სალომე ზურაბიშვილი – დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ღირებულია

დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ღირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართა.

ამასთან, პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და დროშის მნიშვნელობაზე ესაუბრა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რომელიც თავდაცვის სამინიტროს ორკესტრმა შეასრულა.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. ეს დღე აქ აღინიშნება იმით, რომ პირველად ორბელიანის სასახლეზე აღიმართება სახელმწიფო დროშა. ამით ვარ ბედნიერი. სახელმწიფო დროშა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამაზე მიწევს ახალგაზრდებთან საუბარი, რამეთუ ეს დროშა არის მომავლის დროშა. ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც სახელმწიფოსთვის, ერისთვის არის მისი მთელი ისტორიის ამსახველი. არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართველები. პირადად მე გავიზარდე სამფეროვანი დროშის ქვეშ უცხოეთში, როცა იმას არ ჰქონდა სახელმწიფო დროშის დატვირთვა და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ექნებოდა სახელმწიფო დროშა. ეს დროშა დღეს არის ჩვენი სახელმწიფო დროშა. მას უნდა ვცეთ პატივი, რაც არის ქვეყნის პატივისცემა. სადაც არ უნდა იყოთ მომავალში, ამ დროშის ქვეშ უნდა ჩათვალოთ, რომ ხართ საქართველოს ელჩები. უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მას შეეფერება. ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები აქ და ქვეყნის გარეთ, ჩვენი მესაზღვრეები, მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე. მას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები. ამ დროშის ქვეშ დაგვაქვს ჩვენი კულტურა, რომელიც არის ჩვენი საგანძური და რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ, არანაკლებად ვიდრე დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული“, – მიმართა  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შეკრებილ მოსწავლეებს.
1tv.ge. blogeri: giorgi frangishvili.