ GmTV ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.

-ბატონო ზვიად, თქვენი საზოგადოებრივი აქტიურობიდან გამომდინარე ხალხი ამბობს, ახალი ძალა იქმნება და სათავეში ზვიად ტომარაძე უდგასო. მართალია? და ისე თუ ხედავთ ახალი ძალის არსებობის აუცილებლობას და აქვს შანსი ახალ ძალას? მიიღებს ახალს საზოგადოება?

-პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას მივულოცავ შობა–ახალ წელიწადს და ვუსურვებ ღვთის წყალობას! მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა მიწევს, მე პოლიტიკაში არ ვარ, ჯერჯერობით ისევ საზოგადოებრივი აქტიურობით შემოვიფარგლები. გარდა ამისა, ახალი ძალის შექმნას გარკვეული ფინანსები სჭირდება, შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხალხი რასაც ამბობს –ჭორია. თუმცა ქვეყანაში ისეთი რთული და აუტანელი ვითარებაა, სავარაუდოდ ძალიან მალე მომიწევს პოლიტიკაში წასვლა.

დღეს მხოლოდ ორი პოლუსია, ქოცები და ნაცები, მოსახლეობის უმრავლესობას ეს ორი ძალა გულზე არ ეხეტება, არჩევნების დროსაც იძულებული არიან ამ ორ მავნებლურ ძალას შორის გააკეთონ არჩევანი, ამიტომაც არის მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებზე რომ არ მიდის. ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ ამ ყველაფერს სერიოზული ფინანსები სჭირდება, ფინანსების გარდა ასევე მნიშვნელოვანია ჰქონდეს მაღალი ხარისხის ტელევიზია, სადაც ელემენტარულად თავის სათქმელს მიიტანს მოსახლეობამდე. ფინასების გარეშე შეეჭიდო ძალას, რომელსაც აქვს ამოუწურავი ფინანსური, სახელისუფლებო და მედია რესურსი, წარმატების მიღწევა რთულია…

-თქვენ არაერთი კანონპროექტის ავტორი ხართ, ესწრებით განხილვებს საკანონმდებლო ორგანოში, როგორ ფიქრობთ-ესმის მთავრობას ხალხის?

-მთავრობას ხალხის დიდი ხანია არ ესმის და ეს ბუნებრივია, მთავრობა გაბედავს იმდენს, რამდენის უფლებასაც ხალხი მისცემს, სამწუხაროდ ხალხს ეს მარტივი ჭეშმარიტება გათვითცნობიერებული არა აქვს და მთავრობაც ამით “სარგებლობს”.

-რამდენიმე დღის წინ თქვენ თქვით, რომ აგრძელებთ ბრძოლას “ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვაზე” და საზოგადოებას კიდევ მოიწოდეთ შეკრებისკენ. სანამდე მივა ეს ბრძოლა და ექნება თუ არა შედეგი? საერთოდ, თქვენი აზრით არის თუ არა დღეს საზოგადოება აქტიური და რამდენად აქვს გაცნობიერებული საზოგადეობის ერთად დგომის ძალა?

-დიახ, საინიციატივო ჯგუფი ბინადრობის უფლების გაყიდვის ასაკრძალად ბრძოლას ვაგრძელებთ. სამწუხაროდ ადამინის უფლებათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ჩემს კანონპროექტს. კომიტეტის წევრებმა ვერ გაბედეს წასულიყვნენ კოლეგის ივლიანე წულაიას და პარტიის ხელმძღვანელის კახა კალაძის წინააღმდეგ, მათ არჩევანი გააკეთეს და დაუპირისპირდენენ 35 000 ხელმომწერს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. როდესაც ჩაინიშნება მომავალი განხილვა ამჯერად იურიდიულ კომიტეტში, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ვაიძულოთ პარლამენტარები შეასრულონ ხალხის მოთხოვნა. შედეგი აუცილებლად იქნება თუ ხალხი იაქტიურებს!

-ძლიერი საზოგადოება? აქვს აქტიურობის სურვილი თუ მოიკოჭლებს?

-საზოგადოება აქტიურობაში ნამდვილად მოიკოჭლებს, თუმცა ხალხისაც მესმის პოლიტვაჭრუკანებმა ბევრჯერ მოატყუეს და გააბრიყვეს, თუმცა როდესაც ხედავ ქვეყანა იღუპება, უნდა იბრძოლო სანამ პირში სული გიდგას, მხოლოდ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებულით შესმა საკმარისი არ არის!

-როგორ შეაფასებდით ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობას?

-ქვეყანაში ურთულესი ვითარებაა, ახალგაზრდობას ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი და მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში, საბანკო ვალებში ჩაფლილი არსებობს, ხელისუფლება მარიონეტია და მხოლოდ ქვეყნის გარედან წამოსულ დავალებებს ასრულებს, ფაქტიურად არ არსებობს სფერო სადაც სიტუაცია დალაგებულია…

-თქვენი აზრით-იშლება „ოცნება“ თუ სახეზეა გადათამაშება ძალებს შორის?

-სამწუხაროდ ქართული ოცნება იქცა მავნებელ ძალად რომელიც ხელისუფლებას იმიტომ ინარჩუნებს, რომ ხალხს ნაცების მობრუნება არ უნდა.

-როგორია თქვენი პროგნოზი, ვადამდელი არჩევნები იქნება და არის თუ არა ოპოზიცია ძლიერი?

-ვინაიდან მომავალ არჩევნებამდე დარჩენილია მცირე დრო, წელიწადი და 9 თვე არამგონია ვადამდელი არჩევნები მოსალოდნელი იყოს. ძლიერი ოპოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს.

-აპირებთ თუ არა მომავალ საპარლამენტი არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას ?

-41 წლის ვარ და კანდიდატად არცერთ არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა, ამჯერად დიდი ალბათობით არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, თუმცა რა ფორმით, მაჟორიტარულად თუ პარტიული კუთხით ამაზე ჯერ პასუხი არ მაქვს.

ნურავინ იფიქრებს რომ ყველაფერი თავისით დალაგდება, ან სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, უნდა ვიბრძოლოთ და ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი!
gmtv.ge